მთავარი აქტუალური თემა ისტორია თამარი

თამარი

სახელი თამარი ებრაულ ენაზე „პალმის ხეს“ ნიშნავს. თამარობა  14 მაისს აღინიშნება, რადგან 1166 წლის ამ დღეს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი) დაიბადა.

თამარ მეფე ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი გახლდათ. ვიდრე სამეფო ტახტზე თავად ავიდოდა, მანამდე მამასთან – გიორგისთან ერთად, 7 წელი მეფობდა, მამის გარდაცვალების (1178წ.) შემდეგ კი თამარ მეფის მმართველობა – „ოქროს ხანა“ დაიწყო.

ტახტზე ასვლის შემდეგ, თამარ მეფე კადრების გადანაცვლებას შეუდგა. ამის მიუხედავად, ფეოდალებმა იური ბოგოლიუბსკზე (გიორგი რუსი) თამარის გათხოვებაზე გავლენა მოახდინეს. ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა (გიორგი რუსი ცუდი ყოფაქცევით გამოირჩეოდა: სვამდა, მამათმავლობაში და ზოოფილიაშიც ადანაშაულებდნენ) და 2-წლიანი ქორწინების შემდეგ, გიორგი რუსი ქვეყნიდან გააძევეს.

თამარ მეფე გათხოვებას აღარ აპირებდა, თუმცა ქვეყანას მემკვიდრე სჭირდებოდა. ამიტომ მეორედ ოსთა უფლისწულზე – დავით სოსლანზე გათხოვდა. ეს ქორწინება ბედნიერი აღმოჩნდა და მალე საქართველოს მემკვიდრე შეეძინა.

თამარის მეფობის დროს ქვეყანა წარმოუდგენლად წარმატებული იყო და დიდ ძალაუფლებას ფლობდა. მეფე სამართლიანი იყო და მისმა შრომისმოყვარეობამ, ქვეყნის მართვის ნიჭმა თუ გულმოწყალებამ საქართველოში „ოქროს ხანას“ დაუდო საფუძველი.

თამარ მეფემ წარმატებით შეაჩერა ირანელი ხალიფას – აბუ-ბაქრის არმია, რომელიც საქართველოსკენ სიმდიდრის წასაღებად დაიძრა. იგივე ბედი სულთან რუქნ ად-დინს ბასიანის ბრძოლაში (1202წ) ერგო, სადაც ქართველებმა მტერს სასტიკი მარცხი აგემეს.

სიკვდილამდე თამარ მეფემ ყველა აუცილებელი სახელმწიფო საქმე და საეკლესიო საკითხები მოაწესრიგა. მას ისეთი ავადმყოფობა შეეყარა რომელსაც ექიმებმა ვერაფერი გაუგეს და 1213 წლის 18 იანვარს გარდაიცვალა. ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 14 მაისი დააწესა.

საინტერესო ფაქტები: 

1. სახელი თამარი ძველ აღთქმაშია ნახსენები. ის ერთ-ერთი მორწმუნე ქალი იყო იმ ოთხ ქალს შორის, ვინც მათე მახარებელმა იესო ქრისტეს გენეალოგიაში შეიყვანა.

2. „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი – შოთა რუსთაველი, ლეგენდის თანახმად, თამარ მეფეზე იყო შეყვარებული. თავისი განთქმული პოემაც სწორად მას მიუძღვნა.

ნახატი: ნიკო ფიროსმანი

3. თამარის მეფობის დროს აშენდა გეგუთის სასახლე, რომლის ნანგრევებმაც დღევანდელ დღემდე მოაღწია, ასევე, მისი მმართველობის დროს ვარძიის მშენებლობა დასრულდა.

4. თამარ მეფის მმართველობის პერიოდი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მშვიდობიანი იყო. მისი მეფობისას მათრახის დარტყმითაც არავინ დაუსჯიათ.

5. თამარ მეფის საპატივსაცემად ასტეროიდს, რომელიც 1892 წელს აღმოაჩინეს, მისი სახელი დაარქვეს.