მთავარი აქტუალური თემა მუზეუმი აბრეშუმის მუზეუმი

აბრეშუმის მუზეუმი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში აბრეშუმის წარმოება არავის გახსენებია. შენობა, სადაც მე-19 საუკუნეში მეაბრეშუმეობის სადგური, შემდეგ კი კვლევითი ინსტიტუტი მდებარეობდა, დღეს უცვლელი იერსახით მხოლოდ მუზეუმის სტატუსს ატარებს. თუ როგორ ხდება აბრეშუმის წარმოება და სანამ ჭია ქსოვილს შექმნის, რა გზას გადის, ძალიან საინტერესოა.

მსოფლიოში აბრეშუმის სულ 20-მდე მუზეუმია. თუთის ხის თესლიდან გამზადებულ ქსოვილამდე – ყველაზე კარგად საქართველოში მდებარე მუზეუმშია აქცენტი გაკეთებული, დანარჩენ მუზეუმებში უფრო მეტად ქსოვილებზე ამახვილებენ ყურადღებას.

მუზეუმი გარედან კარგად შენახულია – შენობას საინტერესო, გამორჩეული არქიტექტურული ელემენტები აქვს და განსაკუთრებული შარმი ეტყობა. შესვლამდე მის წინ გამწვანებულ ბაღში მდებარე გზა უნდა გამევლო. საერთო სურათს შენობაზე ლამაზად გაფორმებული წარწერა – „აბრეშუმის მუზეუმი“ ავსებდა.

ამ ადგილას, სანამ აბრეშუმი აქტუალური გახდებოდა, მივლინებაში მყოფი ახალგაზრდა მეცნიერი – ნიკოლაი შავროვი ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად, მნიშვნელოვან კოლექციებს აგროვებდა. მისი მეთაურობით, 1887 წელს კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური მუზეუმთან ერთად დაარსდა. შემდგომში სადგური სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტად გადაკეთდა. 1981 წელს მუზეუმი კვლევითმა ინსტიტუტმა დატოვა. შემდეგ დინამოს დაქვემდებარების ქვეშ, შენობა სასტუმროდ უნდა გადაკეთებულიყო, თუმცა დიდი ბრძოლის შედეგად, ირინე ჭოტორლიშვილმა (მუზეუმის ყოფილი დირექტორი) და მისმა გუნდმა აბრეშუმის სახლი გადაარჩინეს. შენობა 1996 წლიდან სოფლის მეურეობის სამინისტროს ეკუთვნოდა და აქ მეაბრეშუმეებიც მუშაობდნენ, 2006 წელს კი კულტურის სამინისტრომ გადაიბარა და ოფიციალურად „აბრეშუმის მუზეუმი“ დაერქვა.

შესვლის შემდეგ, თავდაპირველად, გრძელი დერეფანი და კედელზე, ბედნიერი სტუმრების ფოტოები (რომლებზეც აბრეშუმის პარკებთან ერთად არიან აღბეჭდილნი) შევნიშნე. მალე აბრეშუმის მუზეუმის კოლექციების კურატორს – სალომე ფაჩუაშვილს შევხვდი. ის უკვე 3 წელია, რაც აქ მუშაობს და მუზეუმის შესახებ ყველაფერს დაწვრილებით მიამბობს…

ჩვენ ერთ-ერთ ოთახში არსებულ მაღაზიაში შევედით. კედელზე საინტერესო ნამუშევრები და ქსოვილები კიდია. პეპლების ფოტოებსაც ნახავთ. პატარა ყუთში ჭიები აბრეშუმს ამზადებენ, რომელსაც მუზეუმი მხოლოდ ერთი დანიშნულებით – სუვენირების დასამზადებლად იყენებს.

უზარმაზარი ფანჯრის გვერდის ავლით, მაღაზიიდან კიბით მეორე სართულზე ავედით (გზად ლამაზ, ორნამენტებიან კედელს გავუარეთ), სადაც ძირითადი ექსპონატები ინახება. ჯერ მუზეუმის თანამშრომლის – ვალერი პეტროვის  ნიჟარების პირადი კოლექციის სანახავად შევედით. ოთახი ნიჟარებით იყო სავსე. მათგან ერთ-ერთ მოლუსკს (Pinna nobilis), ხმელთაშუა ზღვაში, ნიჟარაზე ფსკერზე დასამაგრებელი ძაფი ეზრდება. მას „ზღვის აბრეშუმს“ ეძახიან, უძველესი დროიდან აგროვებენ და ძალიან ძვირი ღირს, რადგან ერთ ნიჟარას მხოლოდ 20 სმ. სიგრძის ძაფი გამოსდის. ოთახში სხვა სახის ნიჟარებთან ერთად, რამდენიმე მილიონი წლის, ცარცული პერიოდის ნიჟარასაც ნახავთ.

ნიჟარების ოთახიდან მუზეუმის ძირითად საგამოფენო დარბაზში გადავედით. ნიკოლაი შავროვის ფოტო შემოსასვლელი კარის თავზე, ოთახის ცენტრში კიდია. კარის გვერდით აბრეშუმის განსხვავებული ჯიშისა და სახეობის პარკები ინახება, მათ შორის – ქართულიც. ამბობენ, ქართულ აბრეშუმს განსაკუთრებული ხიბლი აქვსო.

