მთავარი სოციალური ცხოვრება პიროვნება ზურაბ ანთელავა: „თუ ადამიანს სიყვარული არ გააჩნია, დილით ვერ გაიგებს, რატომ გათენდა“

ზურაბ ანთელავა: „თუ ადამიანს სიყვარული არ გააჩნია, დილით ვერ გაიგებს, რატომ გათენდა“

როგორც ყველა „საბჭოთა ბავშვი“, მეც კოსმოსში გაფრენაზე ვოცნებობდი, რადგან მოგეხსენებათ, მაშინ გაგარინი კოსმოსში გაფრინდა – სასწაული იყო!.. მერე ფეხბურთელობა მინდოდა, რადგან „დინამომ“ ოქროს მედალი მიიღო… ძირითადად, მაინც იმ პროფესიის დაუფლება მსურდა, რასაც ხელი მოვკიდე და დღემდე ამ სფეროში ვარ.

თეატრი ის სამყაროა, რომელიც საშუალებას მაძლევს, საათ-ნახევრის განმავლობაში, იმ საზოგადოებაზე, რომელსაც თუნდაც, „ელიტური“ ჰქვია, მეტრ-ნახევრით მაღლა ვიდგე და ცხოვრება ვასწავლო.

აფხაზეთი ჩემი გულის კედელია, რომელიც მტკივა და სიგიჟემდე მიყვარს! მას არავის და არასდროს დავუთმობ…

ემიგრაციაში ყოფნამ ბევრი რამე მასწავლა, რაც აუცილებელი არ იყო, ჩემს კისერზე გადასულიყო – სხვისი გამოცდილებით და წიგნებიდან მაინც უნდა მცოდნოდა; მასწავლა ის, რომ ადამიანი საკუთარ თავზე უფრო მეტად უნდა იყო დაყრდნობილი, ვიდრე სხვაზე. ერთმანეთის გატანაზე ძვირფასი და ძლიერი ადამიანებისთვის არაფერი ყოფილა… კიდევ ის მასწავლა, რომ როცა ცხოვრებაში ჭრილობას მიიღებ, თავად უნდა შეიხვიო და შეიხორცო – სხვა არ უნდა შეაწუხო, რადგან მაინც არ გაგიგებენ…

როდესაც ბავშვი ძნელად აღსაზრდელია, მშობლები მისკენ უფრო იხრებიან, რადგან მას მეტი ზრუნვა სჭირდება, თორემ განსხვავებულად კი არ უყვართ? როლებიც ასეა: უფრო მეტად ისაა დასამახსოვრებელი, რომელშიც მეტი შრომაა „ჩადებული“ და მსახიობს მაინც მიუწვდომელი გგონია – ფიქრობ, არ გამოგივიდა, 10-იანში ვერ მოარტყი ან პირიქით – მიგაჩნია, რომ „ყველა კუში მოხსენი“. მოკლედ, ეს 2 უკიდურესობაა.

სიყვარული ის გრძნობაა, რომლითაც სუნთქავ და ცხოვრობ. თუ ადამიანს სიყვარული არ გააჩნია, დილით ვერ გაიგებს, რატომ გათენდა.

ხშირად მსაყვედურობენ, რომ არ მცალია და მიმნდობი ვარ. ჩემს მიმნდობლობას ბევრი იყენებს – ვერ იგებს ან არ უნდა, გაიგოს. ამიტომ ჩემს ამ თვისებას არასასურველი უკუჩვენება აქვს.

შინაგანად კვაზი ვარ. „ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩემს პერსონაჟს, კვაზის 2 მხარე აქვს – დადებთი და უარყოფითი. დადებითი – ოჯახის სიწმინდე და სისუფთავეა, რომელზედაც ქვეყანა და ერი დგას. ამ პერსონაჟს ეროვნული ღირსებით უნდა შევხედოთ – „ჩემს კვაზის“ მე ასე ვუყურებ. რა თქმა უნდა, მის პიროვნებას მეორე  – ცუდი მხარეც აქვს: უშედეგო, არასასურველი სვლები ახასიათებს, რაც ჰგონია, რომ ღირსეული ფიქრი და ხედვაა, თუმცა ხშირად დამღუპველია. მიუხედავად ამისა, მაინც მაგარი ტიპია, ძალიან ძლიერია. კვაზის ღირსება სწორედ ამაშია. საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ – ადამიანი ფეხზე მყარად უნდა იდგე, რომ მერე მძიმე ტვირთიც ასწიო…

არასოდეს დამავიწყდება ის ადამიანები, ვინც მასწავლა სიკეთე, საქმე და ამ ყველაფრის სიყვარულით „შეფუთვა“.

კარგი იქნება, ახალგაზრდული თეატრი ბევრს შევაყვაროთ, ამ საქმეს ბევრმა მოჰკიდოს ხელი. შეიძლება, ყველა ვარსკვლავი არ გამოვიდეს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ახალგაზრდებს კულტურის მიმართ სათანადო დამოკიდებულებას დავუბრუნებთ. თეატრი რთული ფენომენია: თუ „გაწყდა“, მისი აღდგენისთვის 1-2 წელი საკმარისი არ იქნება. ნებისმიერ საწარმოს დემონტაჟი რომ გაუკეთო და სხვაგან გადაიტანო, 3 თვეში ამუშავდება, თეატრი კი ისეთი ფენომენია, რომ თუ „გადაიჭრა“, აღდგენას 20-30 წელი დასჭირდება – თაობა უნდა გაზარდოს და ის „პროდუქტი“ მიიღოს, რასაც „განათლებული მაყურებელი“ ჰქვია.

დღევანდელ საზოგადოებაში გულგრილობა, ერთმანეთის გაუტანლობა მაღიზიანებს. ადამიანები ჭაობში არიან, იქიდან ამოსვლა არ უნდათ, პირიქით – სხვების ჩათრევაც სურთ.

ჩემი ერთადერთი სინანული ის არის, რომ უცხოეთში 15 წელი დავკარგე. წლები გარბის. მინდა, კიდევ ბევრი რამე გავაკეთო. სულით ახალგაზრდა ვარ…

„ხიბულა“ – გაუტანლობა, ორგულობა, საკუთარი თავის გადარჩენა, რაც ერს მრავალი წლის განმავლობაში მოგვყვება, სწორედ ამ ფილმშია „ჩადებული“. „ხიბულაში“ ჩემი პერსონაჟი სწორედ ის ადამიანია, რომელიც ზვიად გამსახურდიას ბოლომდე ერთგულად გაჰყვა. იქ რამე სხვა ნიუანსი რომ ყოფილიყო, ჩემი გმირის პროტოტიპი მთელ ცხოვრებას ვერ გაივლიდა, ვერ მოისვენებდა… „ხიბულას“ რეჟისორი – გიორგი ოვაშვილი კამათისას იქამდე მივიყვანე, რომ ჩემს გმირს ის ნაბიჯი არ გადავადგმევინე, რომელიც ფილმში კითხვის ნიშანს ტოვებს. არ შეიძლება, ის ადამიანები, ვინც ბოლო წუთამდე ზვიად გამსახურდიას გვერდით იყვნენ, დამნაშავეები ყოფილიყვნენ, ღმერთი არც ერთს აპატიებდა…

ახალგაზრდები მაბედნიერებენ, როდესაც ისეთი საქმისთვის თავს დებენ, რაც სხვებსაც გამოადგებათ; მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ მიყვარს და სანამ პირში სული მიდგას, მეყვარება!..

პოპულარობა ის არის, როცა ყველას სურს, პატივი გცეს, შენი დანახვა ყველას უხარია და ამაყობს, რომ პირადად გართმევს ხელს. პოპულარულ ადამიანს დიდი პასუხისმგებლობა გეკისრება: ისე უნდა მოიქცე, რომ ვისაც მოსწონხარ და პატივს გცემს, გულში ხინჯი არ შეეპაროს.

მინდა, რომ ხვალ ყველას ერთმანეთი გვიყვარდეს.

pepper.ge

ავტორი: ეთო ყორღანაშვილი