მთავარი აქტიური ცხოვრება ბიზნესი დღეში ერთი კვერცხი – ქათმების მკაცრი რეჟიმი

დღეში ერთი კვერცხი – ქათმების მკაცრი რეჟიმი

ქათმის კვერცხს მსოფლიოს თითქმის ყველა სამზარეულოში ნახავთ. ის არაერთი კერძის აუცილებელი ინგრედიენტია. შესაბამისად, მასზე ყოველთვის მაღალი მოთხოვნაა. საქართველოში კვერცხს რამდენიმე კომპანია აწარმოებს, მათ შორის ერთ-ერთი მასშტაბური – სოფელ სავანეთში მდებარე ქათმების ფერმაა.

სავანეთში ქათმების ფერმამ მუშაობა სსრკ-ის პერიოდში დაიწყო, თუმცა 90-იან წლებში, მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამო დაიხურა. 1999 წელს მუშაობა განახლდა. მაშინ ფერმაში ქათმების რაოდენობა არც თუ ისე დიდი იყო. კვერცხის გაყიდვა დილერებზე უწევდათ. ამიტომ ბიზნესი სარფიანობას კარგავდა. 2013 წლიდან ტერიტორია, პარტნიორებთან ერთად, ვეფხვია ჯაჭვაძემ შეიძინა, რის შემდეგაც მუშაობის ტემპმა მატება დაიწყო.

ახალმა მფლობელემბა მთელი საწარმო აბსოლუტურად გადააიარაღეს: დანადგარები გერმანიიდან (Big Dutchman) ჩამოიტანეს, რომლებიც გერმანელმა სპეციალისტებმა დაამონტაჟეს და თანამშრომლებს მოხმარების წესები სათანადოდაც გააცნეს. დანადგარებს შორის ნახავთ: გალიებს, კვერცხის ამკრეფებს, გამომტანებს, მაშუქებს, სასმელი წყლის სისტემებს და ა.შ. საწარმო ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. დანადგარებს საერთაშორისო გარანტიაც აქვს. ამიტომ, დაზიანების შემთხვევაში, მათი შეკეთება გერმანელ სპეციალისტებს დაეკისრებათ.

ერთი საფრინველე დანადგარის შეძენა და მონტაჟი ნახევარი მილიონი ლარი ღირს. მასში 48 000 ქათამი ეტევა. სავანეთის საწარმოში ლომანის ჯიშის თეთრი და ყავისფერი ქათმები ჰყავთ. ისინი ქართულ ჰავას ძალიან კარგად ეგუებიან, თუმცა მათი დაავადების საშიშროება მაინც არსებობს. ამიტომ წიწილებს სხვადასხვა აცრას (5-6) უკეთებენ. ქათმებს შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია: ბრონქიტი, ნიუკასლი, ჭირი, ამბორა და ა.შ.

მკაცრი რეჟიმის პირობებში, ქათმები დღეში 1 კვერცხს დებენ (მამლების გარეშე. ასეთი კვერცხიდან წიწილა არ იჩეკება). ისინი ცხოვრების პირველ წელიწად-ნახევარს თითქმის გაუნძრევლად, დახურულ სივრცეში ატარებენ, მათი გარეთ გაყვანა არ შეიძლება. კვერცხის ყოველდღიურად დადებას მხოლოდ ასე ახერხებენ. გამოკეტილები ხშირად ღიზიანდებიან – ნერვები უმტყუნებთ ხოლმე და ერთმანეთის დაშავებასაც იწყებენ. წელიწად-ნახევრის შემდეგ, კვერცხს ყოველდღიურად აღარ დებენ. ამიტომ მათ ახალი ქათმებით ანაცვლებენ, ხოლო ასაკიანები – სასაკლაოზე გადაჰყავთ.

ამჟამად, საწარმო 200 000-მდე ქათამს ფლობს. ავტომატიზირებული სისტემა დღეში 160 000-დან 180 000-მდე კვერცხს აგროვებს, რომელსაც შემდეგ თანამშრომლები ყუთებში ახარისხებენ და სადისტრიბუციოდ ამზადებენ. საწარმო რეგიონებში საწყობებს ფლობს, სადაც 20 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში, კვერცხი 21 დღე ინახება. საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში კვერცხის მიწოდებას საკუთარი ძალებით (სატვირთო ავტომობილებით) ახდენენ. 2013 წელს ბიზნესი 200 ყუთის წარმოებით დაიწყეს (1 ყუთი – 360 კვერცხი), ახლა უკვე ყოველდღიურად 500 ყუთს აწარმოებენ.

