მთავარი სოციალური ცხოვრება სპორტი ნიჩბოსნობის პოტენციალი და იდეალური ბუნებრივი რესურსი

ნიჩბოსნობის პოტენციალი და იდეალური ბუნებრივი რესურსი

მსოფლიოში ნიჩბოსნობა საკმაოდ პოპულარულია. საქართველოში სპორტის ამ საინტერესო სახეობისთვის ხელსაყრელი არაერთი მდინარე ბუნებვრივად მოედინება.

ნიჩბოსნობის და სანიჩბოსნო სლალომის განვითარებისთვის Raft in Georgia-ს დამფუძნებელი – კაიაკერი გიორგი ნასყიდაშვილი და მისი თანამშრომლები (პროფესიონალი ნიჩბოსნები) დიდი ხანია, იბრძვიან. ისინი ფასანაურში, მდინარე თეთრი არაგვის პირას საქმიანობენ, სადაც კარვებია გაშლილი და დარჩენაც შესაძლებელია. მდინარეზე ჯომარდობის მსურველები აქ ყოველდღიურად მოდიან.

საქართველოს ნიჩბოსნობის ისტორიაში ერთ-ერთი სახელგანთქმული სპორტსმენი გიორგის მამა, კლუბ „ლოკომოტივის“ დამაარსებელი – გოგი ნასყიდაშვილი გახლდათ, რომელმაც 1968 წლიდან საქართველოში სანიჩბოსნო სლალომის განვითარება დაიწყო. მან არაერთი სპორტსმენი აღზარდა. გოგი ნასყიდაშვილი პირველი ქართველი იყო, რომელიც სსრკ-ის სახელით, ნიჩბოსნობის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა (მე-6 ადგილი დაიკავა).

გიორგი მამის კვალს ბავშვობიდან, 5 წლიდან მიჰყვება. წვრთნებს მცხეთის სანიჩბოსნო ბაზაზე გადიოდა. მან ჰოლანდიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და მსოფლიოს მასშტაბით, არაერთი პრიზი მოიგო. საქართველოში 2013 წელს ჩამოვიდა და ისეთი მდინარეები დაიპყრო, სადაც დაშვებას თითქმის ვერავინ ბედავდა (მაგალითად – მდინარე ცხენისწყალი, ლაშარის ხეობა, ლენტეხი…). „ – სანიჩბოსნო სლალომი ოლიმპიურ სახეობაში შედის, თუმცა მთიან რეგიონებში დაშვება უფრო ექსტრემალური სპორტია. მდინარის დაპყრობის შემდეგ, თავს გამარჯვებულად და ამაღლებულად ვგრძნობდი…“ – ამბობს გიორგი. ჩვენს ქვეყანაში მდებარე 26 000 მდინარიდან, მან 12 უკვე შეისწავლა (ალაზანი, რიონი, მტკვარი, ცხენისწყალი, ტეხური, თეთრი არაგვი და სხვ.). საქართველოში ნიჩბოსნობისთვის მდინარეები საკმარისზე მეტია.

ამჟამად, ჩვენს ქვეყანაში ნიჩბოსნობის სახეობებიდან ყველაზე გავრცელებული ჯომარდობაა (Rafting). ძირითადად, ის სამოყვარულო დონეზე – დამსვენებლებზე და მძაფრი შეგრძნებების მაძიებელ ადამიანებზეა გათვლილი. ტურისტების მიღებამდე, ნიჩბოსნები მდინარეს კარგად სწავლობენ. ამიტომ გაუთვალისწინებელი შემთხვევები თითქმის არ ხდება (ზოგჯერ ნიჩაბი თუ დაიკარგება). ნავით ერთი ადამიანის დაშვება საშუალოდ, 30-50 ლარი ღირს (ნავზე მინიმუმ, 5 ადამიანი უნდა მოთავსდეს). ადამიენების ნაკლებობის შემთხვევაში, დაშვების საფასური იზრდება.

