მთავარი პიროვნება პიროვნება შორენა ბეგაშვილი: „ქალური მომხიბვლელობა ძლიერი იარაღია“

შორენა ბეგაშვილი: „ქალური მომხიბვლელობა ძლიერი იარაღია“

მსახიობობა იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაო, ნახევარი – უფასოდ, მაგრან  საკუთარი თავი თავად თუ არ დააფასე, აუცილებლად გადაგივლიან.

მცდარია შეხედულება, თითქოს თუ „პატრონი“ არ გყავს, ვერაფერს მიაღწევ. თუ მოინდომებ, ყველაფერს მიაღწევ. ჩემი ოჯახიდან პირველი მსახიობი მე ვარ – სამსახიობო სფეროში მომუშავე აბსოლუტურად არავინ მყოლია. მგონი, ამ პროფესიას საკმაოდ წარმატებულადაც გავართვი თავი. მსახიობის პროფესიული წარმატება გამართლებაზეა დამოკიდებული: შეიძლება, ძალიან ნიჭიერი იყო, მაგრამ არ გაგიმართლოს; შეიძლება, უცბად ისე გაგიმართლოს, რომ თავადაც არ ელოდე…

მგონია, რომ ჩემი პიროვნება თავად შევქმენი და ჩამოვაყალიბე. ეკრანზე გამოჩენა ისე დავიწყე, რომ  არ ვიცოდი, როგორი ვარცხნილობა, მაკიაჟი მიხდებოდა. გვერდით ისეთიც არავინ მყავდა, ვინც ამაზე მიმანიშნებდა – შემაქებდა ან გამაკრიტიკებდა… ხალხის რეაქციების მიხედვით ვხვდებოდი, როგორი უნდა ვყოფილიყავი. შესაბამისად, როცა უკვე გავიზარდე, ბევრი რამე მეც ვისწავლე. ახლა პირიქით, შემიძლია – სხვებს მივცე რჩევა, რა ჩაიცვან, თავს როგორ მოუარონ და ა. შ.

ქალური მომხიბვლელობა მართლა ძლიერი იარაღია. გარეგნობას არ ვგულისხმობ – შინაგან სილამაზეზე ვსაუბრობ.

ვიცი, რომ ქალის გარეგნობისთვის ძილი უმნიშვნელოვანესია. პირველ რიგში, სწორედ ამიტომ ძალიან დიდხანს მძინავს: საღამოს 11-12 სთ-ზე ვიძინებ და დილით 11-12 სთ-ზე ვიღვიძებ. თუ დავიღალე, შინ მისული უცბად დივანზე თვალს მივხუჭავ ხოლმე, რადგან ძილი ჩემი ენერგია და სილამაზეა. საკუთარ თავს თავად თუ არ მოვუარე, ისე არაფერი გამოვა. ენერგეტიკულ სასმელებს არ ვსვამ, რადგან ვიცი, რომ მავნეა. ყოფილა შემთხვევა, როცა კლუბში არ წავსულვარ და დამიძინია, რადგან მეორე დღეს მნიშვნელოვანი გადაღება მქონდა დანიშნული.

სიზმრებში ხშირად დავფრინავ. გაუგებარ, საოცარ სიზმრებს ვხედავ. ძირითადად, არც მამახსოვრდება ხოლმე, თუმცა კარგ განწყობილებას მიტოვებს და ამით ვხვდები, რომ რაღაც კარგი ვნახე, სიზმარში კარგი დრო ვატარე.

დილით, როგორც კი ლოგინიდან ვდგები, აუცილებლად სარკეში ვიყურები – ასეთი ჩვევა მაქვს. შემდეგ თავს ვუვლი. საუზმეზე აუცილებლად 1 ჭიქა ყავას ვსვამ. მეტს არაფერს გეახლებით, რადგან უბრალოდ, დილით საჭმელს ვერ ვჭამ.

 ქალური შური მაგარია! ის რომ არ არსებობდეს, ქალს გალამაზების, გაპრანჭვის სტიმული არ ექნება. ქალური შურის გარეშე ცხოვრება უინტერესო იქნებოდა. გგონიათ, გოგონები კაცებისთვის იპრანჭებიან? არა, რა სისულელეა! ძირითადად, ეს ქალებისთვის ხდება, რადგან ქალის სილამაზის პირველი შემფასებელი სწორედ ქალია. ქალისგან მიღებული ქათინაური უფრო ფასეულია, ვიდრე მამაკაცისგან.

თმის ფერის და ვარცხნილობის შეცვლის სურვილი არასოდეს მიჩნდება. ასეთი თმა ძალიან მომწონს. ვფიქრობ, სხვანაირად არც მომიხდება. თან, გრძელი თმა მჭირდება: ხან შამპუნის რეკლამას ვაკეთებ, ხან – სავარცხლის, თმის სამაგრის… ჩემი შემოსავლის წყარო ესაა.

გვერდით როგორი მამაკაცი მჭირდება? ძლიერი ხასიათი უნდა ჰქონდეს, რადგან თუ მამაკაცი ჩემი ზეგავლენის ქვეშ მოექცა და დავიმორჩილე, ჩემთვის უინტერესო ხდება და მის გვერდით ყოფნა უკვე წარმოუდგენელი იქნება.

როცა შეყვარებული ვარ, ალბათ, ყველაზე ბედნიერი ვხდები…

ანგარებით ქორწინება ჩვეულებრივი მოვლენაა, ალბათ – საჭიროც. ვერ ვიტყვი, ცუდია თუ კარგი: ვიღაცას აწყობს, ვიღაცას – არა. ეგ მე როგორ უნდა გადავუწყვიტო? თუ ქალს მამაკაცი არ მოსწონს, ვერაფერი აიძულებს, მას ცოლად გაჰყვეს. სიყვარულის გარეშე, ქალს მამაკაცის გვერდით დიდხანს ვერ გააჩერებ, რამდენი საჩუქარიც არ უნდა გაუგზავნო და კოშკები აუგო…

საკუთარ თავზე მეტად ადამიანს იშვიათად გიყვარს ვინმე. შვილის სიყვარული ზუსტად ეს შემთხვევაა. დეპრესია დამეწყო, როცა მივხვდი, რომ ჩემი შვილი გაიზარდა და ისე აღარ ვჭირდებოდი, როგორც წინათ: მისი ყურადღება მეგობრებზე, სწავლაზე „გადაერთო“. მეგობრებს ვურეკავდი – ჩემი შვილი გაიზარდა, ყურადღებას აღარ მაქცევს და არ ვიცი, რა ვქნა-მეთქი. ადრე თუ გვიან, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ევა უკვე 15 წლის არის. ამ ასაკის მოზარდები უკვე „გოგოობენ“, ჰგონიათ, რომ უფროსები არიან. ბავშვები იზრდებიან – ამ პროცესს ვერ შეაჩერებ, თუმცა მე და ჩემი შვილი ერთმანეთისთვის, პირველ რიგში, საუკეთესო, უღალატო მეგობრები ვართ.

წიგნის კითხვისთვის ახლა აღარ მცალია. ბავშვობაში ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული. საერთოდ, რაც გამახსოვრდება, ცოდნაც ისაა. დიდი იმედი მაქვს, წაკითხულიდან რაღაც დამამახსოვრდა… ზაფხულობით, ზღვაზე ან აუზზე მე და ევას წიგნები ყოველთვის მიგვაქვს და იქ ვკითხულობთ.

კომფორტს თავად ვიქმნი. როგორც კნუტები ეძებენ კარგ, რბილ ადგილს, მეც ასე ვარ… კომფორტი მიყვარს და ამის გარეშე გაძლება ჩემთვის წარმოუდგენელია.

არ მიყვარს სიურპრიზები, რადგან რამდენჯერაც მომიწყვეს, „სხვაგან მოხვდნენ“. აღმოჩნდა, რომ თურმე, საერთოდ არ მიცნობდნენ: იმდენად „სხვაგან იყო“ ჩემი სიურპრიზი, რომ ჯობდა, არ მიმეღო. სიურპრიზების მოწყობა თავად მიყვარს. ძირითადად, ჩემს შვილს ვუწყობ ხოლმე, რადგან კარგად გამომდის.

წყობილებიდან ძალიან რთულად გამოვდივარ. შეიძლება, ადამიანი 1 წელი მლანძღავდეს, მაგრამ ხმა არ ამოვიღო, შემდეგ კი ისეთი რამ გავუკეთო, რომ ჩემკენ მობრუნებაც აღარ უნდოდეს. ჩემ მიმართ ნათქვამ ერთ ცუდ სიტყვასაც კი არავის ვპატიობ, რადგან არ ვიმსახურებ. რომ ვიმსახურებდე, პრობლემა არ იქნებოდა.

რბილი „ლ“ მქონდა, როცა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. იმ პირობით მიმიღეს, თუ ამ პრობლემას გამოვასწორებდი. რუსთავი-თბილისის გზაზე, მგზავრობისას გამუდმებით ენის გასატეხებს ვიმეორებდი: „ლარნაკზე ლაპლაპებს ლალი“ და ა. შ. რბილი „ლ“-ს პრობლემის დაძლევა რამდენიმე თვეში მოვახერხე. თუ რამე გინდა, საკუთარ თავზე უნდა იმუშაო – დაუძლეველი არაფერია.

ამაყი მოხუცი ქალბატონი ვიქნები. ხალხისგან უკვე იმხელა სიყვარული, აღიარება და იმდენი კომპლიმენტი მივიღე, რომ ტკბილად დავბერდები. ვიტყვი, – ეს ყველაფერი მე უკვე მქონდა, ახლა სხვისი ჯერია-მეთქი.

თამამი არ ვარ. სიმორცხვის კომპლექსი ვერ დავძლიე.

ჩემი ყოველდღიური საზრუნავი არის: ჩემი შვილი, ჩემი ძაღლები და საკუთარი თავი.

ჩემ მიერ განსახიერებული რომელი გმირი მგავს? ყველა მსუბუქი ყოფაქცევისაა და მითხარი, ერთი – რომელი უნდა მგავდეს?!. ადრე, სარეკლამო რგოლისთვის, დედის როლის კასტინგზზე ვიყავი. მითხრეს, – საქართველოში ასეთი დედები არ არიან, შემდეგიო… რას ვიზამთ? ამას ვერ გავექცევით. ასეთი გარეგნობა და როლები მაქვს. წინათ ხალხს ეს სხვანაირად ესმოდა. ახლა მიხვდნენ, რომ არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც ფიქრობდნენ და ცოტათი შემეგუენ.

მადლობა Hotel Ambassadori

ავტორი: ეთო ყორღანაშვილი
ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე

pepper.ge