მთავარი სოციალური ცხოვრება პიროვნება ნინო შავგულიძე: „თეატრის მიმართ ინტერესი საერთოდ დავკარგე“

ნინო შავგულიძე: „თეატრის მიმართ ინტერესი საერთოდ დავკარგე“

მე ვარ ადამიანი, რომელსაც მგონია, რომ საკუთარი ცხოვრების ასაწყობად, ყველანაირი ადამიანური ძალა და თვისება გამაჩნია.

ჩემს ცხოვრებაში მსახიობის პროფესიამ არსი და მნიშვნელობა სტუდენტობისას შეიძინა. მანამდე სამსახიობო სფეროში საკმაოდ გაუნათლებელი ვიყავი, თუმცა არტისტობის შინაგანი მოთხოვნილება მქონდა – სხვადასხვა ადამიანის კანში და ცხოვრებაში „შეძრომა“ მინდოდა, პაროდიების გაკეთებაც მიყვარდა…

სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარებას არ ვგეგმავდი – ტექნიკური საგნების არჩევას ვაპირებდი. ბოლოს გადავწყვიტე, რომ მსახიობობისთვის მიმეძღვნა თავი. მართალია, ცოტათი ჟურნალისტიკისკენ გადავუხვიე, მაგრამ ესეც მაკმაყოფილებს: კამერასთან, მაყურებლებისთვის მუშაობასაც გარკვეული მსახიობური მონაცემები სჭირდება.

როცა სცენაზე ვდგავარ, ყოველთვის იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ არ „გადავამლაშო“: მსახიობმა ბეწვის ხიდი უნდა გაიაროს, რადგან ყველაფერი ზედმიწევნითაა შესასრულებელი.

არასასურველ სპექტაკლებში მონაწილეობა ყველა მსახიოს უწევს. გამოცდილების დასაგროვებლად ესეც აუცილებელია, თუმცა ცხოვრებაში ის ეტაპიც დგება, როცა არჩევ – რომელ სპექტაკლში გინდა მონაწილეობა და რომელში – არა.

როცა მივხვდი, რადიოში ვეღარ ვვითარდებოდი და იქ ყოველდღიური მუშაობა მონოტონურ სახეს იღებდა, გამოვერიდე – მივხვდი, რაღაც სხვა მჭირდებოდა. „სხვაგან“ მოვხვდი კიდეც – უკვე ტელეწამყვანად ვმუშაობ.

ცოტათი მეშინია, სამსახიობო კარიერას ბოლომდე არ გადავუხვიო, რადგან ტელეწამყვანის ამპლუაში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ბოლო დროს, თეატრის მიმართ ინტერესი საერთოდ დავკარგე.

საღეჭი რეზინი მიყვარს. ვცდილობ, საზოგადოებაში არ ვიუზრდელო, მაგრამ როგორც კი მარტო ვრჩები, იმავე წამს საღეჭი რეზინის ღეჭვას ვიწყებ.

ტელევიზია აქტიურია, თეატრი კი – ხშირ შემთხვევაში, პასიური და ერთფეროვანი. ჩვენს თეატრს იმის ფუფუნება არ აქვს, რომ წელიწადში ბევრი სპექტაკლი დადგას (მაქსიმუმ – 2-3). შესაბამისად, თითო სპექტაკლში ყველა მსახიობი ვერ იქნება დაკავებული – შეიძლება, მხოლოდ ერთში ითამაშო. აი, ეს ერთფეროვნება ცოტათი დამღლელია, ტელევიზია კი ყოველთვის სიახლეებით სავსე, ცოცხალი და ენერგიულია.

სიამოვნებით ვითანამშრომლებდი ლარს ფონ ტრიერთან და ტარანტინოსთან.

ადამიანის უხეშობა პრობლემას საერთოდ არ მიქმნის. ყველაფერს იუმორით და გაგებით ვეკიდები, რადგან ყველა ადამიანი განსხვავებულია. ვიღაცები გენიოსები არიან, მაგრამ მსახიობებთან მუშაობისას ემოციებს ვერ აკონტროლებენ: შეიძლება, გიყვირონ კიდეც, შეურაცხმყოფელი სიტყვაც გითხრან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველას ინდივიდუალურად უნდა მიუდგე. კონფლიქტი არ მიყვარს, მით უმეტეს – იქ, სადაც უნდა ვიმუშაო..

ყველას თავისი „ფხიკები“ აქვს. ამ „ფხიკებს“ თუ გაუგე და იუმორში „გაუტარე“, 100%-ით დარწმუნებული ვარ, ურთიერთობას  უკეთესი შედეგი ექნება.

მეც „90-იანელი“ ვარ: უფროსი თაობისთვის 90-იანი წლები როგორი მძიმეც არ უნდა ყოფილიყო, ბავშვები მაინც ლაღად ვცხოვრობდით, არსებულ სირთულეებს ვერ ვამჩნევდით…

დროში მოგზაურობა რომ შემეძლოს, თამარ მეფის ეპოქაში დავბრუნდებოდი. აუცილებლად ვეცდებოდი, გამერკვია – ვინ იყო შოთა რუსთაველი. მისი გაცნობის ძალიან დიდი სურვილი მაქვს…

სიყვარული არის სიგიჟე, ეიფორია და ბედნიერება.

სულ მშია. ვისაუზმებ, ვისადილებ თუ ვივახშმებ, 5 წუთის შემდეგ შეიძლება, მომშივდეს. ალბათ, კვების რეჟიმს გავაკონტროლებდი, წონის პრობლემა რომ მქონდეს.

ქვეწარმავლების მეშინია. ბავშვობაში კოშმარები ხშირად მესიზმრებოდა. ამის გამო, ბევრჯერ ატირებულს გამღვიძებია. როცა მეკითხებოდნენ, რა დაგესიზმრაო, ვპასუხობდი: ჭია, მატლი, ხოჭო, ტარაკანა-მეთქი.  კოშმარებში გველებსაც ვხედავდი… ამ არსებების მიმართ შიშის გრძნობა დღემდე გამომყვა.

არ ვნანობ, რომ თმა შევიჭერი, პირიქით – ძალიან კმაყოფილი ვარ. საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ ვატარებდი ისეთ გრძელ თმას? მგონი, არასოდეს აღარ გავიზრდი.

როცა შეყვარებული მაბრაზებს, ვცდილობ, გამოვიძინო, რომ მეორე დღეს მშვიდად, ცივ გონებაზე მყოფმა ვუპასუხო.

ჩემი მთავარი შარმი ხასიათია. შემიძლია, რთულ პრობლემებსაც მსუბუქად შევხვედო. ჩემი ეს თვისება მიყვარს. სხვა ადამიანების დამშვიდება კარგად გამომდის. ამ მხრივ, ჩემთან ურთიერთობა კომფორტულია.

ფულის გამო ყველაფერს ვერ ვიკადრებ. არსებობს რაღაც ღირებულებები, რასაც არაფრის და არავის გამო  არ უნდა „გადაუხვიო“ – შენი გზა უნდა აირჩიო, რომელსაც ბოლომდე გაყვები.

ავტორი: ეთო ყორღანაშვილი
ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე