მთავარი შემოქმედება ხელობა White Studio – უნიკალური კერამიკული ნაკეთობები და „ქართული ფაიფური“

White Studio – უნიკალური კერამიკული ნაკეთობები და „ქართული ფაიფური“

დიდი ხნის შემდეგ, საქართველოში კერამიკა (გამომწვარი თიხა) პოპულარობას იბრუნებს. ქუჩაში, სახლსა თუ სხვადასხვა დაწესებულებაში, ინტერიერსა და ექსტერიერში კერამიკული დეტალები დიზაინის გამდიდრების და გარემოს სასიამოვნოდ აღქმის შესაძლებობას იძლევა. White Studio უკვე 4 წელია, ამ სფეროში მუშაობს. სტუდიაში დამზადებული ხარისხიანი კერამიკული ნაკეთობების უნიკალურობა და მათი მრავალფეროვნება ბრენდის წარმატებაზე მეტყველებს.

დიდი ხნის მეგობრების – ნატო ერისთავის (კერამიკოსი) და ნინო ყამბარაშვილის (დიზაინერი) საერთო ბიზნესი 10 თანამშრომლისგან შედგება. ყოველი მათგანი ინდივიდუალურად გამორჩეული ხელოვანია. მუდმივი კლიენტები მათ ნამუშევრებს კარგად ცნობენ. White Studio-ს შემოქმედებაზე მოთხოვნა საქართველოს საზღვრებსაც სცდება. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ კერამიკული ნაკეთობების გაგზავნა საკმაოდ ძვირია (შეფუთვა მოცულობას 3-ჯერ აღემატება), შეკვეთების რაოდენობა მატულობს.

ბოლო პერიოდში, White Studio-ს პროდუქცია ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში და სხვა ქვეყნებში იგზავნებოდა. ბრენდის სახელით კერამიკის არაერთი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარებულა. სტუდიაში პროდუქცია ისეთი მრავალფეროვანია, რომ აქ მოსული მომხმარებელი იბნევა და არჩევანის გაკეთება უჭირს. ამიტომ თუ ვინმეს ნივთის საჩუქრად შეძენა სურს, შეუძლია, ასაკი, სტატუსი და გადასახდელი სავარაუდო თანხა თქვას, რის შემდეგაც აქ მომუშავე ხელოვანები რაიმე უნიკალურ ნაკეთობას საკუთარი გემოვნებით დაამზადებენ. მიღებული შედეგით უკმაყოფილო მომხმარებელი სტუდიაში ჯერ არავის უნახავს.

თიხასთან მუშაობის გარდა, White Studio თურქული კომპანიის – Refsan ოფიციალური წარმომადგენელია. თურქეთიდან ჩამოტანილი უმაღლესი ხარისხის მასალა და დანადგარები ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია. „ – გვინდა, მეტი სახელოსნო გაჩნდეს, რომ კერამიკით მეტი ადამიანი დაინტერესდეს. ამ გზით ხარისხი მასშტაბურად აიწევს და დარგი ისევ აქტუალური გახდება,“ – ამბობს ნატო ერისთავი. ამჟამად, მისი დახმარებით ციხეებში (გრემი, ქსანი), ნარკოდამოკიდებულებისა და შშმ პირების ცენტრებში კერამიკაზე სამუშაო პროგრამები ტარდება.

თიხა ჩვენს ქვეყანაშიც მოიპოვება, თუმცა დასამუშაბლად რთულია. ამიტომ წინათ უმეტესი დრო მასალის გაწურვაზე, გაცრაზე, ჭუჭყისგან გათავისუფლებაზე იხარჯებოდა, დანარჩენი 20% კი – შემოქმედებაზე. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, მსგავს სირთულეებს ადგილი აღარ აქვს. White Studio-ში ექსკლუზიურად თეთრ თიხაზეც მუშაობენ, რომელსაც საქართველოში მოიპოვებენ და ხშირად როგორც „ქართულ ფაიფურს“, ისე მოიხსენიებენ (სად მოიპოვება, არ ამხელენ). ის საოცრად ელასტიურია და მაღალ ტემპერატურასაც უძლებს. კომპანიას სახელი – White Studio (თეთრი სტუდია) ამიტომ დაარქვეს.

საქართველოში თიხაზე მუშაობა 90-იანი წლების მერე შეწყდა (ქარხნები დაიხურა და სპეციალისტები სხვა მიმართულებით მუშაობდნენ). 25 წელიწადი ამ სფეროში თითქმის არაფერი გაკეთებულა. თიხის პროფესიონალი ამომყვანები არავის აღარ ახსოვდა. რამდენიმე მათგანის სამუშაო ადგილი ახლა White Studio გახლავთ. აქ საინტერესო ნივთების დამზადებასთან ერთად, დავიწყებული ხელობის განვითარებასაც ცდილობენ.

რობიკო ტიღინაშვილი 3 წელი მცხეთის კერამიკის სკოლაში სწავლობდა, რომელიც 90-იანი წლების შემდეგ აღარ ფუნქციონირებს. მაშინ იქ ქარხანაც არსებობდა სადაც თიხაზე მუშაობდნენ. „ – თიხაზე მუშაობა მარტივი არ არის. ვიდრე ხელოვანი ფიგურას შეიგრძნობს და ფორმაზე მუშაობას დახვეწს, მანამდე საკმაოდ დიდი დრო სჭირდება,“ – ამბობს ბატონი რობიკო. თიხის ფიგურას თუ თხელი კედლები აქვს, მასთან მუშაობა რთულია (მარტივად ზიანდება), თუმცა სქელი კედლებისგან განსხვავებით, უფრო მსუბუქი და ნაკლებად ხარჯიანია. მოგვიანებით, ამას მყიდველიც დადებითად აფასებს.

კერამიკაზე მუშაობის პროცესი საკმაოდ რთულია. „ – სამწუხაროდ ხალხი კერამიკაზე მუშაობის სირთულეს ჯერ სათანადოდ ვერ აღიქვამს. ამიტომ ნაკეთობის ფასი (საშუალოდ, 20-დან 500 ლარამდე) ეძვირებათ ხოლმე. აქ შეძენილი ნამუშევრები საზღვარგარეთ 3-ჯერ უფრო ძვირად ფასობს,“ – გვითხრა ნატო ერისთავმა. ნატოს ექსკლუზიურ ნამუშევრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ნახავთ, მათ შორის – თურქეთის ერთ-ერთი ქალაქის (ესქიშეჰირი) ცენტრში, სადაც ნატოს მიერ შექმნილი 3 კერამიკული, თანამედროვე ფიგურა დგას.

White Studio ძალიან საინტერესო სააბაზანო ნიჟარებს, საათებს, ნათურებს და საქართველოსთვის დამახასიათებელ მაღალი ხარისხის სუვენირებსაც ამზადებს, რომლებსაც ხშირად საელჩოები მაღალი რანგის სტუმრებს ჩუქნიან. White Studio-ს პროდუქცია უკვე ძალიან მოთხოვნადია. ბრენდის კრეატიულობა ზოგჯერ წარმოსახვით შესაძლებლობებსაც სცდება.

pepper.ge