მთავარი პიროვნება რეზო ბლიაძე: „სიმღერა რომ დავიწყეთ, ხალხს გიჟები ვეგონეთ“

რეზო ბლიაძე: „სიმღერა რომ დავიწყეთ, ხალხს გიჟები ვეგონეთ“

პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ. მუსიკალურ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ამიტომ, ალბათ არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ მუსიკასთან ყოველთვის ახლოს ვიყავი. ბავშვობიდან ვმღერი, თუმცა მომღერლობაზე არასდროს ვფიქრობდი. მინდოდა, რომ სიმღერები დამეწერა და სხვებს შეესრულებინათ, თუმცა უკვე წლებია „რეზო და ბავშვების“ სოლისტი და სიმღერების ავტორი ვარ.

მყავს მეუღლე, ნინია ჯაოშვილი და 5 წლის შვილი, თომა. ნინია რომ შემოვიდა ჩემს ცხორვებაში, „რეზო და ბავშვების“ შექმნის იდეაც მაშინ გაჩნდა. ეს გოგო ჩემთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა. რეპეტიციები რომ დავიწყეთ, ორსულად  იყო. მას უამრავი სიმღერა მივუძღვენი. დღესაც ჩემი დიდი გულშემატკივარია.

„რეზო და ბავშვები“ 7 წლის წინ შეიქმნა. ერთ-ერთი იუმორისტული გადაცემისთვის მუსიკალურ ნომერს ვამზადებდი და ლელო ხოტივარი გავიცანი. ვუთხარი, რომ 10-15 სიმღერა, რომელიც „რეზო და ბავშვების“ რეპერტუარში ახლაც არის, უკვე მქონდა. აღმოჩნდა, რომ ლელოც ბიჭების ჯგუფთან, „დრო 21“-თან თანამშრომლობდა. მათთან სარეპეტიციოშიც მივედი. ლელოს გარდა, დემეტრე გვენცაძე, ბექა ნაფეტვარიძე, ლევან იაშვილი დამხვდნენ. ერთმანეთის მუსიკა გავიზიარეთ და ორ ნაწილად გავიყავით. კონცერტზე „რეზო და ბავშვებს“ რომ დაგვიძახებდნენ, „დრო 21“-ც მიგვყავდა.

სიმღერა რომ დავიწყეთ, ხალხს გიჟები ვეგონეთ. ადამიანებისგან ასეთი მიდგომები და თითქოს სრულიად აქაურობაც მობეზრებული მქონდა. ამიტომ ვფიქრობდი, რომ თბილისს უნდა გავცლოდი. ბორჯომში დაბადებულ-გაზრდილი ვარ და ყოველთვის მინდოდა, მუსიკალურ სფეროში იქაც მემუშავა. თითქმის ორი წელი ბორჯომში კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ვიყავი. ამ პერიოდში რამდენიმე ახალი სიმღერა გავაკეთეთ, თუმცა „რეზო და ბავშვები“ აქტიური აღარ იყო. საბედნიეროდ, ჯგუფის წევრები, ლელო ხოტივარი, დემეტრე გუნცაძე და ბექა ნაფეტვარიძე არ გაჩერებულან და სხვადასხვა ჯგუფთან თანამშრომლობდნენ.

„რეზო და ბავშვებს“  რომ ვაყალიბებდით, თითქმის არაფერი ვიცოდით, მათ შორის – არც ინსტრუმენტზე დაკვრა. უბრალოდ მუსიკის კეთების დიდი სურვილი გვქონდა. ბორჯომში ჩემი ყოფნის პერიოდი ბიჭებმა ნაყოფიერად გამოიყენეს. დავბრუნდი და  ბავშვები გაზრდილები დამხვნენ. ერთს თმა დასცვივნია, მეორეს – წვერი ამოსვლია და დაკვრაც უსწავლიათ!

ბორჯომში ყოფნის პერიოდში ჯგუფზე აღარ ვფიქრობდი, მაგრამ ჩემს ბიჭებთან ერთად მუსიკის კეთებაზე ფიქრი მაინც არ მასვენებდა. ლელო ხოტივარი გამუდმებით მწერდა, ჩამოდიო. სწორედ ამ პერიოდში, გადაცემა „პროფილის“ პროდიუსერმა, ნიკუშა ხაჩიძემ, ძველი სიმღერით – „სიყვარულის ამინდით“ გადაცემაში სტუმრად დაგვპატიჟა, რაც „რეზო და ბავშვებისთვის“ დიდი მოტივაცია აღმოჩნდა. ამას მოჰყვა გადაცემაში მეორე, მესამე, მეოთხე სტუმრობა. დავინახეთ აზრი იმისა, რომ ჯგუფს საქმიანობა გაგვეგრძელებინა. დავრწმუნდით, რომ სიმღერას თუ ჩავწერდით, სადმე გავიტანდით, რაც ჩვენს ქვეყანაში დიდი პრობლემა იყო.

თამუნა მუსერიძეს რომ ვუმღერეთ, ამის მთავარი მიზანი ჩვენი პოზიტივის ხალხისთვის სწორად მიწოდება იყო. თამუნასთან გადაცემაში სტუმრად ვიყავით. ერთ საღამოსაც დავურეკე და ვუთხარი, რომ მასზე სიმღერა დავწერე. მოვასმენინე და ძალიან მოეწონა. მალევე ჩავწერეთ და გამოვუშვით თუ არა, ვიღაცამ youtube-ზე ატვირთა ისე, რომ არც მიაწერა, ვინ მღეროდა. მილიონი ნახვა კი ჰქონდა, მაგრამ არავინ იცოდა, ვინ ასრულებდა. ახლაც რომ ვმღერით სადმე, გვეკითხებიან – უი, ეს სიმღერა თქვენიაო?

