მთავარი მთავარი თემა განათლება საფრენოსნო მომზადება – ექსტრემალური პროფესია

საფრენოსნო მომზადება – ექსტრემალური პროფესია

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტის მეთაურებს – მფრინავებს, საკმაოდ საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულება უწევთ. საფრენოსნო მომზადებაზე, სადაც წარმატებულ მფრინავებად ერთეულები ყალიბდებიან, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

საქართველოში თვითმფრინავის მართვის შესწავლა რამდენიმე ეტაპისგან შედგება. საფრენოსნო მომზადების სასწავლო პროცესი 4 წლიანია. ის საბაზისო და პროფესიული საგნებისგან შედგება. თოთხმეტი პროფესიული საგანი (საჰაერო ხომალდის აგებულება, რადიონავიგაცია, საექსპლუატაციო პროცედურები და სხვა) საჰაერო ტერმინოლოგიასთან ერთად, რომლებსაც მომავალი მფრინავები უშუალოდ საქმიანობის დროს იყენებენ, ინგლისურ ენაზე ისწავლება. სწორედ ინგლისური მიიჩნევა ავიაციაში საერთაშორისო ენად, ამიტომ სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია მისი მაღალ დონეზე ფლობა.

საფრენოსნო მომზადება, პილოტი, საავიაციო, ფრენა, თვითმფრინავი კარგი მფრინავი განსაკუთრებული კონცენტრაციის უნარითაც უნდა გამოირჩეოდეს, რომ გაუთვალისწინებელი ვითარების დროს, კრიტიკული გადაწყვეტილების მიღება შეძლოს. ასეთი და სხვა მნიშვნელოვანი უნარების ჩამოყალიბება სწავლების პროცესში ჯერ თეორიულად, ხოლო შემდეგ პრაქტიკული ფრენების დროს ხდება. სხვადასხვა კლიმატურ პირობებში, სტუდენტები პრაქტიკულ ფრენებს (150 საათი) ინსტრუქტორთან ერთად გადიან. ყოველი გაფრენა თავის მხრივ „უნიკალურია“. ის დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე, წნევაზე, ქარზე და სხვა ბუნებრივ მოვლენაზე, რაც დღის განმავლობაში ცვალებადია. https://www.youtube.com/watch?v=b5FUYzqEPII თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული ფრენები მფრინავად ჩამოყალიბების პირველი ეტაპია. სწავლების დასრულების შემდეგ, სტუდენტზე კომერციული პილოტის მოწმობა გაიცემა, რომელიც ICAO (Internationl Civil Aviation Organization) სტანდარტს აკმაყოფილებს. ამ მოწმობით ქართველი მფრინავების დასაქმება ძირითადად საქართველოში ხდება, თუმცა, საზღვარგარეთ მუშაობის დაწყების მსურველებს, შესაბამისი ქვეყნის ავიაკომპანიის მოთხოვნების დაკმაყოფილება უწევთ. პირობები ამა თუ იმ  ქვეყანაში ინდივიდუალურია. მაგალითად, ევროპასა და ამერიკაში მფრინავს ყველა საგნის, მათ შორის ინგლისურის ხელახლა ჩაბარებასა და ფრენაში ტესტირების გავლას ავალდებულებენ; სომხეთსა და ყაზახეთში მხოლოდ სამედიცინო მოწმობას ითხოვენ და ა.შ.

საფრენოსნო მომზადება, პილოტი, საავიაციო, ფრენა, თვითმფრინავი მფრინავებმა დასაქმებამდე კონკრეტული ხომალდისთვის გადამზადებაც უნდა გაიარონ. სამწუხაროდ ჩვენთან გადამზადება ყველა სასურველ ხომალდზე შეუძლებელია და ამ პროცესს ისინი საზღვარგარეთ გადიან, ხარჯებს კი ძირითადად დამსაქმებელი ავიაკომპანიები ფარავენ. მფრინავები მეთაურობამდე დამხმარე პილოტის პოზიციაზე მუშაობენ, ხოლო ჰაერში 1500 საათის გატარების შემდეგ, მეთაურის პოზიციის დაკავებაც შეუძლიათ. ვინაიდან მფრინავის კარიერაში მეთაურის პოზიცია უდიდეს პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, ზოგი მთელი კარიერის განმავლობაში, დამხმარე პილოტად დარჩენას ამჯობინებს.

საფრენოსნო მომზადება, პილოტი, საავიაციო, ფრენა, თვითმფრინავი მუშაობის დაწყების შემდეგ პილოტი წელიწადში ორჯერ სრულპილოტაჟიან საწაფზე მიდის და ავარიული ქმედებების სწავლებას გადის. სასწავლო პროგრამაში შედის: სახიფათო ტვირთების მომზადება, საჰაერო უშიშროება, ევაკუაცია, ცეცხლის ქრობა, თვითმფრინავის წყალზე დასმა და სხვა. თუ  მფრინავმა გამოცდა წარმატებით ვერ ჩააბარა, მას თეორიული ცოდნის ამაღლების კურსებს უნიშნავენ. აღსანიშნავია, რომ კარგი მფრინავი ფრენისას კურსს 150 ფუტზე მეტად არ სცილდება და თვითმფრინავის მიწაზე კომფორტულად დაშვებით გამოირჩევა.

საფრენოსნო მომზადება, პილოტი, საავიაციო, ფრენა, თვითმფრინავი მფრინავის ანაზღაურება საქართველოში თვეში 2 000 $-დან 12 000 $-მდე მერყეობს, ხოლო ზოგიერთ ავიაკომპანიაში (საზღვარგარეთ) 30 000 $-ზეც შეიძლება ავიდეს. მფრინავის საპენსიო ასაკი 50 წლიდან იწყება, მაგრამ თუ დამხმარე პილოტი მასზე მინიმუმ 5 წლით უმცროსია, მეთაურს შეუძლია თვითმფრინავი 65 წლამდე მართოს.

საფრენოსნო მომზადება, პილოტი, საავიაციო, ფრენა, თვითმფრინავი პილოტების ცხოვრებაში სწავლება მთელი კარიერის განმავლობაში გრძელდება. ავიასიმულატორის დახმარებით ვირტუალურ სივრცეში, მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით დაფრინავენ. სპეციალურად სტუდენტებისთვის არსებობს ვებგვერდი, სადაც თოთხმეტი პროფესიული საგნიდან, 16 000-ზე მეტი სასწავლო შეკითხვაა ატვირთული (განმარტებებით). მფრინავის პროფესიის დაუფლება, ნებისმიერი სტუდენტისთვის გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ის მუდმივ ფსიქოლოგიურ მზადყოფნასა და საქმის მიმართ განსაკუთრებულ ერთგულებას საჭიროებს.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Pepper

 

გაზიარება