მთავარი სოციალური ცხოვრება სპორტი ჩოგბურთის პრობლემები და წარმატებები

ჩოგბურთის პრობლემები და წარმატებები

საქართველოში ჩოგბურთის მიმართ სიყვარული და ინტერესი საკმაოდ მაღალია, ამიტომ ჩვენს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარებას ბევრი მოუთმენლად ელის. ქართველი ჩოგბურთელები ცხოვრებას და მოღვაწეობას საზღვარგარეთ ამჯობინებენ. სამშობლოში მათთვის პირობების შექმნას ჩოგბურთის ფედერაცია და კერძო დაწესებულებები ცდილობენ.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია 1991 წელს ჩამოყალიბდა. ის მაშინდელი მსოფლიოს „მეთორმეტე ჩოგნის“ და სსრკ-ის ჩემპიონის – ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიაში მდებარეობდა. მოგვიანებით, ფედერაციამ ვერის ბაღში დაიდო ბინა. 2015 წელს, ბავშვთა ოლიმპიური ფესტივალისთვის შენობა და კორტები აშენდა, სადაც შემდეგ ჩოგბურთის ფედერაციაც გადავიდა.

ფედერაცია ახალ ტერიტორიაზე (მზიურის ბაღთან) ჩოგბურთელებისთვის სავარჯიშო პირობების შექმნას ცდილობს, თუმცა ზამთარში აქ ვარჯიში თითქმის შეუძლებელია (სიცივის გამო). ამ ეტაპზე, გადახურული შენობების დამატებას არ გეგმავენ, ამიტომ ზამთარში ჩოგბურთელები უმეტესწილად, ლეილა მესხის აკადემიაში მიდიან, სადაც გადახურულ შენობებში გათბობის სისტემა მუშაობს, აუზი და ტრენაჟორების დარბაზებიც ფუნქციონირებს. ასევე, გრუნტის და მყარი ზედაპირის კორტების არჩევანია, ფედერაციაში კი სპორტსმენებს მხოლოდ ერთი – მყარი ზედაპირის კორტი (Hardcourt) აქვთ.

ვისაც პირადი ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვარჯიშს საზღვარგარეთ (თურქეთში, ევროპაში, ამერიკაში და სხვ.) ამჯობინებს. ჩოგბურთელები იქ ტურნირებზე სიარულს უფრო მარტივად ახერხებენ. მგზავრობის ხარჯებიც ნაკლებია, სავარჯიშო პირობები კი ისეთი კომფორტულია (ინფრასტრუქტურა. ამინდი…), რომ საქართველოში მხოლოდ ტურნირებში მონაწილეობისათვის თუ ჩამოდიან. ჩვენთან შიდა საერთაშორისო ტურნირებიც ტარდება (მაგალითად, ალექსანდრე მეტრეველის სახელობის). ლეილა მესხის აკადემიაში, საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა 14-16 წლის ბავშვებს შეუძლიათ.

ბავშვები ჩოგბურთის თამაშს 5-6 წლიდან იწყებენ. 10 წლამდე კვირაში 3-ჯერ, 1-1.5 საათი ვარჯიშობენ. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, დატვირთვა იზრდება. ნიჭიერი ჩოგბურთელი 12 წლიდან წელიწადში 15-20 ტურნირში უნდა მონაწილეობდეს და კარგი შედეგიც ჰქონდეს. ეს სარეიტინგო ქულების დაგროვებისა და მსოფლიოს საკვალიფიკაციო ბადეში მოხვედრის აუცილებელი პირობაა. „ – სტატისტიკურად, თუ ბავშვი 14 წლამდე ევროპის 10 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის გამოირჩევა, მოგვიანებით, მსოფლიო აღიარებასაც აღწევს და მსოფლიოს 100 გამორჩეულ ჩოგბურთელს შორის ხვდება. მაგალითად, ირაკლი ლაბაძე მსოფლიო რეიტინგში (ATP) 42-ე ადგილზე იმყოფებოდა,“ – ამბობს თორნიკე კიკნაველიძე, რომელიც გარდა იმისა, რომ თავადაც მწვრთნელია, მწვრთნელთა გადამზადების კურსებსაც კურირებს.

მწვრთნელთა გადამზადება საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით ხდება. ბოლო წლების განმავლობაში, კურსების გავლის შემდეგ, სერტიფიკატი 80-მდე მწვრთნელს გადაეცა. ჩოგბურთი ყოველწლიურად ვითარდება. ამიტომ, დროთა განმავლობაში, სერტიფიკატი ძალას კარგავს და მისი ხელახლა აღება ან გახანგრძლივება აუცილებელია (ფედერაციის მიერ შემოთავაზებულ კურსებზე დასწრება სერტიფიკატს ახანგრძლივებს). კარგი მწვრთნელის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ბავშვის ზუსტი ფსიქოლოგიური შესწავლა და მისი თამაშის ტაქტიკური განვითარებაა. ყველა ჩოგბურთელს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.

ბავშვის ჩოგბურთელად ჩამოყალიბებისთვის, მოგვიანებით კი სხვადასხვა ტურნირში ასპარეზობისთვის დიდი ფინანსური სახსრებია საჭირო. ამჟამად, საქართველოს სახელით, რამდენიმე ნიჭიერი ჩოგბურთელი (ანა შანიძე, მარიამ ბოლქვაძე, ნიკოლოზ დავლიანიძე, ვაჟა შუბლაძე, გიორგი ცივაძე, ცოტნე ძიმისტარიშვილი…) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასპარეზობს. ფედერაცია მათ ტურნირებზე მონაწილეობას მხოლოდ ნაწილობრივ უფინანსებს.

