მთავარი შემოქმედება მუზეუმი მინიატურული ფიგურების გალერეა

მინიატურული ფიგურების გალერეა

მსოფლიოს, თავისი არსებობის განმავლობაში, უამრავი ომი გამოუვლია, რომელთა შესახებ არაერთხელ დაუწერიათ, დაუხატავთ და ფილმებიც გადაუღიათ. საომარი მოქმედებებისა და ისტორიული მოვლენების გახსენება ახლა უკვე თბილისში, მინიატურული ფიგურების გალერეაშია შესაძლებელი.

40 წლის განმავლობაში, ფიგურებს ლიტერატორი და კოლექციონერი – გრიგოლ რობაქიძე აგროვებდა. პირველი მაკეტი 1997 წელს შექმნა. თანდათან მისი კოლექცია 2115-მა ფიგურამ შეადგინა, რომლებიც 2015 წელს გალერეა „იოტა როილის“ სახით წარმოგვიდგინა. სახელწოდების მნიშვნელობა ძალიან საიტნერესოა: როცა დავით აღმაშენებელი საქართველოს აერთიანებდა, თავადები ცენტრალური მმართველობის წინააღმდეგნი იყვნენ. ამის გამო დავითმა რადიკალურ მეთოდებს მიმართა და რამდენიმე გვარი ისტორიიდან გააქრო კიდეც, მათ შორის – ირუბაქიძე. გრიგოლ რობაქიძე დავითის გადაწყვეტილებას პრაქტიკული თვალსაზრისით ამართლებს და მეფისთვის გალერეით იოტისოდენა წვლილს იღებს.

გალერეაში მაკეტები ანტიკური ეპოქიდან, შუა საუკუნეების „გავლით“, მომავალში – 27-ე საუკუნეში „ჩაგიყვანთ“. მაკეტებზე ფანტასტიკური ჟანრის ფიგურებსაც ნახავთ. ძირითადად, კოლექცია 40-მილიმეტრიანი ფიგურებისგან შედგება. „იოტა როიალი“ ფიგურების მწარმოებელია. ოსტატები მათ ფორმებს სანთლით ამზადებენ, რომლებსაც შემდეგ კალასა თუ ვერცხლში ასხამენ. მინიატურულ ნამუშევრებს შორის, საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ადამიანებიდან მეფეების – ფარნავაზის, მირიანის, ვახტანგ გორგასლის, გიორგი ბრწყინვალესა და ერეკლე მეორის გარდა, გალერეაში გოჩას და ხვიჩას, დათა თუთაშხიას, ვაჟა ფშაველასა და თამარ მეფესაც ნახავთ. მათ რიცხვს მალე შოთა რუსთაველის ფიგურაც შეემატება.

40-მილიმეტრიანი სტანდარტული ზომის ფიგურების გამოშვება პირველად 70-იან წლებში „კინდერ სიურპრიზმა“ დაიწყო. გალერეაში „კინდერის“ იმ დროინდელი ფიგურები სრული შემადგენლობით ინახება. სამწუხაროდ, „კინდერი“ ფიგურებს აღარ აწარმოებს, თუმცა წამოწყებულ საქმეს რუსული კომპანია – „მამაცი ჯარისკაცები“ აგრძელებს, რომელთა ფიგურები გალერეაში იყიდება კიდეც.

ექსპონატებზე ნიჭიერი ხელოვანებიც მუშაობენ, რომლებიც საქართველოში არც თუ ისე ბევრნი არიან. ჟანეტ ბურნაძე 18 წლის იყო, როცა კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან, ხოდაშენიდან, თბილისში სასწავლებლად ჩამოვიდა. ახლა უკვე სამხატვრო აკადემიის მე-4 კურსის სტუდენტი გახლავთ. თავიდანვე პატარა ზომის ფიგურებზე დაიწყო მუშაობა, მერე კი უფრო და უფრო მცირე ნამუშევრების დამზადების სურვილი გაუჩნდა. „ – ბავშვობაში, როცა ამ საქმით დავინტერესდი, ჯერ პლასტელინით ვძერწავდი. ინტერნეტზე არ მიმიწვდებოდა ხელი. ამიტომ მსგავსი არაფერი მქონდა ნანახი,“ – ამბობს ჟანეტი. ადრე თექაზე მუშაობდა, თუმცა გული ვერ დაუდო – ამ საქმეზე სერიოზულად არ უფიქრია. თიხაზე მუშაობა უფრო სიამოვნებს. მის რამდენიმე ნამუშევარს გალერეაშიც ნახავთ. თაგვების ფიგურები ისეთი მომცრო ზომისაა, რომ შეიძლება, ვინმეს ნამცეცი ეგონოს და ახლოდან დაკვირდვება დასჭირდეს. დეტალების სიზუსტე გაოცებას იწვევს. თაგვების გარდა, დამთვალიერებლები მაკეტებზე მის სხვა ნამუშევრებსაც ნახავენ: დრაკონებს, ფარშავანგს, მგლებს, დათვს და სხვ.

