მთავარი შემოქმედება არქიტექტურა ა ნ ძ ა

ა ნ ძ ა

თბილისის სატელევიზიო ანძა დიდი ხანია, დატვირთული რეჟიმით მუშაობს. ტელევიზორით, ტელეფონით, რაციით თუ სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, ის საზოგადოებასთან მუდმივ კავშირშია. მალე მის სიმაღლეში გაზრდას და გადამცემების დამატებასაც გეგმავენ.

ანძის ტერიტორიაზე შესვლა მოქალაქეებისთვის აკრძალულია, თუმცა ჟურნალისტის ამპლუაში, შესვლა არ გამჭირვებია და საგუშაგოდან ზემოთ ასასვლელად მივემართები.

სატელევიზიო ანძა საყრდენი მოწყობილობა გახლავთ, რომელზეც სხვადასხვა ტექნოლოგიური ანტენა და გამომსხივებელია დაკიდებული. მსოფლიოში არსებული ანძები ერთმანეთისგან მათი მახასიათებლებით განსხვავდება. არსებობს პანორამული ანძები, სადაც ტურისტების ასვლაა შესაძლებელი. სამწუხაროდ, ჩვენი ანძა ამ ფუნქციას თავიდანვე არ ითვალისწინებდა.

თბილისის საერთო სატელევიზიო მაუწყებლობა 1956 წელს დაიწყო. მაშინ გადმოცემას 186 მ. სიმაღლის სატელევიზიო კოშკი უზრუნველყოფდა. დროთა განმავლობაში, მეტი გადამცემი და მრავალფუნქციური სატელევიზიო მაუწყებლობა აუცილებელი ხდებოდა. ამის გამო, 1974 წელს ძველი სატელევიზიო ანძა 274,5 მ. სიმაღლის ახალმა ანძამ ჩაანაცვლა, პატარა კი – გორში გადაიტანეს, სადაც მუშაობას დღესაც წარმატებულად აგრძელებს.

გარდა იმისა, რომ თბილისის სატელევიზიო ანძა ძალიან მაღალია, საკმაოდ განიერიცაა. მასთან მიახლოება ნებისმიერ ადამიანზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს. ანძის ასასვლელთან ტექნიკური საამქროს ინჟინრის მოადგილე – ვახო შარიქაძე შემხვდა. მასთან ერთად, ლიფტით ზემოთ, 77 მ. სიმაღლეზე ავედი. ვახო უკვე 8 წელია, ანძაზე მუშაობს და ზევით ასვლა ყოველდღიურად უწევს. „ – სიმაღლის ხშირი ცვალებადობა წნევის აწევ-დაწევას იწვევს, რაც მუშაობის დროს არასასიამოვნოა, თუმცა ამას უკვე მიჩვეულები ვართ,“ – ამბობს ვახო. ლიფტი ძველია, მაგრამ – განახლებული. მასში სართულების მაჩვენებლების არსებობის მიუხედავად, გაჩერებებს სართულების ნაცვლად, მეტრებით ითვლიან.

ასვლისას პირველი, რაც შევნიშნე, პირდაპირი ჩართვების გადამცემები იყო. ზოგიერთ მათგანს გაგრილების სისტემა და პირადი ოთახიც აქვს (თანამშრომლები „VIP ოთახსაც“ ეძახიან). უშუალოდ ანძაზე 8 თანამშრომელი მუშაობს. თანამშრომელთა შტატის შემცირების შემდეგ, რაც ციფრულ სისტემაზე გადასვლის მერე მოხდა, ინჟინრის თანამდებობა ოპერატორობამ შეცვალა. აქ მყოფი თანამშრომლების მოვალეობა ჩართვა-გამორთვა და სისტემების მონიტორინგია. სისტემებს ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ამოწმებენ. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ნებართვის გარეშე ჩარევის უფლება არ აქვთ. სისტემებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე კომპანიები იღებენ.

ჩვენ გარშემო რადიო „მუზას“, „სუპერ-TV“-ის, რადიო „საპატრიარქოს“ სარეზერვო გადამცემი, „რუსთავი 2“-ის პირდაპირი ჩართვის გადამცემის პირადი ოთახი და კიდევ სხვა სისტემებია. შსს -ს და საელჩოების გადამცემების ოთახი დალუქულია – იქ ვერავინ შედის.

აივანზე გამოსულები პატარა, სახიფათო ხიდით მეორე მხარეს გადავედით, საიდანაც „ჯეოსელის“ გადამცემი სისტემა გამოჩნდა. ვახომ სიგარეტი ჯერ ჩააქრო, მერე კი – გადააგდო. ხანძრის გაჩენის შეეშინდა. ანძაზე ხანძარი ჯერ არავის დავიწყებია: 1994 წელს, როცა „მხედრიონი“ საკუთარი ტელეარხის მაუწყებლობას ახორციელებდა და ანძაზე კონტროლიც დამყარებული ჰქონდა, გადამცემებს ხანძარი გაუჩნდა. მის ჩაქრობას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ. გადამცემები განადგურდა და „მხედრიონის“ არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა. ხანძრის კვალი ანძას დღესაც ეტყობა, თუმცა – უმნიშვნელოდ.

