მთავარი ღონისძიება დაჯილდოება „ოქროს ტალღა“ Modjo-სთან ერთად

„ოქროს ტალღა“ Modjo-სთან ერთად

20 ივნისს, მთაწმინდის პარკში Modjo-ს სოლისტმა – იან დესტალმა „მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალი – ოქროს ტალღა 2017“ სიმღერით გახსნა.

მუსიკალურ პროექტს რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ წარმოადგენს და ის უკვე მე-5 წელია, ტარდება.

„წლის სიმღერის“ კატეგორიაში გამარჯვებულს „ოქროს ტალღის“ ქანდაკებასთან ერთად, 5000 ლარიც გადაეცა.

გამარჯვებულები რამდენიმე კატეგორიაში დააჯილდოეს, მათ შორის იყო: „წლის სიმღერა“, „ხალხის რჩეული“, „წლის მომღერალი“, „წლის აღმოჩენა“ და ა.შ.

„წლის აღმოჩენა“ ეკა (ეკუნა) ყანჩაველი გახდა. „ – მუსიკალურ კარიერას ახლა ვიწყებ. ეს ჯილდო ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია და ძალიან ბევრს ნიშნავს,“ – აღნიშნა ეკუნამ.

ნომინაციაში – „წლის მომღერალი ქალი“ სოფო ნიჟარაძემ გაიმარჯვა. „ – „ოქროს ტალღის“ ქანდაკება ჩემთვის პირველია. სახლში პრიზებისთვის სპეციალური ადგილი მაქვს გამოყოფილი, სადაც დღეს მიღებულ ჯილდოს საპატიო ადგილს მივუჩენ,“ – გვითხრა სოფომ.

„წლის მომღერალი კაცის“ ტიტული ნოდიკო ტატიშვილს ხვდა წილად. „ – მე და სოფო გელოვანმა 2013 წელს მთავარ ნომინაციაში გავიმარჯვეთ და 5000 ლარი მოვიგეთ. იმავე დაჯილდოების ცერემონიალზე, „წლის დუეტი“ გავხდით. შემდეგ წელს „წლის საუკეთესო პოპ სიმღერის“ კატეგორიაში გავიმარჯვე, ახლა კი „წლის საუკეთესო მომღერალი ვარ“. ძალიან მიხარია!“ – გვითხრა ნოდიკომ.

დაჯილდოების მთავარი კატეგორიის – „წლის სიმღერა“ გამარჯვებული სტეფანე მღებრიშვილი აღმოჩნდა: „ – ბედნიერი ვარ, რომ კონკურსის გამარჯვებული გავხდი. მადლობა მხარდაჭერისთვის რადიო „ფორტუნას“ და ჩემს მეგობრებს!“

„ოქროს ტალღა 2017“ ფეიერვერკებითა და  იან დესტალის კონცერტით დასრულდა.

pepper.ge

ავტორი: ნინუცა გოგოლაძე