მთავარი პიროვნება თეონა წიწაკიშვილი: „ოჯახს, რომელშიც გავიზარდე, „ჩვეულებრივი“ არ ჰქვია“

თეონა წიწაკიშვილი: „ოჯახს, რომელშიც გავიზარდე, „ჩვეულებრივი“ არ ჰქვია“

საქართველოში მოცეკვავეობა დაჩაგრულობას ნიშნავს. ვიჩაგრებით, რადგან კონცერტები არ იმართება. ესტრადა საერთოდ არ გაგვაჩნია. მოცეკვავემ სად უნდა იცეკვოს თუ მომღერალი არ მღერის?! იმაზე ლაპარაკიც ზედმეტია, რომ ჩვენი კონცერტი გაიმართოს. ჩვენს სამუშაო სფეროში, ადამიანს გასაქანი არ აქვს – საკუთარი თავის რეალიზაციას ვერ ახერხებს.

ცხოვრებაში გამიმართლა, რომ საოცარი შვილი, დემიან ბაღნაშვილი მყავს. ახლახან წლის და 10 თვის გახდა… საერთოდ, გამიმართლა, რომ ცოცხალი ვარ. სიცოცხლე კარგია!

ოჯახს, რომელშიც გავიზარდე, „ჩვეულებრივი“ არ ჰქვია. ოჯახის ყველა წევრი ცეკვავდა, მღეროდა, ხელოვნებით ინტერესდებოდა…

დიჯეის პროფესია ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ძირითადად, ცეკვით ვარ დაკავებული. დიჯეობისთვის დრო არ მრჩება. ჩემი მეგობარი თავის ლაუნჯ ბარში თუ მიმიწვევს, იქ ვუკრავ ხოლმე. ამით ფულს არ გამოვიმუშავებ.

საქართველოში საუკეთესო მოცეკვავე  ბევრია.  მათი შემოქმედება მომწონს… რომელიმე კონკრეტულ მოცეკვავეს ვერ დავასახელებ.

ჩაცმის განსხვავებული სტილი იმიტომ მაქვს, რომ ერთფერონება არ მიყვარს. ყოველდღე ვცდილობ, რაღაც შევკერო, გადავაკეთო, დავხიო, მივაკერო… სამოყვარულო დონეზე, სამოსს თავადაც ვქმნი. შედეგად, ისე გამოდის, რომ არასტანდარტულად ვიცვამ.

მოდური  სამოსი ჩემთვის ის არის, რომელსაც მოვირგებ და მოვიხდენ. რა თქმა უნდა, მოდის ტენდენციებს ვითვალისწინებ. როცა რაღაც ახალი სტილის სამოსი გამოჩნდება, ვცდილობ გავითავისო, მაგრამ თუ არ მომწონს, მხოლოდ მოდურობის გამო არ ჩავიცვამ.

საკუთარ თავს სექსუალურად რომ არ მივიჩნევდე, დიდი უბედურება იქნებოდა. თუ ქალი სექსუალური არ არის, ე. ი. ყველანაირი ქალური თვისება დაკარგული აქვს. ჩემი აზრით, ნებისმიერი ქალი სექსუალურია. გააჩნია, საკუთარ თავს როგორ წარმოაჩენს. არ შეიძლება, სექსუალურობაზე სტერეოტიპების მიხედვით ვიმსჯელოთ. ჩემთვის სექსულურობა იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი ვიყო. ის გავაკეთო, რაც თავისით მოდის. სპეციალურად მოგონილ მიმიკებს და ქმედებებს არ ვიყენებ.

ასაკის მატებასთან ერთად, ფულის მნიშვნელობას ვხვდები. ბავშვობაში ფული არ მაინტერესებდა – მცირე ასაკში რა საზრუნავი მექნებოდა? რაც უფრო ვიზრდები, ვფიქრობ. ფული გიყვარს თუ არა, ის მაინც საჭიროა. გჭირდება განვითარებისთვის, სილამაზისთვის, ჯანმრთელობისთვის… გინდა, თუ არა, ადამიანს ამაზე ფიქრი მაინც გიწევს.

მამაჩემი ყველაფერს აკეთებდა, რაც მოეპრიანებოდა. ის უნიკალური, ნიჭიერი ადამიანი გახლავთ. რაც კი მოისურვა, ყველაფრის საფუძველი იპოვა და გააკეთა. ნებისმიერი ადამიანი ასეა. მთავარია, მოინდომო და შეძლებ! შესაძლებლობების საზღვრები არ არსებობს. მამამ ბევრ სფეროში მოსინჯა ძალა და კარგადაც გამოუვიდა. მეც ასეთი ვარ. რასაც არ უნდა „მოვედო“, თუ მინდა, ყოველთვის ყველაფერი გამომდის. ამ ნიჭისთვის მამას ვემადლიერები.

ბევრ შემოთავაზებაზე უარს ვამბობ. მაგალითად, ისეთ ადგილას არ ვიცეკვებ, სადაც ჩემი გამოჩენა სახელს შემილახავს.

წყობილებიდან ხშირად გამოვდივარ. ასეთი ხასიათი მაქვს: რაიმე მიზეზის გამო, უცებ „ავფეთქდები“ და უცებ ვწყნარდები. იმპულსური ვარ. ემოციურად პასუხის გაცემა, თავის მართლება ან რაღაცის მტკიცება ძალიან მიყვარს.

თბილისის ღამის კლუბებში დაბალი ხარისხის მუსიკას უკრავენ. ცხადია, ყველა კლუბს არ ვგულისხმობ, თუმცა ბევრგან ასეა. ისეთ კლუბებში დავდივარ, სადაც ზუსტად ვიცი, რა სახის საღამო იმართება და როგორი მუსიკა იქნება.

ბევრისთვის მითქვამს, რომ მისთვის ცეკვაზე სიარული ფულის და დროის ტყუილად დაკარგვა იქნებოდა. ერთი საცეკვაო მოძრაობით ვხვდები, ადამიანისგან მოცეკვავე დადგება თუ არა. დელიკატურად ვუხსნი, რომ ჯობია, ისევ თავის საქმეს მიხედოს. თუკი უბრალოდ, გართობა უნდა და არ სურს, ცეკვას პროფესიონალურად გაჰყვეს, არ ვეწინააღმდეგები – იაროს და გაერთოს.

სიკვდილი არ მინდა. ყველაფერს ეშველება, სიკვდილის გარდა. ცხოვრება ძალიან მიყვარს, თუმცა არ ვიცი, სიკვდილის შემდეგ რა მოხდება. შეიძლება, უკეთესი რაღაცები მელოდება, მაგრამ უპირატესობას ვანიჭებ, დღეს როგორ ვარ. დღევანდელი დღით ვცხოვრობ.

ცნობილი ვარ და მორჩა. თავს ვარსკვლავად არ მივიჩნევ. ხალხისგან დადებით ემოციას ვიღებ. ეს რომელ ადამიანს არ მოეწონებოდა?

ყველა დედა და ყველა დიასახლისი გამიგებს, რომ ძალიან რთულია, სახლის საქმეებიც გააკეთო და თან, პროფესიულ საქმესაც მიხედო. ეს მოსაბეზრებელი არ არის, რადგან ჩემს ცხოვრებაში ოჯახი პირველ ადგილზე დგას. ვცდილობ, საოჯახო საქმეებიც მოვაგვარო (ძიძაც მეხმარება) და პროფესიულიც.

ბოლო დროს მივხვდი, რომ სადაც საჭირო არ არის, იქ ცხვირი არ უნდა ჩავყო. მაგალითად, წინათ, როცა ვხედავდი, რომ ჩემი მეგობრები არასწორად იკვებებოდნენ, ვასწავლიდი, ასე ნუ იკვებები, არ შეიძლება-მეთქი. შემდეგ, ამის გამო კონფლიქტი მოგვდიოდა. ახლა მივხვდი, რომ სხვის საქმეში არ უნდა ჩავერიო და წყნარად ვარ.

ყველაზე მეტად წყლის და ძაღლების მეშინია, თუმცა ცურვა კარგად ვიცი. შემიძლია, შორს გავცურო, მაგრამ როცა ვხვდები, რომ ჩემს ქვემოთ, ფსკერამდე დიდი სივრცეა, უცებ ნაპირისკენ მოვცურავ. რაც შეეხება ძაღლებს, შემიძლია მათ შორიდან მივესიყვარულო, მაგრამ ვერ მივეკარები. ალბათ, ეს ერთგვარი ფობიაა. შეიძლება, პატარა ლეკვისაც კი შემეშინდეს.

ჩემი ცხოვრების მიზანია, რომ ბედნიერი ვიყო!

ავტორი: ეთო ყორღანაშვილი
ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე