მთავარი პიროვნება პიროვნება სალომე კოკუაშვილი: „კონფლიქტური ადამიანი არ ვარ“

სალომე კოკუაშვილი: „კონფლიქტური ადამიანი არ ვარ“

მე ვარ სალომე კოკუაშვილი, 26 წლის.

დედისერთა ვარ და ყველა ფიქრობდა, რომ მშობლები მანებივრებდნენ, თუმცა თავად ასე არ მიმაჩნია. მამა სპორტსმენი იყო, დედა ექიმია. დედაჩემი დღემდე „სასწრაფოში“ მუშაობს. პროფესიით თერაპევტ-კარდიოლოგი გახლავთ.

დღემდე ვნანობ, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში არ ვისწავლე. ჩემი ოჯახის წევრებს არ სურდათ, მსახიობი გავმხდარიყავი. ალბათ, მარკეტინგისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე ამიტომაც ჩამაბარებინეს.

ცხოვრება ყოველთვის უსამართლოა, თუმცა როცა რაღაც გინდა და გჯერა, აუცილებლად გამოგივა. არ უნდა დანებდე და მიზნის მისაღწევად, ყოველთვის წინ უნდა იარო. თავად ასე ვიქცევი. შესაძლოა, რაღაც ძალიან მეწყინოს, მაგრამ არასოდეს ვნებდები.

პირველად ტელეეკრანზე ან „ვა-ბანკში“ გამოვჩნდი, ან – „კომედი შოუში“. ზუსტად არ მახსოვს. ძალიან ბედნიერი ვიყავი, თუმცა ის ფაქტი არ მომწონდა, რომ „ვა-ბანკში“ უბრალოდ, უნდა ვმდგარიყავი და მეტი არაფერი მეკეთებინა. „კომედი შოუს“ სკეტჩში პირველად ნიკუშა გრიგოლიასთან ერთად ვითამაშე. გადაღებისას ძალიან ვნერვიულობდი. მეგონა, გული გამიჩერდებოდა და ტექსტს ვერ ვიტყოდი, მაგრამ „გამოვძვერი“ – ტექსტი უშეცდომოდ ვთქვი. „კომედი შოუს“ ბიჭებთან დიდხანს ვთანამშრომლობდი.

„მესამე თაობა“ – ეს იყო სერიალი, რომელიც „ფორმულა კრეატივმა“ „პირველი არხისთვის“ გადაიღო. „მესამე თაობაში“ ყველაზე დიდი, ხანგრძლივი როლი ვითამაშე.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმში – „3+3“ მონაწილეობა იყო, რომელშიც პარტნიორობას ზურა ყიფშიძეს ვუწევდი. ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივი იყო.

ყველაზე დიდი პოპულარობა სერიალებმა – „ჩვენი ოფისი“ და „გოგონა გარეუბნიდან“ მომიტანა.

სულელი და ლამაზი გოგოს როლი გარკვეულ ეტაპზე მისაღებია, მაგრამ სულ ასეთი პერსონაჟების განსახიერება ჩემთვის არაფრის მომცემია. არ მინდა ეკრანზე იმიტომ ვჩანდე, რომ გრძელი ფეხები მაქვს. თან, არც ისე გრელი ფეხები მაქვს… სამსახიობო სფეროში რაღაც ღირებულის გაკეთება ძალიან მინდოდა. რატომღაც, ამის საშუალებას არ მაძლევდნენ. ბრძოლას თავი დავანებე და ეკრანიდან გავუჩინარდი.

ამჟამად ჩემი რეალური პროფესიით ვმუშაობ: ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში კასტინგ-მენეჯერი ვარ. ასევე, კაზინოში გათამაშების წამყვანი გახლავარ. მიმაჩნია, რომ წამყვანობაც ძალიან „ჩემი“ პროფესიაა, ძალიან მომწონს!.. კიდევ, სხვადასხვა კორპორატიული საღამოს წამყვანიც ვარ ხოლმე…

ცეკვა ყოველთვის ჩემი ჰობი იყო, რომელიც მართობდა და ალბათ, კიდევ გავერთობი. ძალიან მიყვარს!..

