მთავარი ღონისძიება ფესტივალი მხატვრების ფესტივალი – Paint for Georgia

მხატვრების ფესტივალი – Paint for Georgia

მსოფლიოს მასშტაბით,  ხატვის შესახებ არაერთი ფესტივალი თუ ღონისძიება ტარდება. მხატვრები სხვადასხვა ქვეყნიდან შემოქმედებითი განვითარებისთვის მათთვის უცხო გარემოში იკრიბებიან. ამჯერად შეკრების ადგილი საქართველოა. ჩვენი ქვეყანა მხატვრებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, რაც შემდგომში მათ ნამუშევრებზეც აისახება.
საქართველოში ფესტივალის ჩატარების იდეა მხატვარ გიორგი ტაბლიაშვილს 2012 წელს გაუჩნდა, როცა მხატვრების შეკრებაზე ლიტვაში იმყოფებოდა. ერთი წლის შემდეგ, ძმასთან ერთად Paint for Georgia ჩამოაყალიბა. ფესტივალზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, 5 წლის განმავლობაში, 35 ქვეყნიდან 70-ზე მეტი მხატვარი ჩამოვიდა, მათ შორის – ცნობილი მხატვრები: ნატალია ზალოჟნაია, საშა ლიჩი, სირიიდან ომის დროს ჩამოსული აბდალა ომარი და ყაზახეთიდან – კანატ იბრაგიმოვი. წლევანდელ ფესტივალზე საკუთარ ნამუშევრებს მხატვრები მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძართან შექმნიან.
ფავაზ არნაუტი
წარმოშობით სირიელია, თუმცა 35 წელია, დუბაიში ცხოვრობს. არაბულ გაზეთში ხელოვნების შესახებ წერს და დუბაის ერთ-ერთ პოლიტიკურ გადაცემაში პოლიტიკოსების კარიკატურებს ხატავს. თავის ქვეყანაში ძალიან პოპულიარულია. ფესტივალზე სირიელი ქალის დახატვა ამ დილით გადაწყვიტა. ნახატისთვის ფერების შერჩევაზე გავლენა საქართველომ მოახდინა.
კირილ ფისენკო
კირილი წარმოშობით რუსია, თუმცა კანადაში ცხოვრობს. რამდენიმე წელია, კავკასიის რეგიონით და მისი კულტურული მრავალფეროვნებით დაინტერესდა. გული სწყდება, რომ საქართველოს შესახებ ბევრმა არაფერი იცის. პირველად ჩვენს ქვეყანაში ბათუმში, ზურაბ წერეთლის მიერ ორგანიზებულ ანიმაციური ფილმების კინოფესტივალზე იმყოფებოდა, ამჯერად კი ხატვის ფესტივალს სტუმრობს. კირილი იმ მუსიკოსს ხატავს, რომელიც ჩამოსვლისას გაიცნო და ქართულ გარმონზე უკრავს. დაკვრა თვითონაც ძალიან უყვარს და ქართულად სიმღერაც შეუძლია.
ზენქიუ ქორტო
ქორტო რუმინეთში საკმაოდ პოპულარულია და გამოფენებიც ჰქონია. პროფესიით დიზაინერია. არაჩვეულებრივად ხატავს. ჩვენი ქვეყნის აღმოსაჩენად ჩამოვიდა და ჩვენ შესახებ რაც შეიძლება, მეტი ინფორმაციის მიღებას ცდილობს.
მოჰამედ თათარი
თურქეთში ეუზურუმის უნივერსიტეტის პროფესორია და ხატვის ხელოვნებას ასწავლის. ამბობს, რომ უნივერსიტეტში შემოსავალი მისთვის საკმარისია და ნახატების გაყიდვა არ უწევს. საქართველოში ფესტივალში მონაწილეობა მეგობარმა ურჩია. სხვა მხატვრებისგან განსხვავებით, მისი ნახატი ორგანზომილებიანი და სივრცითია. სულ ორ ფერს იყენებს.
ალიონა ვიგოცკაია
საკუთარი თავის შესახებ ყველაზე მეტი ალიონამ გვიამბო. ძალიან მეგობრული და ხატვის მიმართ ემოციურად განწყობილია. „ – ვიდრე მხატვარი რამეს დახატავს, მანამდე რასაც ხედავს, იმით ძალიან უნდა მოიხიბლოს,“ – გვითხრა ალიონამ. საქართველოში ჩამოსვლის დღიდან რასაც ხედავს, ყველაფრით იხიბლება და შესაბამისად, ფანქარი სულ ხელში უჭირავს. ფესტივალზე თუ რას დახატავდა, ამას ძველი თბილისის ერთ-ერთ ეზოში მიხვდა. როგორ ფენს მოხუცი სარეცხს, კატა წყალს როგორ სვამს, ნარდის თამაში და სახლის სხვადასხვა დეტალი ძალიან კარგად ახსოვს.
მელიქ ისკანდაში