ქალებს შორის, საქართველოში სოფიო შაფათავა #1 ჩოგბურთელია. ამჟამად, ის შვეიცარიაში, ერთ-ერთ ტურნირზე ასპარეზობს. „ – ფედერაცია თავის მაქსიმუმს აკეთებს, თუმცა საკმარისი სახსრები არ აქვს. ჩოგრბურთელებს ამის გამო დაფინანსება გვაკლია, არადა შედეგს გვთხოვენ. წელს ფედერაციისგან 15 000 ლარი მივიღე, რაც 5 შეჯიბრებას მიფინანსებს, თუმცა რეალურად, წელიწადში 25-30 ტურნირში უნდა ვმონაწილეობდე. გარდა ამისა, მწვრთნელის და ექიმის ხარჯებიც თავად უნდა დავფარო. ჩოგბურთელების მიმართ ინტერესს ინვესტორებიც არ გამოხატავენ,“ – გვითხრა სოფიომ. მისი თქმით, სავარჯიშო პირობები საქართველოში არც თუ ისე სახარბიელოა, დინამოს კორტების დანგრევა კი ყველა ქართველი ჩოგბურთელის ტკივილია.

ყოველი წლის ბოლოს, ფედერაციაში დასაფინანსებელი სპორტსმენების სიას ადგენენ. ნიკოლოზ ბასილაშვილს მეტი თანხა სჭირდება, რადგან კვალიფიკაცია და დამსახურებაც მეტი აქვს. „ – მიმდინარე წლისთვის 100 000 ლარი ფედერაციის თასის გუნდისთვის ინდივიდუალურად გამოიყო, 100 000 ლარი – დევისის თასის გუნდისთვის, 70 000 ლარი – მცირე ასაკის (Junior) ჩოგბურთელებისთვის. ფედერაცია უცხოეთში ასე არავის აფინანსებს, იქ მოთამაშეებს მხოლოდ კოორდინაციას უწევენ. საქართველოში ფედერაციას „დამფინანსებლის“ სტატუსი აქვს. ქვეყანა ღარიბია და ამ დაფინანსების გარეშე, ალბათ, ჩოგბურთი არც იარსებებდა,“ – ამბობს ზურაბ ქაცარავა, ფედერაციის გენერალური მდივანი. ჩოგბურთელებისთვის დაფინანსება არასაკმარისია, თუმცა ბატონი ზურაბის თქმით, მეტის შესაძლებლობა არ არის.

ახალმა კორტებმა (მზიურთან) მუშაობა 1 სექტემბერს განაახლა. აქ რამდენიმე ჩოგბურთელი უკვე ვარჯიშობს. 17 წლის დავით ჭელიძე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს სახელით მონაწილეობდა, სადაც საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა. მისი ამჟამინდელი მწვრთნელი დავით კვერნაძეა. ბატონმა დავითმა სანჩესის სახელობის სამწრთვნელო სერტიფიკატი ესპანეთში აიღო. „ – ფიზიკური მომზადების პრობლემაც გვაქვს, რადგან ზოგი მძლეოსანი ან ათლეტია, ჩოგბურთის მიმართულებით კონცენტრირებული კი – თითქმის არავინ,“ – ამბობს დავით კვერნაძე. ის საკუთარი დამსახურების გამო შეარჩიეს. ბავშვებისთვის მშობლები მწვრთნელებს მიღწევების მიხედვით არჩევენ. მწვრთნელებს რაც მეტი ბავშვი ჰყავთ აღზრდილი და წარმატებისკენ მიმართული, მათზე მოთხოვნაც უფრო იზრდება.

ფედერაციის კორტებზე 19 წლის მარიამ ბოლქვაძეც ვარჯიშობს. ის ლონდონში ცხოვრობს, თუმცა ამჯერად, საქართველოში ერთ-ერთ ტურნირში მონაწილეობისთვის ჩამოვიდა (ბათუმში). მან საერთაშორისო ქულების დაგროვება 15 წლიდან დაიწყო და 400 საუკუთესო ჩოგბურთელს შორის მოხვდა (მაჩვენებელი უმჯობესდება). „ – საკუთარი თავის რწმენა ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატებისთვის ყოველთვის ვიბრძოლებ,“ – ამბობს მარიამი. ის უიბლდონზე ვარჯიშობს და საქართველოში მცხოვრებ სპორტსმენებთან შედარებით, ტურნირებისთვის ბევრად უკეთეს პირობებში მომზადების შესაძლებლობა აქვს.

ჩოგბურთი საქართველოში ნელ-ნელა ვითარდება, თუმცა საკმაოდ გრძელი გზაა გასავლელი. უამრავი ნიჭიერი ჩოგბურთელი სპონსორის იმედად რჩება. უკვე წარმატებული ჩოგბურთელები ხშირად დამწყებ სპორტსმენებთან თამაშებს მართავენ, რაც ახალგაზრდებს მოტივაციას და გამოცდილებას ჰმატებს. ფინანსური პრობლემებისა და რთული სავარჯიშო პირობების მიუხედავად, ქართველი ჩოგბურთელები წარმატების მიღწევას თავდაუზოგავად ცდილობენ.

pepper.ge