წიწილები ჰოლანდიიდან (Pluriton) სატვირთო თვითმფრინავით ჩამოჰყავთ. 1 წიწილა 1.1 ევროდ ფასობს. წიწილებს ყუთებში მჭიდროდ ათავსებენ – ერთ ყუთში 80 ცალს ატევენ. თითო შეკვეთისას საქართველოში 50 000-დან 100 000-მდე წიწილა იგზავნება. ყოველი მათგანი ახალგამოჩეკილია (1 დღის). ჩამოსვლის შემდეგ, მათ გაზრდას და საქათმეში გადაყვანას 6 თვე სჭირდება. საქართველოდან შეკვეთების განრიგი წინასწარ, 3 წლით ადრეა გაწერილი.

წიწილებს და მოგვიანებით, გალიებში გამოკეტილ ქათმებს დღეში 22 ტონა საკვები სჭირდებათ. საკვები საწარმოში სხვადასხვა ქვეყნიდან (ძირითადად – რუსეთიდან) ჩამოაქვთ. დანამატებს და ვიტამინებს ევროპიდან გზავნიან. 1 ტონა საკვები 450-500 ლარი ღირს. მოგვიანებით, მასში დანამატებს ურევენ, ფქვავენ და ბოლოს ქათმებს აწვდიან. „ – ზოგიერთ ქარხანაში, საკვებში საღებავებსაც უმატებენ, რომ კვერცხის გული უფრო ყვითელი და ნატურალური გამოჩნდეს. მოგეხსენებათ, ბუნებრივ გარემოში, სოფლის ქათმის მიერ დადებულ კვერცხს მუქი ყვითელი გული აქვს,“ – ამბობს საქათმის მფლობელი – ვეფხვია ჯაჭვაძე. მის საწარმოში ფრინველები სიმინდს, ხორბალს, მზესუმზირას, სოიოს შროტს და ქატოს მიირთმევენ. საკვები სტაბილურად მიეწოდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქათამი სტრესს განიცდის და კვერცხს აღარ დებს. შესაძლოა, მის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას 1 კვირა დასჭირდეს.

ყავისფერი ქათამი უფრო ხარჯიანია, რადგან 10 გრამით მეტ საკვებს მოიხმარს. სამაგიეროდ, ასეთი ქათამი ყავისფერ კვერცხს დებს, რაც ბაზარზე უფრო მოთხოვნადია. საწარმოს საქათმეებს უწყვეტი სინათლე მიეწოდება. ყოველ გალიასთან სპეციალურ სიმძლავრეზე მომართული ნათურა ანათებს. ასევე, ქათმებს სპეციალური გაყვანილობით წყალიც მიეწოდებათ. მსგავსი სისტემა მათ მკაცრ, მაგრამ საწარმოსთვის მომგებიან რეჟიმში ამყოფებს, რაც მოგვიანებით, ბიზნესის წარმატებაზე მოგების სახით აისახება.

სწრაფი გაყიდვიანობის და დიდი შემოსავლის მიუხედავად, საწარმოს თანამშრომელთა ხელფასები არც თუ ისე მაღალია: სრულ განაკვეთზე მომუშავე პერსონალი თვეში საშუალოდ, 400 ლარს იღებს. მათ კეთილსინდისიერ მუშაობაზე უკრაინელი სპეციალისტია პასუხისმგებელი. მას უკვირს, თუ რატომ ზარმაცობენ თანამშრომლები და ამას ქართულ ხასიათს აბრალებს. „ – საკმარისი ბევრი რამე არ არის, თუმცა ხელფასებს საქართველოს ბაზრის შესაბამისად ვიხდით. საწარმოში მომუშავეებს ზოგჯერ კვერცხი სახლშიც მიაქვთ, ხოლო ადგილზე რამდენიც უნდათ, იმდენი მიირთვან,“ – ამბობს ვეფხვია ჯაჭვაძე. საერთოდ, მიიჩნევა, რომ დაბალი ხელფასის მიუხედავად, თანამშრომელი ნაკისრ პასუხისმგებლობას კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდეს – გულისხმიერად, მონდომებით და საწარმოსთვის სარფიანი ტემპით მუშაობდეს.

საქათმე სავანეთში მართლაც რომ მაღალი ტემპით, ყოველდღიურად მუშაობს. ბიზნესი ფრინველების მიმართ ჰუმანურობით არ გამოირჩევა, თუმცა საკმაოდ მომგებიანია. ევროპული სტანდარტების საწარმოში, ქათმების მიერ დადებული კვერცხი, როგორც ამბობენ, გემრიელია, რისი დასტურიც გაყიდვების მაღალი მაჩვენებელია.

pepper.ge