მელიქი საქართველოში თურქეთიდან პირველად, ფესტივალზე დასასწრებად ჩამოვიდა. საქართველო რა ფერებშიც აღიქვა, იმ ფერებში ხატავს. ჯერ აფერადებს და საბოლოოდ ნახატთან ერთად, ტექსტიც უნდა დაწეროს, თუმცა რას დაწერს და რას დახატავს, ჩვენთვის ამის გამხელა ჯერ არ სურს…
ელისაბედ ოჰსენფელდი
ელისაბედი წარმოშობით რუმინელია, თუმცა გერმანიაში, ჰაიდელბერგში ცხოვრობს. ხელოვნების აკადებიის დამთავრების შემდეგ, თავისი სპეციალობით მუშაობდა და ჩრდილოეთ პაკისტანის შესახებ ილუსტრაციებს ქმნიდა. ერთი კვირაა, რაც საქართველოში ჩამოვიდა და ფესტივალის დაწყებამდე ქვეყნის დათვალიერებაც მოასწრო, მათ შორის – მთიანი რეგიონების. ამ პერიოდში, ქართული ტრადიციული ტანსაცმელი და ღვინის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული სიყვარული კარგად შენიშნა – ფერებსაც შესაბამისს არჩევს. მისი ნახატი აბსტრაქტულია.
ქეთი ბათიაშვილი
ქეთი სამხატვრო აკადემიაში დიდი ხანია, ასწავლის. ფესტივალში პირველად მონაწილეობს და უცხოელებთან ერთად მუშაობაც ძალიან მოსწონს. წესით, მცხეთაში მათთან ერთად სასტუმროში უნდა ეცხოვრა, თუმცა სახლიდან სიარული უწევს. ნახატის საბოლოო სახე ჯერ არ აქვს წარმოდგენილი, მაგრამ ზუსტად იცის, რომ საინტერესო გამოვა.
ევგენია შკალიოვა
ბოლო დროს, საკუთარ შემოქმედებას მსოფლიოში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას უძღვნის. ნახატებს „დაკარგულ ტრადიციებს“ და „მიტოვებულ პეიზაჟებს“ არქმევს. რაც უფრო მეტს ხატავს, საკუთარ თავს სამყაროსთან უფრო ახლოს გრძნობს. მის ნახატს საქართველოსთან მხოლოდ ფერები აკავშირებს.
ჯანა ჩარლი
ჩარლის საქართველოს შესახებ ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ გამოფენაზე ქართველმა მხატვარმა – მირზა დავითაიამ უამბო. მას მერე საქართველოში ჩამოსვლაზე ფიქრობს. ნახატი უკეთესად რომ შეიგრძნოს, მას ლამაზად გამოჭრილ ნაჭრებთან აერთიანებს. ლოს-ანჯელესში მზე როცა ჩადის, ჩვენთან – ამოდის. ჩარლის ნახატიც მზესთან არის დაკავშირებული, ნაჭრები კი – შრიფტია, მაგრამ – რომელი, არავინ იცის, ეს დამთვალიერებელმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს.
ედგარ შიოსაკი
ედგარს მამა იაპონელი, დედა კი – ესპანელი ჰყავს. თავად იაპონიაში ცხოვრობს, თუმცა მიიჩნევს, რომ იაპონლები ხელოვნებას კარგად ვერ აღიქვამენ და საკუთარ თავს სხვა ქვეყნებში უფრო კომფორტულად გრძნობს. სხვა მხატვრებს შორის ყველაზე გამორჩეულია. ის ხატვისთვის საღებავების ნაცვლად, ღვინოს იყენებს. განსხვავებულ ფერებს სხვადასხვა სახეობის ღვინისგან იღებს. „ – ხატვისას მეტი ემოციის გამოხატვა მინდოდა. თითქოს საღებავები ჩემთვის საკმარისი არ იყო,“ – ამბობს ედგარი. თავდაპირველად, ხატვა ყავით დაიწყო, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ყავა არასასიამოვნო ფერს იღებდა. ფერს ღვინოც იცვლის, მაგრამ განსაკუთრებულ ხიბლს მაინც ინარჩუნებს.
მხატვრების შემოქმედების კვირეული ჯერ კიდევ გრძელდება – მათ ნახატები უნდა დაასრულონ. დასრულებული ნახატების გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება. ნამუშევრები სპონსორებს – მცხეთის მერიასა და თიბისი ბანკს დარჩებათ.
ერთ წელიწადში ფესტივალი – Paint for Georgia გამორჩეულ მხატვრებს ისევ უმასპინძლებს. მანამდე შემდეგი შეხვედრის ადგილი მსოფლიოს რომელ ქვეყანაში იქნება, უახლოეს მომავალში გავიგებთ.

PEPPER.GE