მთავარი აქტუალური თემა სოციალური კვამლით და ბურუსით მოცული დარბაზები – სიტუაცია კაზინოებში

კვამლით და ბურუსით მოცული დარბაზები – სიტუაცია კაზინოებში

 ჩემს ირგვლივ მომრავლდა ადამიანთა რიცხვი, რომლებისთვისაც კაზინო ყოველდღიურობის ნაწილია. ხშირად ვისმენ მათ ისტორიებს, რომელიც ძირითადად დრამასა და ფანტასტიკურ ჟანრს მიეკუთვნება. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას უშუალოდ თამაშის პროცესში განცდილი შეგრძნებები აჩენს. ფსიქოლოგების აზრით, მცირე თანხის მოგების შემდეგ უფრო მეტის სურვილი ჩნდება, ხოლო როდესაც ადამიანი აგებს, დიდი მოგების იმედი უფრო და უფრო უმძაფრდება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, უფრო ღრმად გავცნობოდი იმას, რაც ამდენ ადამიანს მასზე დამოკიდებულს ხდის და შევეცდები გადმოგცეთ ის უცნაური და საინტერესო შემთხვევები, რომელიც კაზინოში დასაკვირვებლად შესული ადამიანის ყურადღებას მიიქცევს.

სანამ კაზინოში შეხვალთ, მოგიწევთ გაიაროთ მის გარშემო მდგომ, დაჟინებით მომზირალი ადამიანებისაგან ხელოვნურად შექმნილი დერეფანი, თუმცა მათზე ცოტა მოგვიანებით.

თავიდანვე რასაც შეამჩნევთ, კაზინოს მოდებული თამბაქოს კვამლია, რომელიც ისედაც ჩაბნელებულ დარბაზებს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. როგორც ჩანს, სათამაშო ბიზნესის წესია, მოთამაშეს დროის შეგრძნება დაკარგული ჰქონდეს. სწორედ ამიტომ კაზინოში მზის შუქი არსაიდან შედის და ვერსად ნახავთ საათსაც.

წესების თანახმად, კაზინოში უმოქმედოდ ყოფნა არ შეიძლებოდა და დაცვამ თავიდანვე მიმითითა – რომელიმე აპარატთან დამეკავებინა ადგილი ან დამეტოვებინა აქაურობა. ამიტომ მეც ფულის ჩარიცხვა მომიწია და დაცვის ღიმილიც დავიმსახურე.

მოთამაშეს ყველანაირი კომფორტი აქვს შექმნილი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი დრო დაჰყოს კაზინოში, სადაც უფასოა ჩაი, ყავა და წვენები. ზოგიერთ საჭმელს განახევრებული ფასიც აქვს. გარდა ამისა, აქვე შეგხვდებათ ყველანაირი ზომის და ფორმის ბანკომატი, ფეიბოქსი თუ ფულის სხვა ჩასარიცხი და გამოსატანი აპარატები.

კაზინოში მყოფი საზოგადოება რამდენიმე კატეგორიად შეიძლება დაიყოს:

1. ჩვეულებრივი მოთამაშეები, რომლებისთვისაც იღბალს ჯერ ზურგი არ შეუქცევია და დიდი მოლოდინითა და იმედებით აგრძელებენ თამაშს.

2. მოთამაშეები, რომლებმაც უკვე დათმეს კუთვნილი თანხა და დროის გაყვანის მიზნით სხვებს აკვირდებიან. როგორც ჩანს, ეს კატეგორია ხშირად სტუმრობს აღნიშნულ კაზინოს და დაცვის გულიც მოგებული აქვთ, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, შიდა განაწესის თანახმად, მოთამაშემ, რომელიც დამარცხდა და აღარ აგრძელებს თამაშს, უნდა დატოვოს კაზინო.
 მოსაზრებას, რომ აღნიშნული ადამიანებისთვის უცხო არ არის ეს ადგილი, მათი ჩაცმულობაც ამტკიცებს. ძირითადად ამ ტიპის მოთამაშეები სახლის სპორტულ ტანსაცმელში არიან გამოწყობილნი.

