მთავარი მთავარი თემა განათლება მოტივაციის როლი სწავლების პროცესში – თამარ გაგოშიძის რამდენიმე რჩევა

მოტივაციის როლი სწავლების პროცესში – თამარ გაგოშიძის რამდენიმე რჩევა

ბავშვებს, ისევე როგორც მოზრდილებს, რაიმე საქმის კეთების სურვილი მაშინ უჩნდებათ, როცა შესაბამისი პროცესი სასიამოვნოა და არა იძულებითი. უბრალოდ პატარებს დიდებისგან განსხვავებით, ნაკლები ნებისყოფა აქვთ. ზოგიერთი ბავშვი რეპეტიტორთან ძალიან პატარა ასაკიდან დადის. მშობლებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ იმისათვის, რომ შვილებმა მეცადინეობა დაიწყონ. ხშირად მხოლოდ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვსაზღვრავთ, თუ როგორი მეთოდებით უნდა ვასწავლოთ ბავშვებს.

თამარ გაგოშიძე, ფსიქოლოგია, ლექცია, მოზარდი, ბავშვი, მშობელი

ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის აზრით, იმისათვის, რომ ბავშვებმა სწავლისგან მეტი სიამოვნება მიიღონ, უფროსებმა მათთან დამოკიდებულებისას შემდეგი ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ:

ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა

– პატარა ბავშვი გარემოს მიმართ პირდაპირი, ღია და გამჭვირვალეა. ისინი ისეთ ცხოვრებისეულ დეტალებს ამჩნევენ, რასაც ჩვენ ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევთ, ამიტომ შეკითხვა  – რატომ? მათგან ხშირად ისმის, რაზეც მშობლები ბრაზდებიან ხოლმე. ბავშვი ერთსა და იმავე შეკითხვას რამდენჯერმე იმიტომ იმეორებს, რომ ერთსა და იმავე საკითხს სხვადასხვა მომენტში სხვადასხვანაირად დააკვირდა. ჩვენი სიბრაზის შედეგია ის, რომ ბავშვებს სკოლაში შეკითხვის (რომელსაც ხშირად სულელურ შეკითხვას უწოდებენ) დასმა ერიდებათ. აქედან გამომდინარე, ნერვების მოშლის ნაცვლად, ბავშვებს ცნობისმოყვარეობა პატარა ასაკიდან უნდა დავუკმაყოფილოთ. ეს მათ სიამოვნებას მიანიჭებს და სწავლის მიმართ მეტი ინტერესი გაუჩნდებათ.

ინტერესი

– ზოგჯერ მშობლებს ჰგონიათ, რომ მათ ყველაზე უკეთ იციან, თუ რა სჭირდებათ შვილებს სამომავლო კარიერისთვის. ისინი საკუთარ წარმოდგენებსა და სურვილებზე არიან ფოკუსირებულები, ხოლო ბავშვის მიდრეკილებებს ნაკლებად ითვალისწინებენ. მაგალითად, ბავშვს მათემატიკაზე მეტად შეიძლება სიმღერა, ხატვა ან სხვა საგანი მოსწონდეს. პატარები სხვადასხვა სასწავლო წრეზე სიარულს იმიტომ არ აპროტესტებენ, რომ მათთვის მშობელი ავტორიტეტია – რაც მოსწონს მშობელს, ის მოსწონს მის შვილს.

არიან მაღალი მოსწრების ბავშვები, რომლებსაც მშობლები სწავლის მხრივ გადამეტებულად ბევრს სთხოვენ. შედეგად ბავშვებს ნევროტული რეაქციები – ტიკები, ღამის ენურეზი(შარდის ბუშტის უნებლიე დაცლა), შიშები, ალოპეცია(თმის ცვენა), აკვიატებები და სხვა გამოვლინებები ეწყებათ. მშობლები თვლიან, რომ რადგან მათი შვილი ნიჭიერია, მან ყველაფერი უნდა შეძლოს – სხვადასხვა ინტერესი ჰქონდეს და საკუთარი უნარები არაერთ სფეროში გამოავლინოს.