დარბაზის შუაში ჭიების გაზრდის პროცესსა და ჭუპრის ანატომიას გაეცნობით, რომლის შემდეგი ეტაპი პეპლად გადაქცევაა. აბრეშუმის პეპლები ფრენას გადაეჩვივნენ (რადგან არ სჭირდებათ) და მხოლოდ დადიან. როგორც წესი, აბრეშუმის დაზიანებისგან თავის აცილების მიზნით, ჭუპრებს პარკიდან გამოსვლამდე კლავენ, თუმცა ნაწილს, ხელმეორედ გამრავლების მიზნით, გამოუშვებენ ხოლმე. ძირითადად, ჭიებს სოფლებში ამრავლებდნენ და მერე ქარხნებს მიჰყიდდნენ. ეს პროცესი 2 თვე გრძელდებოდა. ცხოვრების განმავლობაში, ერთი ჭია 24კგ. თუთის ფოთოლს ჭამს. შესაბამისად, დიდი რაოდენობით ჭიის გამრავლებას თუთის უზარმაზარი პლანტაცია სჭირდება.

დარბაზის ერთ ბოლოში თუთის ხის ფესვებსა და სხვადასხვა სახეობის ფოთლებს ნახავთ.  თუთის ხეს შეიძლება, სოკო ან სხვა დაავადებაც გაუჩნდეს, რაც მერე ჭიაზე გადადის. ამიტომ ხეს, თავის მხრივ, ყურადღების მიქცევა სჭირდება.

სხვადასხვა ჯიშის მცენარეებთან ერთად (რომლებიც ძაფს გვაძლევენ), კედლებზე ხის სხვადასხვა სახის პარაზიტიც ინახება. მათთან ერთად, თუთის ხის „მეგობარ“ ბაყაყსაც შეხვდებით, რომელიც პარაზიტებით იკვებება. აქვე აბრეშუმის ჭიის კვერცხის გადასაგზავნ ყუთებს, აბრეშუმის დასახვევ თუ ფოთლების დასაჭრელ ხელსაწყოებსაც ნახავთ.

დარბაზის მეორე მხარეს, იაპონელი სტუმრის მიერ საჩუქრად გადმოცემულ კიმონოებთან ერთად, საღებავები და სხვადასხვა ფერის ძაფების ექსპონატებია განთავსებული. კედელზე ჯეჯიმებია, რომლებსაც საწოლზე გადასაფარებლად ან ხურჯინებისთვის იყენებდნენ.

დარბაზში შესვლისას ისეთი სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ყველაფრის ნახვას ბევრი დრო დასჭირდებოდა. სანამ ეს გავიფიქრე, უკვე გასასვლელთან ვიდექით… შემდეგი ოთახი უფრო მცირე ზომისაა, თუმცა ბევრად მეტ ინფორმაციას ინახავს: ბიბლიოთეკა, რომელიც მუზეუმში მდებარეობს, მე-19 საუკუნეშია დაპროექტებული და შემონახული ავეჯიც იმდროინდელია. ოთახის ბოლოში ნიკოლაი შავროვის სამუშაო მაგიდა შევნიშნე. აქ ზოგიერთი წიგნი ძალიან ძვირფასია და ხელით ვერ შეეხებით. თაროებზე განთავსებული წიგნები მეაბრეშუმეობისა და ზოგადად, საბუნებისმეტყველო მეცნიერების შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა ენაზე ინახავს.

ექსპონატებით სავსე ოთახების გარდა, შენობაში სახელოსნო ოთახები და საგამოფენო დარბაზებია. ბავშვებს აქ სიარული ძალიან უყვართ. ხშირად მოდიან, მუშაობენ, ქარგავენ და ნამუშევრებს კედლებზე კიდებენ.

130 წლის მუზეუმი თანამედროვედ მიიჩნევა. ვორქშოპები ტარდება და აქაურობას უცხოელები ხშირად სტუმრობენ, მათ შორის – ლიტველი მონიკა ჟალტაუსკაიტე რაშიენე, რომელიც ჟაკარდულ დაზგაზე (დაზგა, რომელიც კომპიუტერში აწყობილ სურათებს ქსოვს) დამზადებულ საკუთარ ნამუშევრებს მუზეუმში საიუბილეოდ გამოფენს. საიუბილეო კვირის ფარგლებში სხვა ღონისძიებებიც იგეგმება (აბრეშუმის მუზეუმის საიუბილეო კვირეული).

აბრეშუმის მუზეუმში ჩემი თავგადასავალი დასასრულს მიუახლოვდა. მეაბრეშუმეობაზე რისი დაწერაც მოვახერხე, იმაზე ბევრად მეტი ინფორმაცია მივიღე… საწყენია, რომ მეაბრეშუმეობა საქართველოში აქტუალური არ არის. ჩემი აზრით, ამ თემაზე ყურადღების მეტად გამახვილება გვმართებს.

ირაკლი შალამბერიძე