მთავარი მთავარი თემა განათლება სამთო გამყოლი – სწავლება განახლებულ სკოლაში

სამთო გამყოლი – სწავლება განახლებულ სკოლაში

საქართველოში თავგადასავლების მოყვარული ტურისტების რაოდენობამ ბოლო ათი წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა. მათ უმრავლესობას საკურორტო ზონიდან მოშორებით გასვლა სურს, რაც გამყოლის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. პროფესიონალი გამყოლის ანაზღაურება საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ამ სფეროში დასაქმების მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. მაღალი კონკურენციის ფონზე კვალიფიკაციის ამაღლება ბევრისთვის მნიშვნელოვანია, რაც საქართველოში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო სკოლაშია შესაძლებელი.

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში სასწავლო პროგრამა სხვადასხვა (22) მოდულისგან შედგება, მათ შორის არის სრიალის ტექნიკა და მეთოდიკა, ორიენტირება-ნავიგაცია, საზვავე უსაფრთხოება, პირველადი გადაუდებელი დახმარება, საქართველოს მხარეთმცოდნეობა, უცხო ენა და ა. შ. სწავლების პროცესში თეორიულ ნაწილს ცოტა დრო ეთმობა. ძირითადად, კლდეზე ცოცვას სწავლობენ, თხილამურებით სრიალებენ, გადაადგილების მარშრუტებს გეგმავენ  და სხვა მათთვის მნიშვნელოვან პრაქტიკულ უნარებს ეუფლებიან. პრაქტიკული სწავლება გუდაურშიც მიმდინარეობს, სადაც სპეციალურად სტუდენტებისთვის სასწავლო ბაზა ააშენეს.

გამყოლის პროფესია კატეგორიებად იყოფა: საფეხმავლო გამყოლს ყველაზე დაბალი კომპეტენცია აქვს, რადგან ის უმეტესწილად, მარკირებულ საფეხმავლო მარშრუტებზე გადაადგილდება. კვალიფიკაციით უფრო მაღალ საფეხურზე დგას სათხილამურო გამყოლი და ასევე, ალპური გამყოლი – მთამსვლელი, რომელიც ჯგუფებს მხოლოდ ზაფხულის მარშრუტებზე ემსახურება. სამთო გამყოლი ყველაზე კომპეტენტურად მიიჩნევა, რადგან მას მუშაობა ნებისმიერ პირობებში შეუძლია.

პროფესიონალი გამყოლი საზვავე უსაფრთხოებაში კარგად ერკვევა; ზუსტად იცის, რამდენად უსაფრთხოა მოცემული ფერდობი გადასაადგილებლად ან სასრიალოდ. ის ერუდირებულია და მასთან ერთად მოგზაურობა საინტერესოა, რადგან პიროვნულ მახასიათებლებთან ერთად, საკმარის ინფორმაციას ფლობს ფლორის, ფაუნის, ძეგლებისა და სხვა ღირშესანიშნაობების შესახებ.

როგორც წესი, მაღალ მთაში მოგზაურობისას წონაში სწრაფად იკლებენ, ამიტომ გამგზავრებამდე მთამსვლელები ორგანიზმს ბევრ ცხიმს აწვდიან. მათთვის ასევე მნიშვნელოვანია: კარგი კვება, ვიტამინები, ორგანიზმის გამოშრობის წინააღმდეგ დიდი რაოდენობის სითხის მიღება და ფიზიკური მომზადება. ისინი ფსიქოლოგიურ მზადყოფნასაც დიდ ყურადღებას უთმობენ და უარყოფითი ემოციების ფონზე თითქმის არასოდეს მგზავრობენ, რადგან თანხმლებ პირებზე პასუხისმგებლობის აღებას ძლიერი ყურადღების კონცენტრაცია სჭირდება.

საშუალოდ, სათავგადასავლო გამყოლის ანაზღაურება დღეში 150-დან 250 ევრომდე მერყეობს. შესაბამისად, მისი სამუშაო აღჭურვილობაც საკმაოდ ძვირი ღირს და ყოველწლიურად ახლდება. ამ პროფესიის წარმომადგენლებს სამუშაო თითქმის ყოველდღიურად აქვთ. ამჟამად, მათი კლიენტების 98%-ს უცხოელი ტურისტები წარმოადგენენ.

თანამედროვე გამყოლებისთვის რეპუტაცია გადამწყეტ როლს თამაშობს. 2020 წლისთვის მოსალოდნელია, რომ საქართველო საერთაშორისო გამყოლთა ასოციაციის (IFMGA) წევრი ქვეყანა გახდეს, რაც ძალიან პრესტიჟულია. სწავლის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს საერთაშორისო აღიარების მქონე სერტიფიკატი გადაეცემათ, რითაც სხვა ქვეყნებში დასაქმების უფლებასაც მოიპოვებენ.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Pepper

გაზიარება