მთავარი სოციალური ცხოვრება ფაუნა „ზოოტოპია“

„ზოოტოპია“

თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, სადაც შოპინგისთვის იდეალური გარემოა, ვერ წარმოიდგენთ, რომ მესამე სართულის ბოლოში, ერთი ჯადოსნური კარის გაღებით 21-ე საუკუნის თანამედროვეობიდან ცხოველთა არაჩვეულებრივ სამყაროში აღმოჩნდებით.

შესვლისას პირველი, რაც შევნიშნეთ, თავისუფლად მოსეირნე თხა, რამდენიმე კურდღელი, მომცრო ზომის მრგვალი ქათამი და სისუფთავე, მოწესრიგებული გარემო იყო. მძაფრი სუნი არ იდგა: თანამშრომლების ფაციფუციდანაც მიხვდებოდით, რომ ცხოველებს ყურადღება ნამდვილად არ აკლდათ.

ცოტა ხანში მენეჯერიც მოვიდა: გიორგი მომავალი ექიმია. ჯერ სტუდენტი გახლავთ. ცხოველების მიმართ ინტერესს ბავშვობიდან ამჟღავნებდა. აქ მუშაობაც ამიტომ დაიწყო. უკვე 6 თვეა, რაც კონტაქტური ზოოპარკი გაიხსნა. ცხოველებთან ურთიერთობის გარდა, გიორგიმ მათ შესახებ თითქმის ყველაფერი იცის.

უცებ შევნიშნეთ, რომ თხასთან ერთად, ჩვენი ფოტოგრაფი ერთი ვოლიერიდან მეორეში გადასულიყო, სადაც ჩვენც შევყევით. განსხვავებული ჯიშის ქათმები, ბაჭიები, ზღვის გოჭები, თხა და ფარშავანგი – ყველანი ერთად ფოტოკამერას უტრიალებდნენ, ფოტოგრაფი კი სურათებს იღებდა… სახალისო სანახაობა იყო!

ქართული, „მამაპაპური“ თხების გარდა, ცხოველების ძირითადი ნაწილი უცხოეთიდან ჰყავთ ჩამოყვანილი, მათ შორის – რამდენიმე დეკორატიული ჯიშის ქათამი და კურდღელი. თხები ისეთი ჯიშის არიან, რომ მათი გაბრაზება ძალიან რთულია. ამიტომ ბავშვებს მათთან თამაშის პრობლემა არ აქვთ. თავდაპირველად, კონტაქტურ ზოოპარკში ცხოველების ხელში აყვანა შეიძლებოდა (გარდა ზღარბებისა, რომლებსაც 36 კბილი აქვთ და ჩხვლეტასთან ერთად, ძალიან მწარედ იკბინებიან), თუმცა მერე აკრძალეს. „ – საზოგადოება ასეთი სახის ურთიერთობისთვის ჯერ მზად არ არის – ადამიანები ცხოველებს ხელში აყვანით აწუხებენ. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ცხოველებთან შეხება საკმარისია,“ – ამბობს გიორგი კუპრაშვილი, ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

ჩვენს საუბარს 3 წლის ფარშავანგი გაფაციცებით უსმენდა, რომელიც იქვე, ვოლიერის ღობეზე გრძელი და ლამაზი კუდით დამშვენებული წამოსკუპებულიყო. თურმე, ფარშავანგი კუდს 3 წლის ასაკიდან შლის და ასაკის მატებასთან ერთად, უფრო მომხიბვლელიც ხდება. ფარშავანგი მშვიდია, მაგრამ თუ გაბრაზდა, პრეტენზიას ხმამაღლა, მჭექარე და შემაწუხებელი ხმით გამოხატავს.

კატები, თავიანთი მონადირული ხასიათის გამო, ცალკე ოთახში ჰყავთ. ისინი სხვა ცხოველებს ზოგჯერ ფანჯრიდან აკვირდებიან. ადამიანების მიმართ ძალიან მეგობრულები არიან, მოფერებაც უყვართ… ამჟამად, „ზოოტოპიაში“ რამდენიმე ჯიშის კატა ჰყავთ (მეტისი, 2 ბრიტანული, ბენგალის და ბრიტანულის ბენგალთან ნაჯვარი).

ფისოების ოთახიდან გამოსულებს „ჩანჩქერის“ ხმა მოგვესმა – პატარა ტბორში თევზები მნახველებს ელოდნენ. „ზოოტოპიაში“ სპეციალურად გამზადებული საკვები იყიდება, რომ ბავშვებმა ცხოველებისთვის საჭმლის მიწოდება რაც შეიძლება, კომფორტულად შეძლონ. თევზების გამოკვება საწოვარადან ხდება. ეს საკმაოდ საინტერესო პროცესია… ზოოპარკში ისეთი ცხოველებიც არიან, რომელთაც მხოლოდ პერსონალი კვებავს. სურიკატები აგრესიულები არიან და იკბინებიან კიდეც, თან – მცენარეულის გარდა, ცხოველურ საკვებსაც ჭამენ. ზოოპარკში ცხოველებს კვირის მენიუ აქვთ და თანამშრომლები იმაზეც ზრუნავენ, რომ ცხოველებმა საჭირო ვიტამინები მიიღონ. ენოტების წყვილს, „ცოლ-ქმარს“ – ბეტმენს და კალის კლანჭები აქვთ. ისინი გარეულ ცხოველებად ითველბიან. ამიტომ მათი გამოკვებაც აკრძალულია. ბეტმენი 6 თვემდე სახლში იზრდებოდა და რთული მოსავლელი იყო – ყველაფერს ღრნიდა, ჭამდა და კაწრავდა. სახლში მისი გაჩერება აღარ შეიძლებოდა. ის ახლა ზოოპარკში, კალისთან ერთად ცხოვრობს.

კონტაქტური ზოოპარკის ეგზოტიკურ ნაწილში რეპტილიების გარეთ გამოყვანა მხოლოდ პერსონალის დახმარებით ხდება, თუმცა უმეტესი ნაწილი ვოლიერებში და აკვარიუმებში რჩება. იგუანა ფაქიზია და ადამიანის ხელში ყოფნა არ სიამოვნებს. ამიტომ მას იშვიათად აწუხებენ. პანტერის ქამელეონს, ჩარლის კი პირიქით – ადამიანებთან ახლოს ყოფნა უყვარს და ფერსაც ხასიათის მიხედვით იცვლის. ზოგჯერ ცუდ ხასიათზეა. ასეთ დროს ხელს თუ გაუწვდი, ახლოს არ მოვა, თუმცა ხშირ შემთხვევაში, მაშინვე ამოძრომას იწყებს. მოჭიდების ისეთი ძალა აქვს, რომ გაოცებული დარჩებით.

ერთი ნაბიჯი გადავდგით და დიდი ზომის ულამაზეს თუთიყუშებთან – მაკაუებთან აღმოვჩნდით. ისინი ორნი არიან და ერთმანეთის კარგად ესმით. ალბათ, ამის გამო ქართულის სწავლა არ დასჭირვებიათ და ჩვენს ენაზე არაფერს ამბობენ. საკმაოდ აგრესიულებიც არიან და თუ ჩხუბი დაიწყეს, ისეთი ხმაურია ხოლმე, რომ შეწუხებული სტუმრები მეორე ოთახში გადიან.

სანამ თუთიყუშებს ვუცქერდით, საიმირის მაიმუნები სათამაშოდ გვეძახდნენ. სულ ხუთი ინდივიდი ჰყავთ. ისეთი მხიარულები არიან, რომ თამაშში ჩვენც აგვიყოლიეს. გიორგიმ მათთან ახლო კონტაქტისგან მაინც თავის შეკავება გვთხოვა. მხოლოდ გამოკვების უფლება მოგვცა. მაიმუნებს ჭიაყელები ისე უყვართ, რომ სანამ მივაწოდეთ, ერთმანეთს რიგში დგომას არ აცდიდნენ. თან, ხელებს ძალიან შორს იშვერდნენ – პირველად მე მომეციო.

მომვლელი ანი გველის ხელში დასაჭერად გვეპატიჟება. საერთოდ, ასეთი გველები უვნებლები არიან, ოღონდ – ჩვენთვის, თაგვებისთვის კი – სამწუხაროდ, არა. „ზოოტოპიაში“ კიდევ ერთი, სინალოას რძის გველი ჰყავთ, რომელიც თუკი რძეში ენას ჩაჰყოფს, მას  გაფუჭებისგან იცავს. იქვე, მეორე აკვარიუმში იშვიათი ჯიშის დიდი ზომის ობობა ბინადრობს, რომელსაც სიბნელე უყვარს და თუ გიკბინათ, ერთი კვირა პარალიზებული იქნებით.

ოქროსფერხელება თამარინი

„ზოოტოპიაში“ ცხოველები ადამიანებთან დამეგობრებულები არიან. შაბათ-კვირას 500-ზე მეტი სტუმარი მოდის. თანამშრომლები, პროფესიით – ვეტერინარები, ყურადღებას არც ერთ ცხოველს არ აკლებენ. პრევენციის მიზნით, ყველა ცხოველი მოწმდება. მთავარი ექიმიც ჰყავთ, ვისთანაც თანამშრომლები პერიოდულად, კონსულტაციას გადიან.

ამასობაში, კონტაქტური ზოოპარკიდან ჩვენი წამოსვლის დროც მოვიდა. უკან თხა გამოგვეკიდა და გარეთაც ჩვენთან ერთად მოდიოდა, კონსულტანტს რომ არ შეეჩერებინა. ჩვენი გამოსვლის შემდეგ, კონსულტანტმა კარი დახურა და თხაც კარს მიღმა დარჩა. ზოოპარკიდან ცხოველებისთვის გარეთ გამოსვლა აკრძალულია.

ზღვის გოჭები

ზღვის გოჭები „სქინი“

pePPer.ge