მთავარი აქტიური ცხოვრება მოგზაურობა თბილისის ზღვაზე დასვენება შესაძლებელია (?)

თბილისის ზღვაზე დასვენება შესაძლებელია (?)

თბილისში ცხელი ზაფხულის გატარება თითქმის არავის სურს. დასასვენებლად შავი ზღვისკენ, მდინარესთან ახლოს ან უბრალოდ, რომელიმე მყუდრო ადგილას მიემგზავრებიან, ზოგი საზღვარგარეთ დასვენების უფლებასაც აძლევს თავს. ვისაც ქალაქიდან გასვლის შესაძლებლობა არ აქვს, დასვენება თბილისის ზღვაზეც შეუძლია, თუმცა ალბათ, ეს ბევრს ვერ წარმოუდგენია…

თბილისის ზღვის სანაპიროზე კომფორტული დასვენებისთვის მოწყობილ ინფრასტრუქტურას რამდენიმე ადგილას შეხვდებით. მაგალითად, ასეთი ადგილებია: „თბილისის ზღვის კლუბი“ და შპს „იახტ კლუბი“ (რესტორანი La Cote). თემქის მხრიდან, დაცულ სანაპიროსაც ნახავთ, სადაც მაშველებიც არიან და ზღვაში შესვლა საფრთხეს არ წარმოადგენს.

თბილისის ზღვაზე წყლის თხილამურებზე დგომა, ნავით ან კატამარანით გასეირნება, წყალში სიმაღლიდან ხტომა და აფროსნობის შესწავლაც შესაძლებელია. შავი ზღვისგან განსხვავებით, თბილისის ზღვის წყალი მტკნარია და ცურვისას ადამიანი უფრო მალე იღლება. ამიტომ მაშველები შორს გაცურვისგან ყველას თავშეკავებას სთხოვენ.

სამწუხაროდ, პლაჟის უმეტესი ნაწილი მოუწესრიგებელია. ნაპირთან ახლოს ამოსული მცენარეები და ლაფი ზღვაში შესვლას არასასიამოვნოს ხდის. საერთო სანაპიროს მოწესრიგება წლების წინ დაიწყეს, თუმცა პროცესი შეჩერებულია. მიუხედავად ამისა, კარგი ამინდის შემთხვევაში, უფასო პლაჟზე დამსვენებლების რაოდენობა დიდია.

ზღვასთან ახლოს, წყალმომარაგების კომპანია GWP სიონიდან წამოსულ გადაუმუშავებელ წყალს თბილისის ზღვაში უშვებს, რაც ჩანჩქერის წარმოქმნას იწვევს. აკრძალვის მიუხედავად, ადამიანები ჩანჩქერთან საბანაოდ ხშირად მიდიან. ამიტომ რამდენჯერმე უბედური შემთხვევაც მომხდარა. თბილისის ზღვაზე მომხდარი უბედური შემთხევების რიცხვი მაღალია, რაც უსაფრთხოების ნორმების გაუთვალისწინებლობისა და უკონტროლო სანაპირო ზოლის შედეგია.

დაცული სანაპიროების გარდა, ზღვაში შესვლა ყველგან იკრძალება, თუმცა ხშირად აკრძალვას ყურდღებას არ აქცევენ. გარდა ამისა, ტერიტორიის დანაგვიანებაც აქტუალური პრობლემაა. „ – ნაგვის ურნები დადგეს, თუმცა ნაგავი ურნამდე არ მიაქვთ. კოცონს ანთებენ და ტოვებენ. ღამით აქაურობა უფასო ბორდელს წარმოადგენს. უკულტურო ხალხის ბრალია, რომ თბილისის ზღვას რეპუტაცია გაფუჭებული აქვს,“ – ამბობს თბილისის ზღვის მაშველ-აფროსანი – ვასილ რეხვიაშვილი. თბილისის მერია ტერიტორიის შესწავლას (კომერციული პოტენციალის დადგენის მიზნით) დღემდე ახორციელებს.

ამჟამად, თბილისის ზღვასთან კომფორტული გარემოს შექმნაზე კერძო ინვესტორები უფრო მეტად ზრუნავენ. პრობლემების მიუხედავად, დაცული სანაპირო და კლუბები (სადაც შესვლა 15-30 ლარი ღირს) მეტ-ნაკლებად სასიამოვნო დასვენების შესაძლებლობას გვაძლევს.