გარდატეხის ასაკთან ერთად ახალგაზრდებს პროტესტის გრძნობა უჩნდებათ და მშობლების სურვილების იგნორირებას ცდილობენ. უმეტესად მშობელს ხათრს ვერ უტეხენ, თუმცა სწავლის მიმართ ინტერესს კარგავენ. ალბათ, ხშირად გსმენიათ ისეთი გამონათქვამები, როგორიცაა:  „ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“, „მიზეზები არ ელევა“, „ყველაფერი მალე ბეზრდება“ და სხვა, რაც თავისთავად არასწორია.

თვითკომპეტენტურობის
განცდა

– როდესაც ბავშვი ლაპარაკს და გარემოს ათვისებას იწყებს, ის კვლევის პროცესშია – ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება უჭირს, ასევე ხიბლავს სხვადასხვა ნივთის ჩამოგდება, გამოშიგვნა ან გატეხვა. ამას იმიტომ აკეთებს, რომ აინტერესებს, მის ქმედებას რა შედეგი მოჰყვება. თუ დაბრკოლება შეაფერხებს, ის ან უკან დაიხევს, ან წამოწყებულ საქმეს სხვადასხვა ხერხით ბოლომდე მიიყვანს. დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობა ზრდასრულ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა. უფროსები ზოგჯერ ბავშვების გასაკეთებელ საქმეს საკუთარ თავზე იღებენ. ამ გზით ბავშვებისთვის დაბრკოლების თავიდან არიდებას ცდილობენ. ბევრი მათგანი შვილებს იმასაც არ ასწავლის, როგორ უნდა გადალახონ დაბრკოლება სხვადასხვა სიტუაციაში, შედეგად ბავშვები ისტრესებიან, თუმცა ისეთ სტრესულ გარემოში, როგორშიც უფროსებს უწევთ ცხოვრება, ბავშვების პერსონალური დაბრკოლება მათ მნიშვნელოვნად არ მიაჩნიათ.

თუ ბავშვს პრობლემის გადალახვა უჭირს, შესაძლებელია დახმარებისთვის ახლობელს მიმართოს, თუმცა ქართულ საზოგადოებაში ჩვეულებრივი შემეცნებითი აქტივობის დროს სხვისთვის დახმარების თხოვნა სირცხვილის ტოლფასია და ინტელექტუალურ სისუსტეზე მიანიშნებს. სინამდვილეში მას, ვისაც სწავლაში მიღწევები აქვს, შეიძლება მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები არ ჰქონდეს. მიღწევა დაგეგმვასთან, ყურადღებასთან, მიზნის განსაზღვრასთან და სხვა ფაქტორებთანაა დაკავშირებული. ზოგიერთ ბავშვს „დაბალი ინტელექტის იარლიყს“ ვაწებებთ, რის შემდეგაც ის სწავლის მიმართ მოტივაციასა და თვითკომპეტენტურობის განცდას კარგავს. მას მხოლოდ იმიტომ აღარ სურს ცხოვრებისეულ გამოკვლევებში მონაწილეობა, რომ ცნობისმოყვარეობა მისთვის მტკივნეული ხდება – ის შეიძლება სულელად ჩათვალონ.

ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის ქეროლ დვექის (Carol Dweck) წიგნში – Mindset კარგადაა აღწერილი, რომ შემეცნების პროცესი შეცდომების გარეშე წარმოუდგენელია. მშობლებს ისეთი განწყობა უნდა ჰქონდეთ, რომ ბავშვებმა შეცდომის დაშვება გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობად აღიქვან. სამწუხაროდ, ადამიანები უმეტესად საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, ამიტომ ბავშვებს შეცდომების დაშვების ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თვითკომპეტენტურობის განცდა კიდევ უფრო დაქვეითდება, ასევე, ახლის წამოწყების, ნაბიჯის წინ გადადგმისა და გადაწყვეტილებების მიღების შეეშინდებათ.