მდინარის გზის სირთულე დონეების მიხედვით განსხვავდება (1-6ბ+). ტურისტებისთვის მდინარეზე პირველიდან მე-4 დონემდე  დაშვებაა შესაძლებელი. ზოგს უფრო რთული გზის გადალახვა სურს. „ – ამერიკიდან ჩამოსულმა სამხედროებმა მდინარე თერგზე ჯომარდობა მოისურვეს. ჩვენ მათ ხელი მოვაწერინეთ საბუთზე, რომ რისკებზე პასუხისმგებლები თავად იქნებოდნენ და მდინარეზე გავყევით. დაშვებისას სამხედროები პანიკამ მოიცვა და ნიჩბები დაყარეს. მდინარიდან გამოსვლა დიდი ძალისხმევის შედეგად მოვახერხეთ,“ – ყვება გიორგი ნასყიდაშვილი. ასეთი სირთულის გზებზე ტურისტების დაშვებას საჯომარდო ბაზები მაქსიმალურად თავს არიდებენ.

რთული გზის გავლისას ხილვადობაც იკლებს. ამიტომ დაშვებამდე გზის კარგად შესწავლა აუცილებელია. გარდა ამისა, ფიზიკური მონაცემები და კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირებაც გადამწყვეტ როლს თამაშობს. პროცესი საკმაოდ აზარტული და საინტერესოა.

Raft in Georgia-ს ფასანაურის ბაზაზე, კარავში ბელორუსიელი ტატიანა სულიმა 2 კვირაა, ქმართან ერთად ცხოვრობს. ისინი საკუთარ სანიჩბოსნო კლუბს ფლობენ, რომელიც ამჟამად, ბელორუსიელი ნიჩბოსნების საქართველოში ჩამოყვანას ემსახურება. „ – საქართველოში ნიჩბოსნობისთვის იდეალური მდინარეებია. ამ დარგის განვითარებაში მონაწილეობა გვინდა, თუმცა შესაძლებლობა არ გვაქვს. ნიჩბოსნობის შესწავლისთვის თუ განვითარებისთვის საჭირო სისტემა ჩამოყალიბებული არ არის. სპორტის ამ სახეობის მიმართ ბავშვებს მეტი ინტერესი უნდა გაუჩნდეთ,“ – ამბობს ტატიანა სულიმა. მალე ბელორუსიიდან საქართველოში 50-კაციანი ჯგუფი ჩამოვა. ისინი, ტატიანას და მისი ქმრის დახმარებით, საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე მდინარეს გაეცნობიან.

საქართველოში სანიჩბოსნო სასწავლო ბაზა მცხეთაში და ბორჯობში მდებარეობს. თუმცა მცხეთის ბაზაზე სიტუაცია მძიმეა „ – მცხეთაში ნავები ძალიან ძველია (70-იან წლებში გამოშვებული). ამ სპორტით დაინტერესებული ბავშვი იქ დიდხანს არ გაჩერდება. სანიჩბოსნო სლალომის განვითარებისთვის ნიჩბოსნობის ფედერაციამ ინიციატივა უნდა გამოიჩინოს. დაპირებები ხშირად მესმის, მაგრამ ჯერ არაფერი გაკეთებულა,“ – ამბობს გიორგი ნასყიდაშვილი. მისი აზრით, რეგიონებში კლუბების დაფუძნებით, ნავების შესყიდვით და შეჯიბრებების ჩატარებით სპორტი ნელ-ნელა განვითარებას დაიწყებდა. ამ ეტაპზე, ქართულ ნიჩბოსნობაში ყველაზე წარმატებული 24 წლის ზაზა ნადირაძე გახლავთ, რომელმაც ბოლო ოლიმპიადაზე საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა (სამწუხაროდ, ასპარეზობისას ნიჩაბი ხელიდან გაუსხლტდა. ამის გამო, დრო დაკარგა და გამარჯვება ვერ მოიპოვა). ამჟამად, ზაზა მომდევნო ოლიმპიადისთვის (2021 წ.) ემზადება.

საქართველოს მდინარეებზე ნავით დაშვების მსურველთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. ნიჩბოსნობის სპორტული მიმართულებით განვითარება (ბუნებრივი რესურსების ფონზე), ლოგიკური იქნება და ჩვენს ქვეყანას დამსახურებულ წარმატებას მოუტანს.

pepper.ge