მთავარი აქტუალური თემა ხელობა ტატუს ოსტატების მომსახურება

ტატუს ოსტატების მომსახურება

ტატუმსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ტატუს (სვირინგის) ოსტატებს მუშაობისთვის ლიცენზია სჭირდებათ. ისინი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის სოლიდურ გადასახადებსაც იხდიან. საქართველოში, ტატუს სალონებში ლიცენზირებულ ხელოვანებს ვერ ნახავთ. ტატუს ოსტატების მომსახურება საკმაოდ ძვირი ღირს. ისინი ბიუჯეტში თითქმის არაფერს იხდიან („მიკრობიზნესის მწარმოებლის“ სტატუსით სარგებლობენ).

ტატუ

სასურველია, პროფესიონალ ხელოვანს აკადემიური განათლება ჰქონდეს მიღებული, თუმცა ბევრი ნიჭიერი ოსტატი თვითნასწავლი გახლავთ. ისინი ადამიანის ანატომიაში, გრაფიკასა და ფერების თეორიაში ერკვევიან. ხატვას კარგად ახერხებენ (ესკიზებს ქმნიან) და ინდივიდუალური ხედვაც აქვთ, რაც სვირინგის ხარისხზე აისახება. მაღალი დონის პროფესიონალები საქართველოშიც მუშაობენ, თუმცა მათი მომსახურებით სარგებლობა რთულია (გადატვირთული განრიგის გამო).

ტატუ

მუშაობის დაწყებამდე, ტატუს პროფესიონალი ოსტატი სამუშაო აპარატს დეზინფექციას უკეთებს, ხოლო გარშემო, რასაც ხელით ეხება, ყველაფერს ცელოფანში ახვევს. რაიმე სახის ინფექციის გადატანა გამორიცხულია. წინათ, ხალხი ტატუს ნემსით, სახლის პირობებში იკეთებდა. უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. ამიტომ ინფექციური დაავადებები, უკიდურეს შემთხვევაში კი – განგრენაც ემართებოდათ. თანამედროვე პირობებში, სვირინგის გაკეთებისას მცირე ზომის ნაიარევი ან კანის რაიმე სახის გაღიზიანებაც იშვიათია.

ძველი სამუშაო აპარატი
ტატუ
ახალი სამუშაო აპარატი

დროთა განმავლობაში, ტატუს გაკეთებისთვის აუცილებელი ტექნიკა ვითარდებოდა. ადრინდელ მოდელებთან შედარებით, თანამედროვე სამუშაო აპარატი (მაგალითად – Cheyenne-ის ან InkJecta-ის ფირმის) ძალიან მსუბუქია. ხანგრძლივად მუშაობა ამ აპარატის გამოყენებით უფრო კომფორტულია. საღებავები სპეციალურად ტატუსთვის არის შემუშავებული და კანისთვის უვნებელია. აპარატს ნემსის თავს (რომელიც სხვადასხვა ზომისაა და ერთჯერადია) უცვლიან. მისი დახმარებით, კანში საღებავის შეყვანა იმ დონემდე ხდება, რომ სისხლი გარეთ თითქმის არასოდეს გამოდის, სისხლში საღებავის გარევა კი – შესაძლებელია (სისხლის ჩაბარებისას, ტატუს შესახებ ამიტომ გვეკითხებიან).

ტატუ

ტექნოლოგიებთან ერთად, ტატუს კულტურაც ვითარდებოდა. თანამედროვე ოსტატები სხვადასხვა სტილის სვირინგს (ჰიპერ რეალისტური, სამგანზომილებიანი, იაპონურ-ტრადიციული, ძველი და ახალი სტილის, ნეო ტრადიციული, ორნამენტული, მინიატურული, ბიომექანიკური და სხვ.) ქმნიან. ზოგიერთი მათგანის დახატვას რამდენიმე დღე (სეანსი 6-7 სთ. გრძელდება) სჭირდება.

ტატუ

მსოფლიოში ტატუს ფესტივალები (კონვენციები) ხშირად ტარდება. პოპულარულ ქალაქებში (ნიუ-იორკი, ლონდონი და ა.შ.) გამართულ ფესტივალებში მონაწილეობა და გამარჯვება ძალიან პრესტიჟულია. საქართველოდან გამგზავრება და მონაწილეობა საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. მიღებულ სერტიფიკატს ან ჯილდოს ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელობას არ ანიჭებენ. საქართველოში ტატუს ფესტივალიც კი არ ტარდება.

ტატუს ოსტატის მომსახურება საათობრივად განისაზღვრება: საშუალოდ, 1სთ. 50$ ღირს. სირთულის მიხედვით, საფასური შეიძლება, საკმაოდ სოლიდური აღმოჩნდეს, თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქ უფრო იაფია (მაგალითად, ლონდონში 1სთ. 300$-მდე ღირს). ამერიკაში ტატუ კულტურის ნაწილია. იქ  მოსახლეობის უმრავლესობას სვირინგი აქვს. ჩვენთან, რელიგიის გამო, ტატუს გაკეთებისგან ბევრი თავს იკავებს.

ტატუ

პროფესიონალები მიიჩნევენ, რომ თუკი მომხმარებელს ჩამოყალიბებული არ აქვს, სხეულზე კონკრეტულად, რისი დახატვა სურს, მაშინ ის ტატუს გასაკეთებლად ჯერ მზად არ არის. საქართველოში ტატუს ძალიან ბევრი ოსტატი მუშაობს, თუმცა მათ საქმიანობას არავინ აკონტროლებს. ასე რომ, როგორ ტატუს გავიკეთებთ და ვის ვანდობთ ამ საქმეს, დაფიქრება გვმართებს.

მადლობა: ანდრეი აივაზიან

Pepper