მთავარი შემოქმედება მუსიკა Youth for Classics in the Caucasus

Youth for Classics in the Caucasus

კავკასიის კამერულმა ორკესტრმა, რომელიც 2008 წლამდე შეიქმნა, სამწუხაროდ, ომის შემდეგ მოღვაწეობა შეწყვიტა. წლების მერე, ორკესტრის ხელმძღვანელის – უვე ბერკემერის ორგანიზებით, დავით ნარმანიის პატრონაჟით, მერაბ თავაძისა და ნიკოლოზ რაჭველის მხარდაჭერით, კავკასიის კამერული ორკესტრი თბილისში, სამეფო უბნის თეატრში ფესტივალს მართავს.

ფესტივალი – Youth for Classics in the Caucasus მშვიდობის იდეას ატარებს და ახალგაზრდებზეა ორიენტირებული.  მასში საქართველოს, სომხეთის, რუსეთის და გერმანიის წარმომადგენელი ახალგაზრდები მონაწილეობენ. გერმანიიდან (იბენბრუკი) 30-მდე ახალგაზრდა ჩამოვიდა.

უვე ბერკემერი საქართველოში პირველად 2000 წელს მოიწვიეს. მაშინ მისი ამჟამად უკვე მეუღლე – ბელა მახარაძე ორკესტრში, ვიოლინოზე უკრავდა. „ – მუსიკა უნივერსალური ენაა და ასევე, მშვიდობიანი ურთიერთობების სიმბოლოს წარმოადგენს,“ – გვითხრა უვე ბერკემერმა. ფესტივალში მეუღლესთან და 2 ქალიშვილთან ერთად მონაწილეობს. უვე ბერკემერის ქალიშვილებიც მუსიკოსები არიან (15 წლის გოგონა მევიოლინეა, 6 წლისა კი – დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს).

ფესტივალში სხვა მონაწილეებსაც შევხვდით: სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებული მარიამ ობოლაშვილი 13 წლის გახლავთ. ის უკვე 6 წელია, ვიოლინოზე უკრავს; სომხეთის მოქალაქე – ალექსანდრ კარახანიანი ფესტივალში შვილთან(მიკაელი) ერთად მონაწილეობს. ის კავკასიის კამერულ ორკესტრში 2007 წელს უკრავდა. ამჟამად, მოღვაწეობას ავსტრიაში აგრძელებს.

გახსნითი კონცერტი გაცნობის სახეს ატარებდა. ფესტივალის ფარგლებში, მომდევნო ორი დღის განმავლობაში კონცერტები ისევ ჩატარდება: 10 ივლისს – „კავსკასიის საღამო“ (გიორგი უშიკიშვილის და „ლაშარელას“ მონაწილეობით), ხოლო 11 ივლისს  – „ფილმი და არა მხოლოდ…“ (მუსიკა ფილმებიდან). კონცერტების შემდეგ (12 ივლისი), ანსამბლი ბათუმში ვორკშოპის ჩასატარებლად გაემგზავრება.

pePPer.ge