გასასვლელთან მოვედით და ვსაუბრობდით, როცა ლიფტიდან ტექნიკური საამქროს ენერგიული უფროსი – იურა გვილავა გამოვიდა და მეორე ოთახში სწრაფად გავიდა. ეტყობოდა, ზემოთ ასვლა ეჩქარებოდა, თუმცა შემნიშნა თუ არა, ჩემთან საუბარი დაიწყო – არკვევდა, ასეთ სიმაღლეზე მოულოდნელად ასვლა რაში დამჭირდა. საბოლოოდ, ყველაფერი გაირკვა და იურასთან ერთად, 164 მ. სიმაღლეზე სამუშაო ლიფტით ავედი. ვახო ჩვენ შემდეგ ამოვიდა, რადგან სამუშაო ლიფტში ორი ადამიანი გაჭირვებით ვიდექით.

ძირითადად, ამ სიმაღლეზე სხვადასხვა სახის თუ ფირმის ანტენები და გადამცემებია დამაგრებული. სატელევიზიო ანტენები და მაღალი გასხივების მქონე გადამცემები ანძის კენწეროშია მობილიზებული, საიდანაც კავშირი საქართველოს ყველა მიმართულებით მყარდება. აქვე მანათობელიც შევნიშნე, რომელიც ანძას სხვადასხვა ფერებად ანათებს. ანძის განათებასა და განათების ფერებზე პასუხისმგებელი თბილისის მერია გახლავთ.

ვიდრე ანძას გაანათებენ, მანამდე წითელ და თეთრ ფერებში ღებავენ. ამიტომ მფრინავებს მისი შემჩნევა საერთოდ არ უჭირთ. 70-იან წლებში, ანძის შეღებვა ერთ ადამიანს ევალებოდა. ახლა ამ საქმეს რამდენიმე ადამიანი ასრულებს.

ანძაზე ჩემი ყოფნის დროს, ტექნიკოსები სამონტაჟო სამუშაოებს აწარმოებდნენ – სარეზერვო ციფრულ გადამცემ ანტენას კენწეროზე ამაგრებდნენ, სადაც სპეციალური, გამოსხივების საწინააღმდეგო ტანსაცმლით ადიან. მუშაობა მზიან ამინდში მიმდინარეობდა, მაგრამ უცებ, ქარის საშიშროება იგრძნეს და ნერვიულობა დაიწყეს: ქარში მუშაობა სამუშაო პროცესის შენელებას ან სხვა დროისთვის გადადებას იწვევს. ანძის კენწეროზე ასვლა ცალკე კიბით ხდება. საქმის დასრულების გარეშე, იქიდან ჩამოსვლა და შემდეგ, ხელმეორედ ასვლა ძალიან არასასიამოვნოა.

უამინდობაში ანძაზე მეხის დაცემის ალბათობაც საკმაოდ მაღალია. ამ დროს შეიძლება, ელექტროსისტემა წყობიდან გამოვიდეს და მისი ჩანაცვლება სარეზერვო მოწყობილობით გახდეს საჭირო. მოგეხსენებათ, სფერული მეხიც არსებობს, რომელიც ადამიანს ეცემა. ამიტომ უამინდობისას ანძაზე ასვლა ყველასთვის აკრძალულია.

სარეზერვო ანტენის აწევისას, თოკი ბოლოს წინა აივანს წამოედო. იურამ ვახოს კიბით ზევით ასვლა და თოკის გამოთავისუფლება სთხოვა. ზევით ასვლა მეც მოვინდომე. თავდაპირველად, ეჭვის თვალით შემომხედეს, თუმცა მალე მიხვდნენ, რომ თავდაჯერებული ვიყავი და ზემოთ ასვლასთან დაკავშირებით, პრობლემა არ მქონდა. მე და ვახო 252.83 მ. სიმაღლეზე ვიწრო სამუშაო კიბით ავედით.

აივანზე გამოსვლისას მივხვდი, რომ უკვე საგრძნობლად დიდ სიმაღლეზე ვიდექი. ზამთარში თოვლი რომ არ დაგროვდეს, აივანს ჭრილები აქვს გაკეთებული და ქვევით ყველაფერი ჩანს. წრეზე მაინც გავედი. გარშემო რამდენიმე გადამცემი და ანტენა ეყენა. თბილისის არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა. ნაცნობი შენობების დანახვას ვცდილობდი, როცა იურას შეძახილი შორიდან მომესმა – ქარის მოახლოებასათან დაკავშირებით გვაფრთხილებდა. ფოტოების გადაღება დავასრულე და ვახოს გასასვლელისკენ ვანიშნე. ჩვენი ჩასვლის დროც მოვიდა…