თვითკომპეტენტურობის განცდა ბავშვს ვერ ჩამოუყალიბდება, თუ მას ავტორიტეტული ადამიანები (მშობლები და მასწავლებლები) ხელს არ შეუწყობენ. უფროსებს მუდმივად უნდა ჰქონდეთ იმის მოლოდინი, რომ ბავშვი საკუთარ შესაძლებლობებს გამოავლენს. ვიდრე ბავშვები წერა-კითხვას შეისწავლიან, ჯერ უფრო რთული საკითხი – საკუთარი თავის რწმენა უნდა ისწავლონ. მშობლები ბავშვის მიდრეკილებებს ზედმიწევნით უნდა დააკვირდნენ და მოახერხონ ის, რომ მათი შვილების შესაძლებლობები გამოვლინდეს.

მშობლების უმრავლესობამ არ იცის, რომ სწავლების მიზანი მიღწევა არ არის. სწავლება პროცესია, ხოლო მიღწევა – შედეგი. ზოგიერთ სკოლაში კლასები ერთმანეთს მიღწევაში ეჯიბრებიან. ასეთ სკოლაში ბავშვისთვის სწავლა ძალიან რთულია. პატარები მიღწევაში მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ეჯიბრებოდნენ, ამიტომ მშობელი საკუთარი შვილის სხვასთან ან მის მეორე შვილთან შედარებასაც უნდა ერიდებოდეს.

თამარ გაგოშიძე, ფსიქოლოგია, ლექცია, მოზარდი, ბავშვი, მშობელი

„მშობლები ამბობენ: მაინც ვერ გააკეთებს, მასწავლებლების აზრით კი, სუსტი მოსწავლეა. ჩემთან 7 წლის ბავშვი მოიყვანეს, რომელიც კარგად სწავლას ვერ ახერხებდა. თვითონ მითხრა, რომ სუსტი მოსწრების ბავშვი ვარო. სავარაუდოდ, მან ასეთი შეფასება უფროსებისგან მოისმინა“,- ამბობს თამარ გაგოშიძე

პასუხისმგებლობის გრძნობა და არჩევანის შესაძლებლობა

– თანამედროვე მსოფლიოში კომპიუტერული ტექნოლოგიები ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ განათლების მიღების მეთოდები ფუნდამენტურად იცვლება. ადრე რაც შეიძლება მეტი ცოდნის დაგროვება იყო მნიშვნელოვანი, რომ ინფორმაცია საჭირო მომენტში გამოგვეყენებინა. დღეს კი ინფორმაციის წყარო ინტერნეტია, რაზეც წვდომა თითქმის ყველა ჩვენგანს აქვს. საუნივერსიტეტო და სასკოლო სილაბუსები გადატვირთულია ინფორმაციით, რომლის გადამუშავება ბავშვებისთვის წარმოუდგენლად რთულია.

მშობლები უფრო მეტ ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ ბავშვებმა მიღებული ცოდნით სამომავლოდ კარგი სამსახური და ფული იშოვონ. არაერთი ნიჭიერი ადამიანი ორ უნივერსიტეტს ამთავრებს, მაგრამ კარიერას ვერ იქმნის. მეორე მხრივ, არიან საშუალო შესაძლებლობების ადამიანები, რომლებიც კარიერული თვალსაზრისით შეიძლება წარმატებულად ჩავთვალოთ.

ხშირად უფროსებს არ სჯერათ ხოლმე, რომ შვილები საკუთარ თავს დამოუკიდებლად დაიმკვიდრებენ, არადა ბავშვებს პასუხისმგებლობის გრძნობა და არჩევანის შესაძლებლობა სჭირდებათ. მათ თვითონ უნდა გააკეთონ საკუთარი საქმე. თუ თავს ვერ გაართმევენ, პასუხისმგებლები თავადვე იქნებიან და არა მშობლები. მათ უნდა ჰქონდეთ შეცდომის დაშვების  და შესაბამისად, წინააღმდეგობების დამოუკიდებლად გადალახვის უფლება. უფროსებს კი პატარების მიმართ იმაზე მეტის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ, რა შესაძლებლობებიც მათ რეალურად გააჩნიათ.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Pepper

გაზიარება