მთავარი აქტუალური თემა ბიზნესი წიბახას სამაგიდო თამაშები – Tsibakha Game Club

წიბახას სამაგიდო თამაშები – Tsibakha Game Club

სამაგიდო თამაშები გერმანიაში, პოლონეთსა და ამერიკაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოში ასეთი თამაშების პოპულარიზაციას კლუბი – Tsibakha Game Club ახდენს. ამ ეტაპზე, მოთამაშეები მთაწმინდის პარკში კვირა დღეს იკრიბებიან.

ამ ტიპის გართობის მიმართ ინტერესი ამერიკასა და ევროპაში დიდი ხნის წინ გაჩნდა. გერმანიაში საუკეთესო თამაშის გამოსავლენად, ყოველ წელიწადს კონკურსი – Spiel des Jahres ტარდება. მასში მონაწილეობისთვის თამაშებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გზავნიან.

სამაგიდო თამაშები ამერიკაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ევროპულისგან (რომელშიც უმეტესად, პოზიციების გამაგრებას ცდილობენ) განსხვავებით, ამერიკული თამაში უფრო აგრესიული ხასიათისაა, შეტევითი სტრატეგია აქვს და აქცენტი მოწინააღმდეგის განადგურებაზე კეთდება.

ქართული კლუბის დამფუძნებელი – გიგა წიბახაშვილი აზარტულობით ბავშვობიდან გამოირჩევა: ჯერ ჭადრაკის თამაშით იყო დაინტერესებული, შემდეგ მისმა მშობლებმა გერმანიიდან სამაგიდო თამაშებით სავსე ყუთი ჩამოიტანეს, რომელშიც 100-მდე გასართობი ინახებოდა. გიგა განსაკუთრებულად ბევრ დროს „Settlers of Catan“-ს უთმობდა. ახლობლები მის გატაცებას ამჩნევდნენ და თამაშებს ხშირად ჩუქნიდნენ. ამჟამად, მის კოლექციაში 150-მდე განსხვავებული თამაშია, თუმცა კლუბის ოპტიმალურად ფუნქციონირებისათვის ბევრად მეტია საჭირო. გიგას კლუბის მართვაში მისი ძმა – ლადო და სალი დადიანი ეხმარებიან.

თავდაპირველად, „წიბახა გეიმ კლუბი“ გოეთეს ინსტიტუტში ფუნქციონირებდა, სადაც დროთა განმავლობაში, პოპულარობას იძენდა. ხშირ შემთხვევაში, თამაშები ძალიან დიდ ყურადღებას და კონცენტრაციას მოითხოვს. ამიტომ ბავშვებთან ერთად, თამაშით უფროსებიც დიდ სიამოვნებას იღებენ. „ – მივხვდით, რომ ამ ყველაფერს კვირაში ერთი დღე აღარ ყოფნიდა. „ფაბრიკის“ ტერიტორიაზე მალე ფართი გარემონტდება, სადაც გართობის შესაძლებლობა მსურველებს კვირაში 6 დღის განმავლობაში ექნებათ.,“ – გვითხრა გიგამ.

კლუბში ყოფნისას რამდენიმე საინტერესო თამაში გამოვარჩიეთ:

Hive – სტრატეგია თამაშის სტილით ჭადრაკსაც წააგავს. მეფისგან განსვავებით, სამიზნეს ფუტკრების დედოფალი წარმოადგენს.

Splendor – ვაჭრობაში ვინც უფრო მოხერხებულია, ის იგებს. თამაშის პროცესში ძვირფასი ქვების დაგროვება ხდება.

Risk – დაფა დედამიწის რუკაა, სადაც მთავარი მიზანი მსოფლიოს დაპყრობაა.

Settlers of Catan, – გიგას საყვარელი თამაში გახლავთ. სტრატეგია უკაცრიელი კუნძულის განაშენიანებას ითვალისწინებს, რაც გიგას ძალიან კარგად გამოსდის.

„წიბახა გეიმ კლუბში“ უცხოელებიც აქტიურად მონაწილეობენ. ესტონეთიდან ჩამოსული მოთამაშე, სახელად ბატალი, მსოფლიო შეჯიბრებებში მონაწილეობდა და მესამე ადგილზეც გასულა. აქ მყოფ მოთამაშეებს შორის, ბატალი გამოცდილ ბორდგეიმერად ითვლება.

შესაძლოა, სამაგიდო თამაშები „ფაბრიკის“ ტერიტორიაზე მალე შემოსავლის წყაროდ იქცეს. ქართული კლუბის დამფუძნებლის ვარაუდით, თამაშების რაოდენობა სწრაფად მოიმატებს და კლუბის წევრებიც გააქტიურდებიან – ბავშვობის გატაცება ბიზნეს-საქმიანობაში გადაიზრდება და უკვე პოპულარული „წიბახა გეიმ კლუბი“ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს.

ავტორი: თამარ კაპანაძე

pepper.ge