კონფლიქტური ადამიანი არ ვარ. მაგალითად, დღეს, როცა ყველა მეუბნება – აი, როგორ უსამართლოდ მოგექცნენ „ცეკვავენ ვარსკვლავებშიო, აღვნიშნავ, რომ „იმედის“ ხელმძღვანელობასთან (ვინც პროექტის მეშვეობით გავიცანი) ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. კონფლიქტი ნამდვილად არავისთან მქონია.

„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა პირველივე სეზონიდან მინდოდა. ამას ხშირად ვამბობდი. რადგან პროექტში არ მიმიწვიეს, გადავწყვიტე, ვიდეო გადამეღო და  საკონკურსოდ გამეგზავნა. იმედი მქონდა, პროექტში „ხალხის რჩეულის“ სტატუსით მოვხვდებოდი. ასეც მოხდა, რისთვისაც ხალხს გულშემატკივრობისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ვფიქრობდი, რომ საზოგადოების აზრი აუცილებლად ორად გაიყოფოდა: ჩემ შესახებ ხალხის ნაწილი იტყოდა – რა მაგარიაო, ნაწილი კი აგრესიულად განეწყობოდა – ვიდეო კონკურსი ხომ იმ ადამიანებისთვის არის, ვინც ეკრანზე არასოდეს გამოჩენილაო? ეს მაფერხებდა, ვნერვიულობდი… ძალიან მიხარია, რომ პროექტში ჩემს მონაწილეობას ხალხისგან არანაირი აგრესია არ მოჰყოლია, პირიქით – სოციალურ ქსელში სიყვარულით სავსე, პოზიტიურ წერილებს ვიღებ. ამით უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. ჩემს გადაწყვეტილებას არც ერთი წამით არ ვნანობ.

„გილოცავთ, თქვენ გაიმარჯვეთ, მაგრამ…“ – როდესაც „იმედიდან“ დამირეკეს და ეს სიტყვები მითხრეს, ძალიან გავბრაზდი. როცა ვფიქრობდი, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მოვხვდი, უცებ მაუწყეს, რომ მეორე ტური დანიშნეს. ჩემი პასუხი იყო „არა“, მაგრამ მერე დავფიქრდი: ხმა უამრავმა ადამიანმა მომცა (მოგეხსენებათ, ხმის მიცემა ერთ ადამიანს დღეში მხოლოდ ერთხელ შეეძლო). მეტოქეს 72 ხმით ვაჯობე. მინდა, რომ იმ 72 ადამიანს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, ვინც ხმა კონკურსის ბოლო წუთებში მომცა… მოკლედ, ვიფიქრე, რომ ჩემი გულშემატკივრების გამო, პროექტის დატოვება არასწორი საქციელი იქნებოდა ანუ ისე გამოვიდოდა, რომ დავნებდებოდი. ამიტომ მეორე ტურში მონაწილეობას დავთანხმდი.

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეორე ტურის შედეგში ვერავის დავადანაშაულებ. ოლიკო ძალიან კარგად ცეკვავს – ქართული ცეკვების პროფესიონალი შემსრულებელი გახლავთ. პლუს, როდესაც „ესემესების“ რაოდენობაზე ხარ დამოკიდებული, არასდროს იცი, რა მოხდება: შეიძლება, შემდეგი ტურიდან ისეთი ადამიანი გავარდეს, ვინც ძალიან მაგრად ცეკვავს, ბევრს შრომობს და პროექტში ისეთი მონაწილე დარჩეს, ვინც უბრალოდ, გასართობად მოვიდა და დარჩენა არც კი უნდა. „ესემესების“ რა რაოდენობით დავმარცხდი, არ ვიცი. მგონი, ეს გასაჯაროებული არ არის. ეს ამბავი ეჭვს მიჩენს თუ არა? არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ჩემი დაჩაგვრა ენდომებდა… ნებისმიერ შემთხვევაში, „იმედის“ გადაწყვეტილების მესმის.

