მთავარი პიროვნება პროფესია მარკეტინგის მენეჯერი – Offline და Online კამპანიები

მარკეტინგის მენეჯერი – Offline და Online კამპანიები

ნინო დარბაზელინინო დარბაზელი გერმანულენოვან ფაკულტეტზე სწავლობდა. უნივერსიტეტის დახმარებით, ერთი სემესტრი გერმანიაში გაატარა, სადაც პარალელურად, არქიტექტურული კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტში მუშაობდა. მარკეტინგით სწორედ მაშინ დაინტერესდა.

კარიერული ზრდა

მუშაობა ერთ-ერთ ბანკში, სოციალური მედიის მენეჯერად (მინიმალური ანაზღაურებით – 300 ლარი) დაიწყო. მოგვიანებით – უფროს სპეციალისტად, შემდეგ კი მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელად აირჩიეს. ბანკიდან სამუშაოდ საკრედიტო კომპანიაში გადავიდა, რომელიც შემდეგ, ბაზარზე არსებულ 70-მდე საკრედიტო კომპანიას შორის, ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის თანადამფუძნებელია. ფორუმის ფარგლებში მასტერ კლასები, კონფერენციები და ღონისძიებები ტარდება, სადაც მსოფლიოში წარმატებული სპიკერები (ბიზნესის მიმართულებით) თავიანთ გამოცდილებაზე საუბრობენ.

უნარები

წარმატებულ მარკეტერს, შესაბამის განათლებასთან ერთად პროექტების თუ ადამიანური რესურსების მართვა უნდა შეეძლოს – ზუსტად იცოდეს, რისი მიღება სურს. გარდა ამისა, თანამშრომლების შესაძლებლობები უნდა განსაზღვროს – მათ მიმართ ადეკვატური მოთხოვნები ჰქონდეს.

პროფესიული განვითარება

საკრედიტო კომპანიაში გატარებული 2 წელი, პროფესიული განვითარების მხრივ, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ერთი წლის სამოქმედო სტრატეგიას წინასწარ გეგმავდა. მის კომპეტენციაში შედიოდა: სოციალური მედიის მართვა, გათამაშებები, ვიდეორგოლების დამზადება, სხვადასხვა მედია კონტენტის ინტერნეტში განთავსება და ა.შ. შიდა კომუნიკაციაზე ზრუნვასაც ახერხებდა. თანამშრომლების პირობების გაუმჯობესება და მათი მოტივაცია (კვება, სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა, პიროვნული თუ პროფესიული განვითარება) კომპანიის წარმატებაზე აისახებოდა.

სირთულეები

კარგი ჯგუფის „შეკვრა“ ძალიან რთულია. ზოგჯერ თანამშრომლების სამსაურიდან გათავისუფლება უწევს. საკმარისი ბიუჯეტის გარეშე, მარკეტინგი „კვდება“. ხშირად კომპანიები ვერ აღიქვამენ, რომ ბიუჯეტი მიზნობრივად იხარჯება. დირექტორი და მარკეტერი ერთმანეთს უნდა ენდობოდნენ. მარკეტერს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობა არ უნდა ეზღუდებოდეს.

დარგის სპეციფიკა

მარკეტინგის სფეროში Offline და Online კამპანიები ტარდება. აქციები, გათამაშება, სატელევიზიო თუ რადიო აქტივობები Offline კამპანიებია. სოციალური მედია, „გუგლი“ და პრეროლები Online-ს უკავშირდება. ეფექტური კამპანია ყველა კომპონენტს მოიცავს. მომხმარებელმა რეკლამა მინიმუმ, 3-ჯერ უნდა ნახოს, რომ დაამახსოვრდეს. რეკლამაში საკმარისი ფული უნდა იხარჯებოდეს. მუშაობის პროცესში კვლევები ხშირად კეთდება: ფოკუს ჯგუფები ტარდება და მონაცემები მუშავდება; პარალელურად რამდენიმე კამპანია ერთდროულად ხორციელდება, რომ გამოჩნდეს – რომელი უფრო ამართლებს.

რეკლამის დაგეგმვა

მთავარია, ჩანდეს – ვინ არის სამიზნე აუდიტორია. მომხმარებლის „ფოტორობოტი“ უნდა შეიქმნას, „ფეისბუქზე“ ან „გუგლში“ რეკლამის გაშვებისას თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს. ზედმეტი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებელს აღიზიანებს. რეკლამა იდეას მოკლედ და მკაფიოდ უნდა გამოხატავდეს.

რჩევა

ორგანიზებულობა (ყველა დავალების დეტალურად ჩამოწერა და დაგეგმვა) მუშაობის პროცესს ამარტივებს. დაშვებულ შეცდომებზე სწავლით სწრაფად იზრდები. მიზანი თუ გაქვს, შენს აზრზე მყარად უნდა იდგე. მარკეტინგული სტრატეგია კომპანიის მიმართ მომხმარებლის დამოკიდებულებაზე მოქმედებს.

Pepper.ge