მთავარი პიროვნება რუსკა ქარქაშაძე: „შემოსავალს უაზროდ არ ვხარჯავ – ჭკვიანურად ვანაწილებ“

რუსკა ქარქაშაძე: „შემოსავალს უაზროდ არ ვხარჯავ – ჭკვიანურად ვანაწილებ“

თითქმის ყოველთვის ენერგიული ვარ. არ ვიცი, ისეთი რა უნდა გავაკეთო, რომ დავიღალო. ძალიან ცნობისმოყვარე გახლავართ: ყველაფერი მაინტერესებს, რაც კი დედამიწაზე არსებობს.

რაც თავი მახსოვს, ისიც მახსოვს, რომ მსახიობობა მინდა. პროფესიული არჩევნის შეცვლის სურვილი არასოდეს გამჩენია. ვგრძნობდი, ამ საქმის კეთება გულით მინდოდა. როცა მივხვდი – თურმე, გამომდიოდა კიდეც, ორმაგი სტიმული გამიჩნდა, რომ უკეთესი მსახიობი გავმხდარიყავი.

7 წლის ვიყავი, როცა თეატრალურ სტუდიაში მივედი და ბევრი კომპლიმენტი მივიღე. სცენაზე პირველი ნაბიჯები მაშინ გადავდგი. მერე სპექტაკლები მოზარდ მაყურებელთა თეატრში მქონდა. საკმაოდ წარმატებული სპექტაკლები იყო – „დურუჯიც“ გვაქვს აღებული… მითხრეს, რომ ამ სფეროში რაღაც გამომდის და შემიძლია, წარმატებას მივაღწიო..

რაზეც მთელი ბავშვობა ვოცნებობდი, 1 დღეში მოხდა: დავიძინე, გავიღვიძე და უკვე ყველაფერი სხვაგვარად იყო. იმას ვგულისხმობ, რომ 8 ივნისს, ღამით სერიალის – „ხელოვნური სუნთქვა“ პირველი სერია ეთერში გავიდა, 9 ივნისს კი ჩემი ცხოვრება ვეღარ ვიცანი – აბსოლუტურდ სხვაგვარ გარემოში აღმოვჩნდი (ქუჩაში ხალხი მცნობდა, ფოტოების გადაღებას მთხოვდა…).

„ხელოვნურ სუნთქვაში“ ჩემს პერსონაჟს – მელანოს იმით ვგავარ, რომ ორივენი ცნობისმოყვარეები, პრინციპულები და აქტიურები ვართ. დეპრესიულობით და ცუდი ხასიათით მელანოს არ ვგავარ… ცხადია, ძალიან მეწყინა, როცა სერიალი „დაიხურა“, რადგან მასში მონაწილეობა უკვე რუტინად მექცა – გადაღებები ჩემთვის უკვე ყოველდღიურობა იყო. სამუშაო გრაფიკს მივეჩვიე, დღეს და ღამეს ვასწორებდი – არ მეძინა, უცებ კი უმუშევარი აღმოვჩნდი. ბუნებრივია, ეს რთულად აღსაქმელი იყო. ამ ფაქტმა დამთრგუნა.

საკუთარი შემოსავალი 12 წლიდან მაქვს – სპექტაკლებიდან, ფილმებიდან… ახლა მეგაშოუ იწყება, რომლის ერთ-ერთი თანაწამყვანიც ვარ. კარგი შეგრძნებაა, როცა მცირე  ასაკიდანვე იცი, სიტყვა „შენი“ რას ნიშნავს. თან, ვეჩვევი, რომ ადამიანის შრომა უნდა დაფასდეს – ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემს შემოსავალს უაზროდ არ ვხარჯავ – ჭკვიანურად ვანაწილებ: სწავლისთვის მაქვს გადადებული და მომავალში გამოვიყენებ.

თანატოლების ცხოვრებისგან ჩემი ცხოვრება მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ხალხი მცნობს, ქუჩაში უცნობი ადამიანები სურათის გადასაღებად მაჩერებენ. ეს ძალიან სასიამოვოა. სხვა მხრივ, მეც ჩვეულებრივი ბავშვი ვარ, სკოლაში დავდივარ, გართობა მიყვარს, ისეთ ადგილებს ვსტუმრობ, სადაც ბავშვები არიან… ასე რომ, მე და ჩემს თანატოლებს არაფერი გვყოფს, გარდა იმისა, რომ ჩემს ცხოვრებაში ცვლილება უცბად მოხდა…

უსაქმურად არასდროს ვარ. ჩემი ცხოვრების ყოველ დღეს საკმაოდ საინტერესოდ ვატარებ: სწავლით, ჩოგბურთით, გადაღებებით ვარ დაკავებული.  ჩვეულებისამებრ, ჩემი დილა 8 სთ-ზე იწყება – ვემზადები, რომ 9-ზე სკოლაში ვიყო. გაკვეთილების დასრულებისთანავე ჩოგბურთი ან სხვა საქმეები მაქვს. ფაქტობრივად, შინ ღამის 12 სთ-ზე ვბრუნდები ხოლმე. რადგან გადაღებები „გაწერილი“ არ არის,  შეიძლება, ღამის 1-2 საათზეც დასრულდეს. საკმაოდ რთული გრაფიკი მაქვს, თუმცა უკვე მივეჩვიე. სასკოლო დავალებების მომზადებაც ღამით მიხდება: მეცადინეობას დაახლოებით, 2 სთ-ზე ვიწყებ და 3-ზე ვამთავრებ. სამეცადინოდ ზოგჯერ 1 საათზე ნაკლებიც მჭირდება, მაგრამ როცა გამოცდა მაქვს, შეიძლება, სწავლაში ღამეც გავათენო.

ჩოგბურთს პროფესიონალურ დონეზე ვსწავლობ. ყოველდღე 2-3 საათს ვვარჯიშობ. ჯერ ერთი, მსახიობისთვის ფორმაში, „კარგ ტანზე“ ყოფნა აუცილებელია და მეორეც – შეიძლება, ჩოგბურთის პროფესიონალურად ცოდნა მომავალში გამომადგეს. დაახლოებით, 5 წელია, რაც მე და ჩემი და სპორტის ამ სახეობას მივსდევთ. შეჯიბრებებში მონაწილეობა მიმიღია, თუმცა მთავარი ტურნირების პერიოდი ახლა იწყება…

ჩემი მშობლები იურისტები არიან. თეატრალურ სფეროსთან კავშირი არ აქვთ. მგონი, ჩვენს გვარში პირველი მსახიბი ვარ, რადგან ყველანი სერიოზული პროფესიის წარმომადგენლები არიან: იურისტები, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები, ეკონომისტები… თავდაპირველად, ჩემს პროფესიულ არჩევანთან დაკავშირებით, მშობლებს „კითხვის ნიშნები“ ჰქონდათ – სამსახიობო სფეროში მუშაობას შევძლებდი თუ არა, მაგრამ შემდეგ სპექტაკლში მონაწილეობისას მნახეს და გაოგნდნენ – თურმე რამდენი რამ შეუძლიაო?!. მერე უკვე ჩემი პირველი გულშემატკივები გახდნენ. დღესაც, გადაღებებიდან შინ მამამ მომიყვანა. მშობლები ნებისმიერ წუთს ჩემთან არიან, როცა მჭირდება.

დედმამიშვილები მყავს: და ჩემზე 1 წლით უმცროსია. მას ცოტა უფრო სერიოზული პროფესია აქვს არჩეული და პრეზიდენტობას გეგმავს. ისეთი ჭკვიანია, რომ გამოუვა… ჩემი ძმა 8 წლის არის. ჯერჯერობით, ცხოვრების მიზანი ჩამოყალიბებული არ აქვს.

სკოლაში კარგად ვსწავლობ – ყველაფერში „10-იანი“ მყავს. შეიძლება, ვიღაც-ვიღაცებმა არ დამიჯერონ, მაგრამ სკოლა ძალიან მიყვარს. იქაური გარემო მსიამოვნებს. თან, კარგი მასწავლებლები მყავს და სკოლაში ყოფნა საინტერესოა. რაკი კარგად ვსწავლობ, პედაგოგებს ჩემს მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვთ, როგორც მოწადინებულ ბავშვთან.

არ მინდა, სამაგალითო ადამიანი, კერპი მყავდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში, რასაკვირველია, მას ემსგავსები, მე კი მსურს, არავის ვგავდე. მინდა, თავად ვიყო საინტერესო პერსონა. არ მინდა, რომ ვიღაცას მიმამსგავსონ… თუმცა ჩემთვის დედაჩემი მაინც ყველანაირად სამაგალითოა: ეს გახლავთ ქალი, რომელიც ძალიან განათლებულია, იურისტია, მუშაობს და პლუს, ძალიან მაგარი დედაა. ყველაფერს ახერხებს – მუშაობასაც და ბავშვებზე ზრუნვასაც… მოკლედ, დედაჩემით ვამაყობ.

კომიკურ სიტუაციებში კვირაში ერთხელ მაინც აღმოვჩნდები ხოლმე. მაგალითად, სასკოლო ჩანთა ავტობუსში დამრჩა, როცა სკოლის გაჩერებაზე ჩავედი. წიგნები და სხვა საჭირო ნივთები ჩანთაში მედო. საშველად მამას დავურეკე, რომელიც ავტობუსს მანქანით გაჰყვა და ჩანთა წამომიღო…

ჩემთვის გამოწვევა იყო, როცა პირდაპირ ეთერში ამინდის პროგნოზის გამოცხადება მომიხდა. არ ვიცი, რა დამემართა – თითქოს ბნედა დამეცა… ძალიან ვინერვიულე. პირდაპირი ეთერი სხვაგვარ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ეს გამოწვევაც გადავლახე.

ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია – მივაღწიო მაქსიმუმს, რისი მიღწევაც შემიძლია. მიმაჩნია, რომ მწვერვალი, მაქსიმალური წერტილი არ არსებობს, რადგან დედამიწა ბრუნავს, ყოველდღე რაღაც იცვლება და ჩვენი მიზანი ყოველდღე რაღაც სხვა ხდება, მერე მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით, უფრო „მაღლა“ გვინდა…

ავტორი: ეთო ყორღანაშვილი

ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე

pepper.ge