მთავარი მთავარი თემა განათლება ბავშვების ინტერესი ახალი თანამედროვე წიგნების მიმართ

ბავშვების ინტერესი ახალი თანამედროვე წიგნების მიმართ

საქართველოში საბავშვო წიგნების მიმართ ინტერესი იმდენად მაღალია, რომ, მაგალითად, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ ერთი წლის განმავლობაში გამოცემული სამასამდე წიგნიდან, უმეტესი ნაწილი სწორედ საბავშვო საკითხავია. საბავშვო წიგნების არჩევანი დიდია, ამიტომ მათი შერჩევისას დამწყები მკითხველისთვის დაფიქრება და უფროსებთან კონსულტაცია მნიშვნელოვანია.

ნათია ფურცელაძე, წიგნი, კითხვა

წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, სკოლებში სხვადასხვა აქტივობაც იმართება. ერთ-ერთი პროექტი, „ყველაზე წიგნიერი“, უკვე მეხუთე წელია, აქტუალურია. პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ინდივიდუალური და გუნდური კონკურსები ტარდება, ბავშვები წინასწარ განსაზღვრულ წიგნებს კლასში და თავისუფალ დროს კითხულობენ, ხოლო მოგვიანებით წიგნებიდან სხვადასხვა ეპიზოდს ხატავენ, პერსონაჟებს წერილობით აღწერენ, ვიდეომიმოხილვებს ამზადებენ და შეჯიბრებებშიც იღებენ მონაწილეობას.

წიგნიერების დონის ამაღლების პროცესში ზოგიერთი პედაგოგი აქტიურად ერთვება. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნათია ფურცელაძემ დახვეწა წიგნთან სამუშაო ისეთი ნიშანთა სისტემა, რომელსაც მისი მოსწავლეები აქტიურად იყენებენ – ბავშვები მათთვის გაუგებარ სიტყვას, ნაცნობ ინფორმაციას თუ რაიმე მნიშვნელოვანს წიგნში, ტექსტის გასწვრივ სპეციალურ ნიშანს მიუსადაგებენ, რაც კითხვის პროცესს ბევრად უფრო სახალისოს ხდის და ტექსტის გაანალიზებას ამარტივებს.

ნათია ფურცელაძე, წიგნი, კითხვა

ისეთი თანამედროვე საბავშვო წიგნები, როგორიცაა ჯეფ კინის „წრიპა ბიჭის დღიური“, ნილს სიმეონის „14 კრისტალის თეორია“, ინგუნ თონის „ულისი“, ჯენიფერ ბელის „მიწისქვეშელები“ იოლად არის გადმოცემული, სახალისოა და კითხვის მიმართ ინტერესსაც აჩენს. ბავშვები საშუალოდ რვა წლის ასაკში ახერხებენ წიგნების უკვე დამოუკიდებლად, საკუთარი ინტერესების მიხედვით შერჩევას.

საქართველოს ზოგიერთ სკოლაში ისეთ ბიბლიოთეკასაც ნახავთ, სადაც უკვე მოძველებული წიგნები ინახება, რომლებსაც ბავშვები თითქმის არასდროს კითხულობენ – მათ ახალი და თანამედროვე წიგნები მოსწონთ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ასეთ სკოლებში მეტ ყურადღებას გამოიჩენენ და შეძლებისდაგვარად ბიბლიოთეკის განახლებას შეეცდებიან.

გაზიარება: