მთავარი ღონისძიება ფესტივალი ტექნოლოგიური ფესტივალი – Devfest 2019

ტექნოლოგიური ფესტივალი – Devfest 2019

თბილისში 8 სექტემბერს ტექნოლოგიური ფესტივალი Devfest გაიმართა, რომელიც გუგლის დეველოპერთა ჯგუფმა ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის შექმნა. ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამომსვლელები უშუალოდ კომპანია გუგლის თანამშრომლები და აკრედიტირებული ექსპერტები იყვნენ.

ჰავრა მილანი – კომპიუტერული მეცნიერებების მასწავლებელი

წელს Devfest-ის მონაწილეებმა განიხილეს ფინანსური ტექნოლოგიები (Fintech), Cloud სერვისები, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა ანალიტიკა და ა.შ. პარალელურად პრაქტიკულ სემინარებშიც მონაწილეობდნენ, სადაც უშუალოდ კოდთან მუშაობას სწავლობდნენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდნენ. ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე სალომე ვახტანგაძე კომპანია გუგლის ნიუ-იორკის ოფისში ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა: „დეველოპერების „სამყაროში“ ხშირად ახსენებენ ხელოვნურ ინტელექტს, მანქანურ სწავლებასა და ბლოქჩეინს. ბლოქჩეინი მონაცემების დაცვას უზრუნველყოფს, მას იმაზე ხშირად იყენებენ,  ვიდრე საჭიროა, რადგან მოდურია და პოპულარულიც“.

ერთ-ერთმა ექსპერტმა ჰავრა მილანმა ხელოვნური ინტელექტი განიხილა, ის ლონდონში სკოლის მოსწავლეებს კომპიუტერულ მეცნიერებებს ასწავლის: „Google Assistant-ს ახლა უმეტესად სამუშაო დღის დასაგეგმად იყენებენ, თუმცა ახლო მომავალში ის სატელეფონო კავშირს დაამყარებს და შეხვედრის დაგეგმვასაც შეეცდება. ასეთი ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებას კიდევ უფრო მეტად გააიოლებს“.

ფესტივალის ფარგლებში პროგრამირების სფეროსთვის უფრო სპეციფიკური თემებიც განიხილეს. Devfest მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქვეყანაში საშემოდგომოდ ტარდება. ის საუკეთესო საშუალებაა პროფესიონალი თუ დამწყები პროგრამისტებისთვის, რომ მნიშვნელოვანი კონტაქტები დაამყარონ, გაეცნონ უცხოელ თუ ქართველ ექსპერტებს და მათი დახმარებით უფრო მეტად განვითარდნენ.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Pepper

გაზიარება