მთავარი შემოქმედება არქიტექტურა სამების საკათედრო ტაძრის კონსტრუქცია და მშენებლობა

სამების საკათედრო ტაძრის კონსტრუქცია და მშენებლობა

აქ, სადაც დღეს სამების საკათედრო ტაძარს ნახავთ, წინათ ხისგან აგებული ეკლესია მდებარეობდა, რომელიც შემდგომში დაიწვა. მის ადგილას 1989 წელს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავისა და ქრისტეს შობიდან 2000 წლის აღსანიშნავად, სამების საკათედრო ტაძრის აშენების იდეა გაჩნდა.

იდეის გაჩენასთან ერთად „წმინდა სამების საკათედრო ტაძრის“ პროექტზე კონკურსი გამოცხადდა. დღემდე ყველაზე მასშტაბური კონკურსის ფარგლებში, 120-მდე პროექტიდან ერთი უნდა შერჩეულიყო. შერჩევა ძალიან რთული აღმოჩნდა. 1990 წლის გაზაფხულზე, არჩილ მინდიაშვილის პროექტი გამარჯვებულად გამოაცხადეს. ტაძრის შესახებ დაწვრილებით თავად არჩილმა გვიამბო…

არჩილი არქიტექტორი გახლდათ და თავისი პროფესიით მუშაობდა. საერო და სასულიერო საქმიანობა ერთად წარმოუდგენელი იყო. ამიტომ საპატრიარქოში ხუროთმოძღვრების ცენტრი შექმნა, სადაც სამებაზე მუშაობასთან ერთად, სხვა სასულიერო პროექტებშიც აქტიურად მონაწილეობდა. სამების საკათედრო ტაძრის გარდა, მის სახელს საქართველოში 100-მდე ეკლესია უკავშირდება, მათ შორის – წმინდა გიორგის ბაზილიკა, ამაღლების, სამედიცინო ინსტიტუტის, გოგნის (თერჯოლის რაიონი), ბათუმის სამების ტაძრები და სხვ.

სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის დაწყებამდე, მიწა 1995 წლის 23 ნოემბერს (გიორგობის დღე) აკურთხეს. 1996 წლის 3 მარტს საძირკველი უკვე ამოღებული იყო. თავდაპირველად, უსახსრობის გამო, მშენებლობა გაჭირვებით მიმდინარეობდა, თუმცა 2000 წელს ბიძინა ივანიშვილმა მშენებლობის ინკოგნიტოდ დაფინანსება დაიწყო. მას შემდეგ მუშაობის ტემპმა საგრძნობლად იმატა.

მშენებლობაში 1200-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ძირითადად, სამშენებლო მასალად ქართულ პროდუქციას იყენებდნენ: გრანიტი ქუთაისიდან ჩამოიტანეს, ტუფი – ბოლნისიდან, ქვედა სართულზე ბოდბის გამარილებული კირქვა გამოიყენეს, საკურთხევლის წინ მდებარე ამბიონის კიბეები ვერონაში (იტალია) შეუკვეთეს, გაჩარხული კოლონები საბერძნეთიდან ჩამოიტანეს, ტაძრის გასანათებლად კი ავსტრიული ფირმის (Orion) ჭაღები დაკიდეს.

ახალგაზრდული ცენტრისა და ხარების ტაძრის (რომელიც მიწის ქვეშ მდებარეობს) მშენებლობა 5 წელიწადს გაგრძელდა. მიწის ქვეშ ორი სართული აშენდა და მთლიანობაში სიმაღლემ 15.70 მეტრი შეადგინა. შემდეგ მშენებლობა მიწის ზემოთ მიმდინარეობდა: 4 სვეტის ნაცვლად, გუმბათი 8 სვეტზე დააყრდნეს. მისი ყელი ოპტიმალური ზომის გამოვიდა. 2004 წლის 21 ნოემბერს (ისევ გიორგობის დღესასწაულზე) 100.2 მ. სიმაღლის საკათედრო ტაძარში, რომელსაც მოოქროვილი ჯვარი დაადგეს, პირველი წირვა-ლოცვა აღავლინეს.

ვიდრე ტაძარზე საბოლოოდ, მოოქროვილ ჯვარს დადგამდნენ, ხისგან სხვადასხვა ზომისას ამზადებდნენ და ტაძარს საცდელად არგებდნენ „ – მოსახლეობა ცვლილებას ამჩნევდა და სანაძლეოს დებდა – მომდევნო დღეს სამებაზე ჯვარი გამოჩნდებოდა თუ არა,“ – ხუმრობით გვითხრა არჩილმა. საბოლოოდ, 7.5 მ. სიმაღლის 2-ტონიანი ჯვარი რუსთავის „სარინში“ დაამზადეს და საკათედრო ტაძარს დიდი გაჭირვებით მოარგეს.

მაშინდელი ამწე ასეთ სიმაღლეს ვერ წვდებოდა. ამიტომ რუსეთიდან ვერტმფრენის ჩამოყვანას ფიქროდბენ, მაგრამ პეტერბურგის ინციდენტის (ვერტმფრენს ჯვარი დამაგრებისას ჩამოუვარდა, შემდეგ გუმბათი გაამტვრია და ადამიანიც იმსხვერპლა) შემდეგ, გადაიფიქრეს. საბოლოოდ, ოწინარის პრინციპი გამოიყენეს: დადგმის შემდეგ, ჯვარს 2-ტონიანი ტვირთიც დაამაგრეს, რომელიც მიწისძვრის დროს დისონანსს ქმნის და გაქანებას აქრობს.

სამების საკათედრო ტაძარი 10 პატარა ტაძრისგან შედგება. აქ ისეთი წმინდა ნაწილები ინახება, როგორიცაა: თხოთის ჯვარი, ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილი, დავით გარეჯელის მადლის ქვა, უწმინდესის და უნეტარესის მიერ დაწერილი ტაძრის 2 მთავარი ხატი (ყოვლადწმინდა სამების და ღვთისმშობლის), ხბოს ტყავზე დაწერილი სახარება (რომელშიც რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატებია), წმინდა გიორგის მუხლი…

„იმედის ხატი“, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში ინახება, მსოფლიოში ყველაზე ძვირფასია. მის დასამზადებლად 70 კგ. ბაჯაღლო გამოიყენეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სურვილი იყო, რომ შინაარსთან ერთად, ხატი მატერიალურადაც ძვირფასი ყოფილიყო.

სამების კედლების მოხატვა უკვე დაწყებულია. რამდენიმე წელიწადში მთლიანად მოიხატება. გარედან ტაძარს 365 ორნამენტი ამშვენებს (ყველა უნიკალურია – არ მეორდება). თავისი მასშტაბით, ტაძარი მართლაც საოცარია. გასაკვირი არ არის, რომ ამდენი წლის შემდეგ, სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს…

pePPer.ge