მთავარი სოციალური ცხოვრება გამორჩეული ადამიანები უილიამ შექსპირი

უილიამ შექსპირი

უილიამ შექსპირის დაბადების თარიღი დაზუსტებული არ არის – ჩანაწერებში 1564 წლის 23 აპრილს ახსენებენ. შექსპირი ქალაქ სტენფორდში (ინგლისი) დაიბადა. მისი მშობლები – ჯონ შექსპირი და მერი არდენი იყვნენ, რომლებიც შეძლებულად ცხოვრობდნენ და შვილის  განათლებაზეც იზრუნეს: უილიამი ერთ-ერთ ლათინურ სკოლაში სასწავლებლად მიიყვანეს.

შექსპირს უნივერსიტეტში არ უსწავლია. ჯერ 18 წლის იყო, როცა ცოლად ფერმერის ქალიშვილი – ანე ჰეტუეი შეირთო. მათ 3 შვილი შეეძინათ: სუზანა და ტყუპები – ჯუდიტი და ჰამნეტი.

გამოკვლევებში 1583 წლიდან 1592 წლამდე პერიოდი „შექსპირის დაკარგულ წლებად“ არის მიჩნეული – ამ დროში მწერლის შესახებ არაფერი დაწერილა. ვარაუდობენ, რომ ის მსახიობად და სცენარისტად თეატრში კარიერას იწყობდა. მაშინდელი თეატრი ჩვენი დროის თეატრისგან საგრძნობლად განსხვავდებოდა: სპექტაკლის ყურებასთან ერთად, მაყურებლები საკვებს მიირთმევდნენ, სვამდნენ, საუბრობდნენ და ამაში ბევრ ფულსაც იხდიდნენ.

შექსპირის პირველი ოფიციალური ქმნილება – „ვენერა და ადონისი“ 1593 წელს გამოჩნდა. მაშინ მწერალი უკვე ლონდონში ცხოვრობდა. თეატრში მსახიობად და პოეტად მუშაობდა. დროთა განმავლობაში, მისი ქმნილებები მსოფლიოში მეტ პოპულარობას იძენდა. ტრაგედიები – „რომეო და ჯულიეტა“, „ჰამლეტი“ და „მაკბეტი“ თეატრის მოყვარულებზე ძლიერ ზეგავლენას ახდენდა. შექსპირი თემატური მრავალფეროვნებითა და წერის თავისებური სტილით გამოირჩეოდა. ამიტომ საზოგადოებაში ძალიან მაღალ შეფასებას იღებდა.

ნიჭის წყალობით, ის საინტერესო ამბებს პოეტურად გადმოსცემდა და ლექსებსაც წერდა. შექსპირის განთქმული სონეტები შემდგომში კრებულად გამოიცა. 1599 წლიდან შექსპირი ლონდონის თეატრის თანამფლობელი იყო და საკმაოდ მაღალ გასამრჯელოსაც იღებდა. მწერლობაში პოპულარობასთან ერთად, მაშინდელი მეფის (ელისაბეთი) კარზე, სცენაზეც ხშირად გამოდიოდა.

ცნობილი პოეტი და მსახიობი 46 წლის ასაკში, 1610 წელს  მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა. ოჯახს მეტ დროს უთმობდა და სიკვდილამდე სტენფორდში, საკუთარ სახლში ცხოვრობდა. 52 წლის ასაკში, საკუთარ დაბადების დღეზე, უილიამ შექსპირი მოულოდნელად გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი დღემდე უცნობია.

მისი ნამუშევრების კრებული 1623 წელს გამოიცა და მთელ მსოფლიოში (განსაკუთრებით – თეატრებში) დღემდე პოპულარობით სარგებლობს.