მთავარი სოციალური ცხოვრება ბიზნესი „სპილოუ“- საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდი

„სპილოუ“- საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდი

საბავშვო ტანსაცმელზე ორიენტირებული ქართული ბრენდი – „სპილოუ“ (spilow) საქართველოს საზღვრებსაც სცდება – ბრენდი საკუთარ პროდუქციას ინგლისში ყიდის. თავდაპირველად „სპილოუზე“ მოთხოვნა მიწოდებას აღემატებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში, საწარმოში საკმარისი რაოდენობის ტანსაცმელს ქმნიან.

კომპანიაში მუშაობა თეთრეულის წარმოებით დაიწყეს (ბრენდის სახელწოდება „სპილოს“ და Pillow-ს (ბალიში) გაერთიანების შედეგად მიიღეს). მოგვიანებით, წარმოების მიმართულება შეცვალეს და საბავშვო ტანსაცმელზე მუშაობა დაიწყეს. „სპილოუ“ მომხმარებელმა მაშინვე შეიყვარა. ამიტომ ტანსაცმლის ყიდვის მსურველთა რაოდენობაც ყოველდღე მატულობს.

კომპანიის დამფუძლებლები – მარინკა ღარიბაშვილი, სოფო ჩხაიძე და ტასო ჯაფარიძე თავდაპირველად, რამდენიმე სამკერვალოსთან ერთდროულად თანამშრომლობდნენ (ერთი მკერავი დიდი რაოდენობის ტანსაცმლის შეკერვას მცირე დროში ვერ ასწრებდა). ასეთი მუშაობა არარენტაბელური იყო. ამიტომ მოგვიანებით, საკუთარი სამკერვალოს შექმნა გადაწყვიტეს.

TBC ბანკის სტარტაპერების პროგრამის დახმარებით, გოგონებმა სესხი აიღეს, რომლითაც საკერავი მანქანები იყიდეს და თანამშრომლები დაიქირავეს. „სპილოუს“ შემქმნელები პროფესიით დიზაინერები არ არიან, თუმცა პერსონალის დახმარებით, ტანსაცმლის უნიკალურ მოდელებს წარმოგვიდგენენ.

პროფესიონალი კონსტრუქტორის და დანარჩენი პერსონალის დახმარებით, „სპილოუ“ დღეში 40-მდე პროდუქტს აწარმოებს. სწრაფი მკერავი დღეში 10-მდე ნაწარმს ქმნის. საშუალოდ, 1 თანამშრომელი დღეში 3-4 ტანსაცმელს კერავს. „ – უფროსი ასაკის ადამიანებიც გვწერენ და მათთვის ტანსაცმლის დამზადებას გვთხოვენ, მაგრამ „სპილოუ“ მხოლოდ ბავშვების (1-დან 12 წლამდე) სამოსზეა ორიენტირებული,“ – ამბობს მარინკა ღარიბაშვილი. მალე ბრენდის პროდუქციას „სითი მოლში“ (ქავთარაძეზე) ვიხილავთ, სადაც სავარაუდოდ, ბავშვებს მისვლა ძალიან გაუხარდებათ.

კომპანიაში შექმნილი ტანსაცმლის ყოველი მოდელი საინტერესოა: ზოგი დინოზავრის ეფექტს ქმნის, ზოგიც წარწერით გამოირჩევა (მაგალითად – „აღმოაჩინე“). „ – გვინდა, ბავშვები წავახალისოთ, ტანსაცმლით კრეატიულობა გავუზარდოთ და მათთვის თამაში უფრო ხალისიანი გავხადოთ. ეს არ არის ტანსაცმელი, რომელიც მხოლოდ ტანის დაფარვისთვის იკერება. სხვა ბრენდებს ჩვენ არ ვეჯიბრებით. „სპილოუს“ სამოსი გამორჩეულია – საქართველოში მსგავსს პროდუქციას არავინ ქმნის,“ – ამბობს სოფო ჩხაიძე. სამკერვალოში ტანსაცმელს კლიენტის სურვილის მიხედვით არ კერავენ, დიზაინს მხოლოდ დამფუძნებლები არჩევენ.

„სპილოუს“ პროდუქციას საქართველოში მაღაზიები – „მფრინავი მღებავი“ და „ქაოსი“, ასევე – საიტი buyers.ge გვთავაზობს. ბრენდი ტანსაცმელს „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზეც აქტიურად ყიდის.

ინგლისში, ერთ-ერთ საბავშვო მაღაზიაში (Igloo), „სპილოუს“ პროდუქციაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. კომპანია უკვე გაფართოებაზე და თანამშრომლების რაოდენობის გაზრდაზეც ფიქრობს.

pepper.ge