3. მესამე კატეგორიას კაზინოს ირგვლივ ,,მობირჟავე’’ ადამიანები მიეკუთვნებიან. აქ ძირითადად თავმოყრილია უკვე დამარცხებულ მოთამაშეთა ნაწილი, რომლებიც მეორე კატეგორიის წევრებისაგან განსხვავებით, ჯერ ვერ სარგებლობენ დაცვის კეთილგანწყობით და გარეთ დგომა უწევთ.

ორი ხანშიშესული მამაკაცის კამათს მოვკარი ყური. მათ შორის ერთ-ერთი იმდენად გაკვირვებული სახით საუბრობდა, რომ გადავწყვიტე ახლოს მივსულიყავი და საქმის ვითარებას გავცნობოდი. სიტუაცია მართლაც რომ გასაკვირი და ღიმილის მომგვრელი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ერთ-ერთმა მათგანმა მთელი ფული სლოტების აპარატში წააგო და უიღბლობას თანმხლებ პირს აბრალებდა, რომელსაც მოთამაშის თქმით ,,თარსი” თვალები ჰქონდა. ასეთ ცრურწმენებს მრავლად შეხვდებით თუ რამდენჯერმე მაინც ესტუმრებით კაზინოს.

თუკი მოთამაშეების ერთი მიმართულებით გაყინულ მზერას დაინახავთ, რთული გამოსაცნობი არ არის, რომ დღეს ვიღაცას გაუმართლა და დიდი ფული მოიგო. სანამ იღბლიანი მოთამაშე კაზინოს დატოვებს, მას ხარბად აეკიდება უამრავი თვალი, რომლებშიც ოცნება ან შური შეიძლება ამოიკითხო.

ჩემი ყურადღება 19 წლის ბიჭმაც მიიქცია, რომელსაც მაგიდაზე ყველაფერი მომარაგებული ჰქონდა, რაც კაზინოში უფასო იყო. მიუხედავად იმისა, რომ წააგო და იგინებოდა, წინა ხელში მოპოვებული სოლიდური გამარჯვებით გამოწვეული კმაყოფილი ტონი, მის ხმაში მაინც იგრძნობოდა. პირველი რაც შევნიშნეიყო ის, რომ ციმციმას, რომელიც მაშინ ანათებს როცა გარკვეულ თანხას იგებ, ცხვირსახოცი ჰქონდა გადაფარებული.

მივუჯექი გვერდით და მეც უმისამართოდ დავიწყე გინება. ბიჭი მაშინვე მიხვდა, რომ ,,მისიანი’’ ვიყავი და კონტაქტშიც პირველად თვითონ შემოვიდა. როგორც მისგან გავიგე, 17 წლის იყო, როცა კაზინოთი დაინტერესდა. ყოველდღე ხედავდა როგორ იგებდნენ მის ირგვლივ მყოფი ადამიანები სათამაშო აპარატებთან თამაშისას. ინტენსიური თამაშის დაწყებიდან 5 თვეში მისთვის მოგება მეორეხარისხოვანი გახდა და მხოლოდ თამაშის სურვილის მოკვლაზე ფიქრობდა.

,,ყველა აზარტულ მოთამაშეს ერთხელ მაინც უოცნებია ლას ვეგასში მოხვედრაზე, სადაც უფრო მეტს ლოცულობენ, ვიდრე იერუსალიმში ან მექასა და მედინაში.”

მე უკვე დავტოვე კაზინო და გარეთ ვარ. შიგნით კი რულეტკის ირგვლივ დაუნდობელი კაზინოს შვილები არიან შემომსხდარნი, რომელთა უმეტესობაც სულმოუთმენლად ელოდება ‘’ზეროს’’ ამოსვლას. მზერა ერთი მიმართულებით გაეყინათ – ბედის ბორბალმა ტრიალი დაიწყო…

ავტორი: ნიკა ვასაძე