მთავარი სოციალური ცხოვრება პიროვნება თაკო საზინა: „სიყვარული ცხოვრებაში პირველად მეწვია“

თაკო საზინა: „სიყვარული ცხოვრებაში პირველად მეწვია“

ბევრი მაყურებელი მყავს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული ბლოგერი ვარ, თუმცა საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ. ამ შემთხვევაშიც მიმაჩნია, რომ მეტი შემიძლია.

ბავშვობიდან უცხოელი ბლოგერების ვიდეოებს ვუყურებდი. მათი საქმიანობა ძალიან მომწონდა. ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ მსგავსი ვიდეოები ქართულ ენაზე არ იყო. ვიფიქრე, ქართველი მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნებოდა…

არ მეგონა, რომ ჩემ მიერ წამოწყებული საქმე ასე გაამართლებდა. ცოტათი მეშინოდა კიდეც, თუმცა გავრისკე.

პროფესიით მარკეტერი ვარ, რაც ჩემს საქმიანობაში ძალიან მეხმარება.

მაკიაჟი პირველად როგორ გავიკეთე? ერთ-ერთი უცხოელი ბლოგერის ვიდეოს ვუყურებდი. მონიტორის წინ სარკე მედო და ვცდილობდი, ზუსტად გამემეორებინა, რასაც ბლოგერი აკეთებდა, ასე ვისწავლე მაკიაჟის გაკეთება.

ლამაზ ქალად პირველად მაშინ ვიგრძენი თავი, როცა კომპლიმენტი პირველად მივიღე მცირეწლოვანი ბავშვისგან.

ჩემ შესახებ ხალხმა არ იცის, რომ კერძების მომზადება ძალიან მიყვარს. ყველას ჰგონია, კვერცხის შეწვაც კი არ ვიცი. როგორც ჩანს, ასეთი იმიჯი მაქვს. სინამდვილეში, უამრავი კერძის მომზადება ვიცი. რაც მთავარია, ეს პროცესი ძალიან მომწონს.

ჩემს ჩანთაში არც თუ ისე ბევრ რამეს ნახავთ – მხოლოდ ყველაზე საჭირო ნივთები მაქვს: საფულე, სათვალე და კოსმეტიკის პატარა ჩანთა.

არ მომწონს, რომ ძალიან სულსწრაფი ვარ: ყველაფერი ერთად და რაც შეიძლება, მალე მინდა. ზოგჯერ ეს კარგიცაა, თუმცა ცხოვრებაში არის სიტუაციები, როდესაც მოცდა ჯობს.

ტკბილეული დიდად არ მიყვარს. ძალიან მიკვირს, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ ტკბილეულის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. ჩემთვის მისი არარსებობა პრობლემას არ წარმოადგენს.

ბოლოს რამდენიმე თვის  წინ ვიტირე, როდესაც დიდი ხნის უნახავი საყვარელი ადამიანი ვნახე.

მუდმივად მომხიბვლელი რომ ვიყო, საჭიროა კარგად გამოვიძინო. ჩემთვის ძილი უმნიშვნელოვანესია – სახეზე ოდნავი უძილობაც კი მეტყობა.

დიდი ოჯახი არ მყავს: მშობლებთან და ძმასთან ერთად ვცხოვრობ. ჩემი ოჯახი ყოველთვის მხარში მიდგას და ნებისმიერ წამოწყებაში მგულშემატკივრობს, ჩემი ძმის სახით კი ძალიან კარგი მეგობარი მყავს.

ჩემი ცხოვრების სტილი ძალიან აქტიურია: გადაღებები, ფოტოსესიები, ვარჯიში ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია.

არ მსურს, რომ რაიმე წინასწარ ვიცოდე, რადგან ეს უნებურად, ადამიანს ცხოვრებაში მიმართულებას მოგცემს და გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებ. ბედისწერის არ მჯერა. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი საკუთარ ბედს თავად ქმნის.

სიყვარული ცხოვრებაში პირველად მეწვია და ძალიან ბედნიერი ვარ! ვერ ვიტყვი, რომ შევიცვალე, სხვანაირი ადამიანი გავხდი… უბრალოდ, საკუთარი თავი ახლა უფრო მეტად მომწონს, უფრო თავდაჯერებული ვარ.

pepper.ge

ავტორი: ეთო ყორღანაშვილი
ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე

მადლობა Cafe Strada