მთავარი სოციალური ცხოვრება ისტორია როზენჰანის ექსპერიმენტი

როზენჰანის ექსპერიმენტი

ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1973 წელს ექსპერიმენტი ჩატარდა, რომლის შემდეგაც საზოგადოებამ ფსიქიატრიული კლინიკების მიმართ ნდობა დაკარგა. ექსპერიმენტის ინიციატორი პროფესორი დევიდ როზენჰანი იყო. ექსპერიმენტის შედეგები ჟურნალ Science-ში სათაურით – „გიჟების ნაცვლად ფსიქიკურად ჯანმრთელნი“ გამოქვეყნდა.

ექსპერიმენტი საიდუმლოდ ჩატარდა. როზენჰანის ჩათვლით, მასში 8 ადამიანი მონაწილეობდა. მათ სხვადასხვა ფსიქიატრიული კლინიკები მოატყუეს, თითქოს ფსიქიკური აშლილობა აწუხებდათ და ხმები ესმოდათ. სამწუხაროდ, ექიმებმა დაიჯერეს და „პაციენტები“ კლინიკებში განათავსეს.

კლინიკებში ექსპერიმენტის მონაწილეებმა ნორმალური მანერები დაიბრუნეს და უპრობლემოები გახდნენ. „პაციენტებმა“ ექიმების გადარწმუნება დაიწყეს და თავიანთ ჯანმრთელობას ამტკიცებდნენ.

ექიმებმა მათ არ დაუჯერეს და წამლების მიღებას აიძულებდნენ. გასაოცარი ის იყო, რომ საავადმყოფოს პერსონალმა სიმულიანტები ვერ ამოიცნეს, თუმცა სხვა, მართლა ფსიქიკურად შეშლილი პაციენტები ყველაფერს ხვდებოდნენ.

მას შემდეგ, რაც მონაწილეებმა ფსიქიატრიული კლინიკები დატოვეს, ექსპერიმენტი განმეორებით ჩაატარეს. მსოფლიოს მასშტაბით, 12 საავადმყოფო აირჩიეს. ყველა მონაწილე სულიერად ავადმყოფებად სცნეს და სხვადასხვა დიაგნოზით (დეპრესიული ფსიქოზი, შიზოფრენია) ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მოათავსეს.

ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, ადრინდელის მსგავსად, ფსიქიკურად გაწონასწორებული ადამიანის პოზიციაში მყოფი „პაციენტები“ ექიმების გადარწმუნებას ცდილობდნენ, თუმცა ამჯერად საავოდმყოფოს ადვილად ვერ დააღწიეს თავი. საბუთებში ყალბი დიაგნოზი ეწერათ.

მოგვიანებით, როცა ექსპერიმენტის შესახებ საზოგადოებამ შეიტყო, ყველა გაოგნებული დარჩა. ფსიქიატრიულ კლინიკებს არავინ აღარ ენდობოდა.

ხალხის ასეთი რეაქციის შემდეგ, ერთ-ერთმა ცნობილმა საავადმყოფომ როზენჰანს მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება საკუთარ კლინიკაში სთხოვა. როზენჰანი საავადმყოფოს პერსონალს მოელაპარაკა, რომ მომდევნო 3 თვის განმავლობაში, საავადმყოფოში მოხვედრას არაერთი ფსევდოპაციენტი შეეცდებოდა. სიმულიანტების ამოცნობის მიზნით, ექიმებს ყოველი პაციენტის ორმაგი ყურადღებით გასინჯვა მოუხდათ.

საბოლოოდ, 193 პაციენტიდან ექიმებმა 41 მატყუარა ამოიცნეს და 42-ის ფსიქიკური მდგომარეობა ეჭვქვეშ დააყენეს. სინამდვილეში როზენჰანს საავადმყოფოში არავინ არ გაუგზავნია და ის პაციენტები, რომლებიც პერსონალმა ჯანმრთელებად სცნო, შეშლილები იყვნენ.

ეს ექსპერიმენტი მსოფლიო ფსიქიატრიისთვის დიდ დარტყმას წარმოადგენდა. საუკეთესო ფსიქიატრების პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ დააყენეს და დროდადრო ასეთი განცხადებები კეთდებოდა: „როგორც ჩანს, ფსიქიატრიულ კლინიკებში ჯანმრთელებს შეშლილებისგან ვერ ანსხვავებენ.“