გაგვიმართლა და გვაქვს რამდენიმე ისეთი სიმღერა, რომლითაც საზოგადოება გვიცნობს. ვფიქრობ, რომ ბევრად მეტი შეგვიძლია. არ ვიცი კარგია თუ ცუდი, მაგრამ იმ ჯგუფებს არ მივეკუთვნებით, რომლებიც ერთ ჰიტთან ერთად მთავრდებიან.


საწუწუნო არასდროს ვვქონია.
ცხოვრებისგან ზუსტად იმდენს ვიღებთ, რამდენსაც ვიმსახურებთ. „რეზო და ბავშვები“ ის ჯგუფია, რომელიც გამუდმებით ვითარდება. ჩვენი სიმღერები ციდან მოფრენილ, გამოგონილ ურთიერთობებზე არ არის. სიმღერა „მეგობარო“  ძალიან სწრაფად დაიწერა. მე და ლელო ბორჯომში ვიყავით. ლელოს ეძინა. მეგობარო, გაიღვიძე – უკვე მისამღერი იყო და ასე დავწერე სიმღერა. როგორც კი თბილისში დავბრუნდი, ჩვენს მეგობარს, რეჟისორ პაატა მეიშვილს მოვასმენინე. კლიპის გადაღებაც დავგეგმეთ. ერთ საღამოს ბიჭები დავსხედით, დავლიეთ და გათენდა თუ არა, კლიპის გადასაღებად სტუდიის სახურავზე ავედით. ჩვენი ვიდეორგოლებიდან ყველაზე მეტი ნახვა „მეგობაროს“ აქვს.


არ ვართ ტიპები, რომლებიც პოზებს იჭერენ
და რესტორანში სიმღერაზე უარს ამბობენ. ქვეყნიდან რომ გადიან, შალახოზეც კარგად ცეკვამენ და ტაში-ტუშებსაც გადასარევად მღერიან. სადაც „გვისწორდება“, ყველგან ვუკრავთ – ზოგგან სიამოვნებით, ზოგგანაც ფულის გამო. ჩვენი მიწვევა კორპორატიულ საღამოსა თუ ღონისძიებებზე, იაფი არ ჯდება.

ქორწილში სიმღერით სიამოვნებას ვერ ვიღებ. ეს პროცესი დისკომფორტთან უფრო არის დაკავშირებული. ყოველთვის მირჩევნია, ჯგუფის საავტორო სიმღერები შევასრულო, ვიდრე ის, რასაც სტუმარი ითხოვს.

გვევაჭრებიან ყველგან, სადაც მივდივართ.
საქართველოში და განსაკუთრებით დედაქალაქში იმდენად ბანძი დამკვეთები არიან, ზოგჯერ ჰონორარს ჩვენთვისაც უხერხულ, ძალიან მცირეს ვეუბნებით, მაგრამ მაინც გვთხოვენ, რომ დავუკლოთ. ამ დროს კი თანხას არ ვუკლებთ, ვზრდით და თუ არ გადაიხდიან, რა თქმა უნდა, უარს ვამბობთ. შეიძლება ვიღაცეებმა თქვან, რომ ახალი გამოჩკილი ტიპები ვართ, ტელევიზორში გამოვჩნდით და ფულის შოვნა გვინდა, მაგრამ უფრო სამარცხვინო არ არის, მუსიკოსს დღეში 30 ლარს რომ სთავაზობენ?

„ილო ბეროშვილის შოუს“ დახურვის შემდეგ „რეზო და ბავშვები“ მოლოდინის რეჟიმში ვართ. მალე ტელეკომპანია „იმედზე“ ახალი იუმორისტული შოუ დაიწყება, რომელსაც მუსიკალურად ჩვენი გუნდი გააფორმებს.

ილო ბეროშვილთან ერთი წელი მოგვიწია თანამშრომლობა. უნიჭიერესი ადამიანია. ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, მასთან მუშაობა საინტერესო იყო. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ტელევიზია ისეთი სფეროა, თანამშრომლებს ხშირად არ ეკითხებიან, ეთერში რომელი გადაცემა უნდა დარჩეს ან დაიხუროს. 13 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ტელევიზიაში უამრავ იუმორისტულ შოუზე მიმუშავია და ჩემ თვალწინ არაერთი გადაცემა დახურულა. არც „ილო ბეროშვილის შოუს“ დახურვა ყოფილა ჩემთვის მოულოდნელი. მუსიკისა და იუმორის ერთმანეთთან დაკავშირება კარგად გამოგვივიდა და ამ თვალსაზრისით „რეზო და ბავშვების“ იუმორისტულ შოუსთან თანამშრომლობა საინტერესო იყო.

ტელევიზია მონურ მუშაობას მოითხოვს. რომელიმე შოუსთან თანამშრომლობის პერიოდში, ჩვენი ჯგუფი შემოქმედებითად ვერ ვითარდება, რადგან საავტორო სიმღერებზე სამუშაოდ, დრო არ გვრჩება. სანამ ახალ შოუზე მუშაობას შევუდგებით, ამ პერიოდს ჯგუფის სტუდიურ მუშაობას ვუთმობთ. სხვა ქართული ჯგუფებისგან რითიც განვსხვავდებით, ის არის, რომ მუსიკას ჩვენ ვქმნით, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოში ჯგუფს შემოსავალი რომ ჰქონდეს, აუცილებელია ქავერებს უნდა უკრავდეს.