კიბეებზე ჩამოსვლა ასვლაზე რთული აღმოჩნდა, თუმცა როგორღაც, ნელ-ნელა მაინც ჩავედი: ჯერ – სამუშაო ლიფტით, შემდეგ – ჩვეულებრივი ლიფტით სულ ქვევით, მერე კი – გარეთ გავედით, სადაც საქართველოს ტელერადიო ცენტრის დირექტორის მოადგილე – ბორის ადამია შემხვდა. ის აქ სტუდენტობის პერიოდიდან – 1978 წლიდან მუშაობს. გვერდზე შენობაში ერთად გადავედით. ქვედა სართულზე, მულტიპლექსის სისტემისა და მონიტორინგის ცენტრის სანახავად ჩავდიოდით, თან, გზაში ანძის ფინანსურ საკითხებზე ვსაუბრობდით.

ერთი გადამცემისთვის (სისტემისთვის) ადგილის გამოყოფა ანძაზე ყოველთვიურად, 1200 ლარი ჯდება, არხის გადაცემა 1 მეგაბიტის გატარებით და ანძის პირადი მულტიპლექსის (რაც სატელევიზიო მაუწყებლობას უზრუნველყოფს) მეშვეობით, 9 000 ლარი ღირს. ძირითადად, 2.2 მეგაბიტს ატარებენ. მაღალ გაფართოებას (HD) სამი ჩვეულებრივი არხის რესურსი, 8 მეგაბიტის გატარება სჭირდება. შესაბამისად, 9 000 ლარი 8-ზე მრავლდება და ყოველთვიური გადასახადი 72 000 ლარი გამოდის. კერძო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ ტელერადიოცენტრს 3 არხის გატარების (საერთოდ, 15-მდეა შესაძლებელი) უფლება მისცა, დანარჩენს – კერძო კომპანიები, მაგალითად – „სტერეო+“ და რამდენიმე რეგიონალური მაუწყებლობის მულტიპლექსები ატარებენ. ტელერადიოცენტრის მულტიპლექსის ბოლომდე დატვირთვის შემთხვევაში, სხვა საჭირო აღჭურვილობა-დანადგარების შეძენასთან ერთად, თანამშრომლების ხელფასების გაზრდაც მოხერხდებოდა, რაც ამჟამად, 600-დან 1200 ლარამდე მერყეობს.

ამასობაში, მონიტორინგის ოთახში შევედით. ორი გოგონა ეკრანებს აკვირდებოდა. საქართველოს მასშტაბით, ყველა საბაზო სადგური აქედან კონტროლდება. ეკრანზე მწვანე და ყვითელი ფერი ხარვეზის გარეშე მუშაობის მანიშნებელია. თუ რომელიმე სადგურს ძაბვა არ მიეწოდება, მაჩვენებელი წითელ ფერს იღებს. ყვითელი მაშინ ინთება, როცა დენი სადგურს გენერატორის მეშვეობით მიეწოდება. „ – ყოველ დილას თათბირს ვატარებთ, სადაც სადგურებზე არსებულ პრობლემებს განვიხილავთ და საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკოსების გუნდს ხარვეზის გასწორების მიზნით, ადგილზე ვგზავნით,“ – ამბობს ბატონი ბორისი.

საქართველოს მასშტაბით, ტელერადიოცენტრის გამართულ მუშაობაზე 230 თანამშრომელია პასუხისმგებელი (თბილისში – 80 თანამშრომელი). ციფრულ სისტემაზე გადასვლამდე, ეს რიცხვი 400-ს აღწევდა. ქუთაისში თანამშრომლების რაოდენობა 12-დან 5-მდე შემცირდა. ამ ეტაპზე, მათი ძირითადი მოვალეობა სისტემების გადატვირთვა და მონიტორინგია.

უკვე 43 წელია, რაც ბორის ნიკოლაევის ძე ბუტის მიერ უკრაინაში დაპროექტებული, თბილისის სატელევიზიო ანძა თავის მოვალეობას ასრულებს. ამ პერიოდის განმავლობაში, მისი იერსახე(ფერის გარდა) ჯერ არ შეუცვლიათ, თუმცა ძალიან მალე სიმაღლეში გაზრდიან – კენწეროზე ადგილის უკმარისობის გამო, 2 მეტრის დაშენება გადაწყვიტეს და ანძის სიმაღლე 276,5 მ. გახდება.

ამ ახალი ამბით, თბილისის სატელევიზიო ანძაზე ჩემი თავგადასავალი დასასრულს მიუახლოვდა. ბატონი ბორისი გამომემშვიდობა და სატელევიზიო არხის დაფუძნების შემთხვევაში, მეგობრულ და თბილ მიღებასაც დამპირდა. ამ საქმისთვის საკმარისზე მეტი დრო მექნება – ანძა მთაწმინდაზე კიდევ საუკუნის განმავლობაში იდგება.

ირაკლი შალამბერიძე