როცა ვბრაზობ, მეტირება. ამიტომ მირჩევნია, გავიქცე, დავიმალო, რადგან არავინ დაინახოს, რომ ვტირი. ადამიანმა საშინელი რაღაც უნდა გააკეთოს, რომ გავბრაზდე. საერთოდ, ძალიან პოზიტიური ადამაინი ვარ. მეგობრებს ჩემი ეს თვისება არ უყვართ. მეუბნებიან, – სიშტერეში გადაგდისო. მჯერა, რომ ყველა ადამიანი კარგია. მინდა, რომ ასე იყოს…

მეუბნებიან –  შენს ასაკთან შედარებით, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიო. ეს ძალიან მიხარია.

კარგი მძღოლი ვარ: ქვეითებს გზას ყოველთვის ვუთმობ და საგზაო წესებს პატიოსნად ვიცავ.

სიზარმაცე ჩემი მავნე ჩვევაა. მუშოაბა არ მეზარება, თუმცა მაგალთად, ვარჯიში ძალიან მინდა, მაგრამ მეზარება. ყოველი ორშაბათიდან ვარჯიშის დაწყება მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ასეთი ორშაბათი ჩემს ცხოვრებაში არა და არ დგება.

ცალმხრივი სიყვარული გამომიცდია, რა თქმა უნდა, თუმცა ვფიქრობ, რომ რეალურად, ცალმხრივი სიყვარული არ არსებობს. შეიძლება, ეს გატაცება იყოს – იტანჯებოდე და ტანჯვა მოგწონდეს. კი, მეც მომწონდა, რომ ვიტანჯებოდი. უგონოდ შეყვარებული ისეთ ადამიანზე ვიყავი, რომელმაც სავარაუდოდ, არც კი იცის, რომ მიყვარდა. მაშინ ძალიან დეპრესიული, მოწყენილი, განადგურებული ვიყავი. ახლა ამ ამბავზე მეცინება და ძალიან ვხალისობ.

სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობა მქონია. შეყვარებული მყავდა. ერთმანეთს დიდხანს ვხვდებოდით, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ჩვენი გზები გაიყო. ალბათ, ასე იყო საჭირო. ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნებისთვის მცირე ასაკის ვიყავით. ვერ „გავქაჩეთ“, რა…

ბევრი ფულის შოვნის ერთადერთი ვარიანტი ლატარიაში მოგებაა. ძალიან გამიხარდებოდა, ჩვენს ქვეყანაში კინემატოგრაფის სფერო ისეთი განვითარებული იყოს, რომ ამ საქმით ფულის შოვნა ყველამ შეძლოს, მაგრამ სამწუხაროდ, მგონი, ასე არ ხდება. ძალიან ბევრს თუ იშრომებ, ფინანსური შემოსავალი გექნება, მაგრამ მგონი, ლატარიაში მოგების გარეშე, ვერ გავმდიდრდები, სხვებს კი – საქმეში წარმატებას ვუსურვებ.

უხამსი წინადადებით პირადად არავის მოუმართავს, მაგრამ სოციალურ ქსელში ხშირად ისეთ მარაზმს მწერენ, რომ ვერც კი გავიმეორებ.

ისე სიკვდილს არ ვაპირებ, რომ მანამდე კინოაკადემიაში არ ვისწავლო. მსურს, თუნდაც 3-თვიანი მასტერკლასი გავიარო. ამისთვის საჭირო თანხა ვერასოდეს მოვაგროვე. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ იმ სფეროში შესაბამისი განათლება მივიღო, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებს. ჩემი ცხოვრების მიზანი წარმატებული სამსახიობო კარიერა და კინოაკადემიაში სწავლა გახლავთ.

ავტორი: ეთო ყორღანაშვილი
ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე