მთავარი პიროვნება პიროვნება თათა ჯაში: „გარეგნობა არაფერია, თუ პიროვნულად არ გაფასებენ“

თათა ჯაში: „გარეგნობა არაფერია, თუ პიროვნულად არ გაფასებენ“

ლამაზი კაბის მორგება, ჰაეროვნება, სინაზის განცდა ყველა გოგოს უყვარს. სავარაუდოდ, ბავშვობაში გოგონები ბალერინობაზე ამიტომ ოცნებობობენ. ალბათ, სცენაზე გაფარფატების და ყურადღების ცენტრში მოქცევის სურვილი უჩნდებათ.

ბალერინობა გადაწყვეტილი არ მქონია. უბრალოდ, ცეკვა მიყვარდა. როცა საბალეტო სკოლაში შემიყვანეს, ამ სფეროთი მოვიხიბლე და ძალიან შემიყვარდა. ბალეტი ჩემთვის ისეთი ორგანული გახდა, რომ სხვა სახის ცეკვაზე აღარც მიფიქრია.

ისტორია ძალიან მაინტერესებს. ჩემი ერთ-ერთი სურვილი ისტორიის ფაკულტეტზე ჩაბარება და ისტორიკოსობა იყო. ასევე, არქეოლოგიაც ძალინ მაინტერესებდა.

თინეიჯერობისას, როცა უკვე საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისგან ყურადღება ვიგრძენი, ჩემს გარეგნობაზე მაშინ დავფიქრდი და იმის აღქმა დავიწყე, თუ როგორ გამოვიყურები. რამდენად ლამაზი ან მიმზიდველი ვარ, ეს სხვამ უნდა შეაფასოს.

საქართველოში, ბალერინებს უფრო მეტად გაგვიმართლა, ვიდრე სხვა ჟანრის მოცეკვავეებს, რადგან ჩვენ სახელმწიფო დასი, თეატრი, კარგი ანაზღაურება და ყველა ის პირობა გვაქვს, რაც სხვა ჟანრის მოცეკვავეებსაც უნდა ჰქონდეთ.

თინეიჯერობიდან დღემდე, ჩემთვის გამაოგნებელი შეკითხვაა: „ბალეტი რატომ აირჩიე?“ ყოველთვის მიკვირს, ზოგი ახალგაზრდისთვის ბალეტი მიუღებელი რატომ არის? მიაჩნიათ, რომ ეს სფერო ძველმოდურია. ბალეტი ძალიან მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს.  ალბათ, ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს, რისი კეთებაც უყვარს.

როცა 15 წლის გავხდი, გერმანიაში მარტო გავემგზავრე. ჩემთვის ეს რთული პერიოდი იყო, რადგან მშობლებზე ძალიან დამოკიდებული ვიყავი, უცბად კი – დიდ ქვეყანაში მარტო მოვხვდი. საბოლოოდ, სწორედ გერმანიაში გატარებულ წლებში ჩამოვყალიბდი, როგორც პიროვნება. ძალიან გავძლიერდი და ცხოვრების რიტმს ფეხი ავუწყე. საქართველოში, საბალეტო სკოლაში ვსწავლობდი. სწავლა გერმანიაში დავასრულე და თეატრში ცეკვა დავიწყე. ასევე, ბერლინში თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე.

ახალგაზრდული ასაკისთვის შეუფერებელმა ფიზიკურმა დატვირთვამ ხერხემლის მალების პრობლემა შემიქმნა. თავდაპირველად, ტკივილს ყურადღებას არ ვაქცევდი. მშობლებსაც არ გავუმხილე. ეს ჩემი დიდი შეცდომა იყო. თან, მაშინ გერმანიაში ვცხოვრობდი. ვცდილობდი, პრობლემა მარტოს გადამელახა. წელიწად-ნახევრის მერე, ტკივილი ისეთი აუტანელი გახდა, იძულებული გავხდი, ყველაფრისთვის თავი დამენებებინა და გერმანიიდან წამოვსულიყავი. ცეკვის გარდა, აწყობილ კარიერას დავანებე თავი. როცა ადამიანი წინ დიდი ნაბიჯებთ მიიწევ, უცებ კი ყველაფერი სრულდება, ამის გააზრება ძალიან რთულია.

ვერ ვეგუებოდი იმ აზრს, რომ ცეკვას ვერ გავაგრძელებდი. გონს მოსასვლელად წელიწად-ნახევარი დამჭირდა. შემდეგ, ნელ-ნელა შევეგუე, რომ ცხოვრება ცეკვის გარეშე უნდა ამეწყო. პიარის და მარკეტინგის სფეროში მუშაობა დავიწყე. ეს საქმე საკმაოდ წარმატებულად გამომივიდა. ბევრ სფეროს „ვედებოდი“, რადგან პიარით და მარკეტინგით იმ სულიერ საკვებს ვერ ვიღებდი, რასაც ცეკვა მაძლევს.

ხატვამ იმ პერიოდში გამიტაცა, როცა ტრავმის გამო, ვეღარ ვცეკვავდი და ვცდილობდი, საკუთარი თავი სხვა სფეროებში მუშაობით დამეტვირთა. დღესდღეობით, ხშირად არ ვხატავ, რადგან ამისთვის ვერც ვიცლი. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან, ამ სფეროს დავუბრუნდები და დაგროვებულ იდეებს განვახორციელებ.

ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა  სტაბილურია, მაგრამ მაინც შესაძლებელია, კვლავ პრობლემები შემექმნას. მიუხედავად ამისა. წლების მერე, როცა ისევ საბალეტო სფეროში მთელი არსებით „ჩავერთე“, ცეკვის შეწყვეტაზე აღარ მიფიქრია.

დღემდე ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. ძალიან მოსიყვარულე მშობლები მყავს. ისინი ყველანაირად ცდილობენ. ჩემი სურვილები გაითვალისწინონ და მათ განხორციელებაში ხელი შემიწყონ. საწუწუნო არაფერი მაქვს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ თბილ ოჯახში გავიზარდე.

არ მიყვარს, როცა საჭეს „ქალურად“ მართავენ, ნებისმიერი მანერის განხორცილების ეშინით. ავტომობილის მართვა თავიდანვე ისე გავითავისე, რომ დღესდღეობით, ერთ-ერთი ძალიან კარგი მღოლი ვარ.

ცხოველის მოკვლა არასოდეს მიცდია და ამას არც ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ იარაღი ძალიან მიყვარს და საკმაოდ კარგადაც ვერკვევი. სროლისას ადრენალინის შეგრძნება მეუფლება. ეს საოცრად კარგი განცდაა! გარკეულწილად, სიძლიერეს ვგრძნობ…

იარაღი მამას უყვარს და მეც შემაყვარა. შემდეგ იარაღმა ისე გამიტაცა, რომ მამას აღარ უნდოდა, ასეთი დაინტერესებული ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემს სურვილებს წინ ვეღარ აღუდგა.

საკმაოდ კორექტული ადამიანი ვარ. ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, რომ ჭორებში არ გავერიო და ინტრიგის მსხვერპლი არ გავხდე, მაგრამ გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც ბუზისგან სპილოს „ბერავენ“. ასეთ ფაქტებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ და ალბათ, ამიტომაც, ჭორისა თუ ინტრიგის ისეთი მსხვერპლი არ გავმხდარვარ, რომ ამისთვის დიდი მნიშვნელობა მიმენიჭებინა.

ჩემი შეყვარებული პროფესიით არქიტექტორი გახლავთ. ის ტელეკომპანია „იმედის“ მთავარი მხატვარ-დიზაინერია. ერთმანეთი პროექტის – „შენ შეგიძლია ცეკვა“ პერიოდში გავიცანით. ჩვენი სიყვარულის ამბავი გაცნობის დღიდან დაიწყო. მას 6 წლის წინ დავუნახივარ. როგორც ამბობს, მის გონებაში დავრჩი და ამდენი წლის შემდეგ, ერთმანეთს ბედმა შეგვახვედრა. ერთმანეთისგან განვსხვავდებით. ჩვენს ურთიერთობას განუმეორებელს სწორედ ეს ხდის. ეჭვიანი არის, მაგრამ – ზომიერად. ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი ადამიანი გახლავთ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყოველთვის ვიცნობდი.

ვიდრე სიყვარულის გრძნობას გავიზიარებდი, მანამდე მეგონა, რომ ეს გრძნობა ადამიანთან შეჩვევა იყო. სინამდვილეში უფრო დიდი, გრანდიოზული რამ ყოფილა! ცხოვრებაში სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია. ადრე მეგონა, კარიერით, ოჯახით და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორით ამ გრძნობას ჩავანაცვლებდი, მაგრამ რეალურად, სიყვარულის გარეშე, წარმატება არაფრად ღირს.

ტკბილეულის მუსუსი მოხუცი ვიქნები. პრინციპში, ტკბილეულის მუსუსი დღესაც ვარ, მაგრამ ჩემი პროფესიის გამო, ხშრად ნუგბარზე უარის თქმა მიწევს. ასე მგონია, როცა პენსიონერი გავხდები, სულ ნამცხვრებსა და ტკბილეულს გეახლებით.  ტკბილეულის „მანიაკი“ ვარ.

გარეგნობა არაფერია, თუ პიროვნულად არ გაფასებენ. გარეგნობასთან დაკავშირებულ ქათინაურებს ხშირად ვიღებ. ასევე, ყველა აღნიშნავს, რომ ძალიან პოზიტიური და კეთილი ადამიანი ვარ. რა თქმა უნდა, ეს უზომოდ მახარებს.

საკუთარი თავის შემრცხვენია, როცა ადამიანი არასწორად შემიფასებია. განმიცდია – რა ზედაპირულად შემიფასებია, სინამდვილეში კი ცუდი პიროვნება არ ყოფილა-მეთქი.

არც ვიცოდი, ადამიანებს ამხელა სიყვარულის გამოხატვა თუ შეეძლოთ მხოლოდ იმისგამო, რომ ჩემი ცეკვა მოსწონთ. უცხო ადამიანები ჩემს მიმართ დიდ ყურადღებას იჩენენ. განსაკუთრებული, ენით აღუწერელი გულშემატკივრობა იციან.  ჩემს სპექტაკლებზე დადიან, დაბადების დღეზე პატარა საჩუქრები მომართვეს – გაითვალისწინეს, რა მიყვარს… მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო!

ყველას ჰგონია, რომ ჩემი თაყვანისმცემლები ბიჭები არიან. სინამდვილეში, ძალიან ბევრი გოგონაა. ამის გამო, უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან მინდა, მათთვის კარგი მაგალითი ვიყო, თუ როგორ უნდა იცხოვროს სწორად მანდილოსანმა.

ავტორი: ეთო ყორღანაშვილი
ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე

pepper.ge