მთავარი აქტუალური თემა სოციალური უჯარმის ციხე მალე პირვანდელ სახეს დაიბრუნებს

უჯარმის ციხე მალე პირვანდელ სახეს დაიბრუნებს

კახეთში, საგარეჯოსთან ახლოს პატარა სოფლის – უჯარმის ციხე, რომელსაც მე-3 საუკუნის მერე, მტრის რამდენჯერმე მოგერიება მოუხდა, დღეს ნახევრად დანგრეულია. საპატრიარქოში მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას გეგმავენ.

წელს, ციხის განახლების დაწყებამდე, მისი დალაგება და კეთილმოწყობა გახდა საჭირო. საქართველოს რაგბის 20 წლამდელთა ნაკრებთან და „თიბისი“ ბანკის ჯგუფთან ერთად, ამ საქმეში გარემოსა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომაც მიიღო მონაწილეობა.

რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატს „მემკვიდრეობის პროგრამა“ ახლავს თან, რომლის ფარგლებშიც მორაგბეები სოციალურ აქტივობებში ერთვებიან (საქართველოს ნაკრების სოციალური აქტივობების პარალელურად, საფრანგეთის ნაკრები ბორჯომის ტყის რეაბილიტაციაში მონაწილეობს). თავიანთი ფიზიკური მონაცემების წყალობით, მორაგბეები მძიმე სამუშაოებს მარტივად უმკლავდებიან. უჯარმის ციხე ის უძველესი წმინდა ადგილია, რომელზეც მუდმივი ზრუნვა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„მემკვიდრეობის პროგრამის“ მონაწილეებმა უჯარმის ციხეზე გარემოს დაცვის დღეს – 5 ივნისს იზრუნეს. განახლებისთვის საჭირო მასალა და ქვები სხვა ადგილას იყო გადასატანი. ადგილი, რომელიც უჯარმის ციხესთან გასუფთავდა, მშენებლობის დაწყებადაც შეიძლება ჩავთვალოთ. დასუფთავებულ ადგილას კოშკი ჯერ უნდა დაშალონ, შემდეგ კი იგივე ქვებით ხელახლა ააგონ, რაც განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის არის სასიხარულო, რომლებიც დასუფთავებაში მონაწილეობდნენ. „ – აქ ყოფნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარემოს სისუფთავე და ჯანსაღი ცხოვრება ყველა ჩვენგანისთვის აუცილებელია“, – გვითხრა 26 წლის, რაგბის ნაკრების წევრმა – გიორგი თოიძემ და ქვებით სავსე ტომარა გაჭირვების გარეშე ასწია.

აქტივობებში გოგონებიც მონაწილეობენ. „ – კარგი იქნება თუ მსგავსი ღონისძიებები ხშირად მოეწყობა. ეს სამომავლოდ გარემოს დასუფთავებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა „თიბისი“ ბანკის მოლარემ – მარიამ ჩემჩიშვილმა.

უჯარმის ციხე-ქალაქის რეკონსტრუქცია ი.ციციშვილის მიერ

უჯარმის ციხე მეფე ასფანგურის დროს, მე-3 საუკუნეში აშენდა. მოგვიანებით მასზე მეფეები – გორგასალი, დაჩი, ვახტანგ V და გიორგი III ზრუნავდნენ. გიორგი III-მ უჯარმა ქვეყნის განძსაცავადაც აქცია. მე-13 საუკუნის შემდეგ, მონღოლთა ბატონობამ უჯარმას სამწუხაროდ, მნიშვნელობა დაუკარგა.

უჯარმის ეკლესია წმინდა ნინოს ერთ-ერთი ჯვრის (რომელიც ნინომ სალომე უჯარმელს ამ ადგილას გამოატანა) სახელზე აიგო. მას მერე, მადლის აღების მიზნით, ამ ეკლესიაში ჯვარი წელიწადში ერთხელ ამოაქვთ, შემდეგ კი სხვა ეკლესიაში მიაქვთ.

სოციალურ აქტივობაში მონაწილეებმა საქმე სწრაფად დაამთავრეს და ტერიტორია დატოვეს. იქ მხოლოდ ერთი ადამიანი დარჩა. მან საჯაროდ გამოჩენა არ ისურვა. ის 4 წელია, უჯარმის ციხესთან განმარტოებულად ცხოვრობს და ამ ხნის განმავლობაში, იქაურობას დამოუკიდებლად ალაგებს.

მე-19 საუკუნეში უჯარმის ციხესთან ბერები ცხოვრობდნენ, თუმცა ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ თავი ვეღარ შეინახეს და ცხოვრება სხვაგან განაგრძეს. ციხის მაცხოვრებელი მაშინ წამოწყებული ცხოვრების განახლებასა და ბერობას აპირებს.

უჯარმის ციხის დალეგებით განახლებული ცხოვრების დაწყებას ჩაეყარა საფუძველი. საპატრიარქოს დახმარებით იქ მაცხოვრებლის ნატვრა მალე სინამდვილედ იქცევა.

pePPer.ge