დამთვალიერებლებს შორის ხშირად ბავშვებიც არიან. ისინი საკმაოდ ბევრ ინფორმაციას იღებენ და არაჩვეულებრივ დროსაც ატარებენ. მათ განსაკუთრებით „სამი მუშკეტერის“, „კარიბის ზღვის მეკობრეებისა“ და „სამეფო კარის თამაშის“ პერსონაჟების ფიგურები მოსწონთ. „ – ზოგიერთი ბავშვი ისეთი ცელქია, ფიგურებთან ახლოსაც არ უნდა მიუშვა“, -ამბობს გრიგოლი, გალერეის მფლობელი, – სამაგიეროდ, ხშირად ისეთი მონდომებულები არიან, რომ საქმეშიც ერთვებიან და ფიგურების ასლებსაც ამზადებენ.“

ფიგურებს სხვადასხვა დროსა და ეპოქიდან ერთი დიდი მაკეტი აერთიანებს და სპეციალურ ფონოგრამასთან ერთად (რომელსაც დამთვალიერებლების სტუმრობისას რთავენ) საოცრად შთამბეჭდავ გარემოს ქმნის. სამწუხაროდ, ხელით შეხება თითქმის არაფერზე არ შეიძლება.

გალერეაში დამოუკიდებლად აწყობილ რამდენიმე მაკეტსაც ნახავთ: დადიანების სასახლე საკმაოდ გამორჩეულია. მის შუაში აუზებსაც შენიშნავთ. ადრე შიგნით თევზებიც დაცურავდნენ, თუმცა დღის შუქის გარეშე, დიდხანს ვერ გაძლებდნენ და აკვარიუმში გადაიყვანეს. დადიანების სასახლის გარდა, ცალკე მაკეტი აქვს სცენას „ბეჭდების მბრძანებლიდან“, სადაც დრაკონსაც სძინავს. ასევე, „სამი მუშკეტერის“ ეპიზოდია განსაკუთრებული, რომელშიც შატო დე პერფონში დატყვევებული კარდინალი მაზარინი საკანალიზაციო მილიდან გაქცევას ცდილობს. ერთ პატარა ოთახში, სადაც დიდი ისტორია ინახება, ფიგურების დასამატებლად ადგილი აღარ რჩება.

გრიგოლ რობაქიძის ჯარისკაცების გალერეა მსოფლიოში გამორჩეულია. მისი მოლაპარაკების მცდელობა – გალერეა მუზეუმის სტატუსით შეეცვალა, ჯერჯერობით უშედეგოა. მუზეუმის სტატუსი მას გალერეის გაფართოების შესაძლებლობას მისცემდა, ელექტრო მოწყობილობების საშუალებით მაკეტს კიდევ უფრო დახვეწდა (ამ ეტაპზე, სპეციალისტი არ მოიძებნა) და მთელ კონცენტრაციას ფიგურებზე გადაიტანდა, გამოფენებს რეგიონებშიც მოაწყობდა და უკვე საკმაოდ შთამბეჭდავ კოლექციას კიდევ უფრო მასშტაბურს გახდიდა.

გალერეაში შექმნილი გარემო წარმოსახვით შესაძლებლობებს სცდება. მსოფლიოს ისტორიაში რაც კი საინტერესო მომხდარა, ყველაფერი ერთად იყრის თავს: დირიჟაბლი „საიდუმლო კუნძულიდან“, კაპიტანი ჯეკ ბეღურას შავი მარგალიტის თავზე დაფრინავს, რასაც შორიდან ვიკინგი რაგნარ ლოდბროკი აკვირდება, ჩრდილოეთის კედელთან მალე სასიკვდილო ბრძოლა დაიწყება… მინიატურული ფიგურების გალერეაში სტუმრები ზღაპრულ სამყაროში ხვდებიან.

pepper.ge