მთავარი პიროვნება ნინი გრძელიშვილი: „ბიჭი რომ ვიყო, ჩემნაირ გოგოს მოვერიდებოდი“

ნინი გრძელიშვილი: „ბიჭი რომ ვიყო, ჩემნაირ გოგოს მოვერიდებოდი“

თურმე, როცა 2-3 წლის ვიყავი, დაზეპირებულ ფრაზას ვიმეორებდი, – ტოპ-მოდელობა მინდა-მეთქი! რა თქმა უნდა, მაშინ ამ პროფესიის მნიშვნელობა არ მესმოდა. როცა წამოვიზარდე, სამოდელო სფეროთი დიდად არ დავინტერესებულვარ. 14 წლის ასაკში სამოდელო სააგენტოში მივედი. მაშინაც და ახლაც, მოდელობა ჩემთვის ჰობის დონეზეა.

მოდის ინდუსტრია საქართველოში ისე არ არის განვითარებული, რომ „ვარსკვლავებს ვეთამაშებოდეთ“, მაგრამ ნელ-ნელა ვითარდება.

„შავი პიარი“ ჩვენს ქვეყანაში „კარგად მუშაობს“. სამოდელო სფეროში ფეხის მოკიდება განსაკუთრებულად რთულია-მეთქი, რომ ვთქვა, ალბათ, გულწრფელი არ ვიქნები. ვისაც ფოტოსესიაში მონაწილეობა მიუღია, ყველა მოდელად შერაცხეს და პოპულარული გახადეს. მადლობა ღმერთს, მსგავსი გზით რაიმეს მიღწევა არ დამჭირვებია. ისეთი ადამიანების ფოტოებს და მათ შესახებ სტატიებს ვნახულობ, რომ ცოტა არ იყოს მეუხერხულება, რადგან მათაც „მოდელებს“ უწოდებენ და მეც.

მეოთხე-მეხუთე კლასიდან ვიცოდი, რომ პოლიტოლოგია უნდა მესწავლა. გადაწყვეტილება არ შემიცვლია – უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობებს ვსწავლობ.

მამას ერთადერთხელ დავუკავშირდი, როცა 2014 წელს, მოდელების მსოფლიო კონკურსზე მივემგზავრებოდი. რადგან არასრულწლოვანი ვიყავი, მშობლისგან მინდობილობა დამჭირდა (დედ-მამა დაშორებულები არიან). სიმართლე გითხრათ, დიდად არ დაინტერესებულა, სად მივემგზავრებოდი. მას შემდეგ, მამასთან შეხება არ მქონია.

დედისთვის სამყარო ჩემით იწყება. მასთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა 19 წელია. თუკი რაიმეს მივაღწიე, ეს დედაჩემის მონდომების, ძალისხმევის, გმირობის დამსახურებაა. ყველაფერს მას ვუმადლი. ჩვენს შორის სერიოზული კონფლიქტი არ მახსენდება. ერთმანეთთან თავიდანვე ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. დედა ჩემთვის ნომერი პირველი ადამიანია.

ნაცნობობით, ნეპოტიზმითაც კი შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში წარმატებას მიაღწიო, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელია. მიმაჩნია, რომ შრომით, მონდომებით, ძალისხმევით ყველაფრის მიღწევა შეიძლება.ამისთვის დედაჩემის მაგალითი მაქვს.19 წლის გოგონას, რომელსაც უკვე შვილი ჰყავდა და მეუღლეს დაშორებული იყო, ყველაფრის გაკეთება დამოუკიდებლად უწევდა. იმდენს მიაღწია, რომ 38 წლის ასაკში, ფრანგული ენის მეცნიერებათა დოქტორი გახლავთ, თავისი კარიერა აქვს. დედაჩემი, როგორც წარმატებული ქალი, ჩემთვის მისაბაძი მაგალითია.

მეგობრები რჩევებს ხშირად მეკითხებიან ბიჭებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. ბიჭის გამო, „განცდები“ და „დრამები“ არასოდეს მქონია. ასეთი ბუნების – ნაკლებად ემოციური ადამიანი ვარ, გრძნობებს არ ავყვები ხოლმე… რჩევებს სწავლა-განათლებასთან დაკავშირებითაც მეკითხებიან.

ძალიან მწყინს, რომ იშვიათად ხდება – ერთი შეხედვით, ვინმეზე კარგი შთაბეჭდილება მოვახდინო. საერთოდ რომ არ დავილაპარაკო, მაინც ფიქრობენ, თითქოს „სწერვა“, „იაზვა“, ცივი ბუნების ადამიანი ვარ. ალბათ, ხალხისგან ასეთი დამოკიდებულება ჩემი ცოტათი არაორდინალური გარეგნობის ბრალია… ყოველ შემთხვევაში, ჩემს შესახებ არავის უთქვამს, ძალიან საყვარელი გოგოაო.

წარმატება და პოპულარობა 2 განსხვავებული რამ არის. მგონია, რომ უკეთესია წარმატებული იყო, ვიდრე სკანდალებით „გაპიარებული“ და პოპულარული. ჯერჯერობით, ჩემი სტატუსით ძალიან კმაყოფილი ვარ. პოპულარობას ჩემთვის დისკომფორტი არ შეუქმნია. თავს ვერ დავდებ, რომ ძალიან პოპულარული ვარ და ქუჩაში სიარულისას დამალვა მჭირდება. კი, მოსულან და წარმატება მოულოცავთ, რაც რა თქმა უნდა, სასიამოვნოა.

სოციალური ქსელები ჩემთვის დიდი პრობლემაა. 1 დღეც ვერ წარმომიდგენია ისე, რომ სოციალური ქსელით არ ვისარგებლო. ჩემში ეს თვისება არ მომწონს. თავადაც ვიცი, რომ სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება კარგი არ არის. ნერვულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს – ეს დამტკიცებულია, მაგრამ მიმაჩნია, რომ მხოლოდ ჩემი პრობლემა კი არა, ჩვენი საუკუნის სენია. სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებზე საკმაოდ დამოკიდებული ვარ და გამოსწორებასაც არ ვცდილობ.

ჩემთან ურთიერთობა ძალიან რთულია. ჩემი სამეგობრო წრე პატარაა და მის გაფართოებას არც ვცდილობ. არ შემიძლია, ყველას „მეგობარი“ ვუწოდო და 1-2 დღის წინ გაცნობილ ადამიანებთან ახლო ურთიერთობა მქონდეს. ამ მხრივ, ვარ „ჩაკეტილი“ ვარ. უბრალოდ, სიყალბე არ მიყვარს. სხვებს რომ ვაკვირდები, უამრავ სიყალბეს ვხედავ, რაც ჩემთვის ისეთი ამაზრზენი და გამაღიზიანებელია, რომ ზოგჯერ მივიჩნევ – ჯობია, ასეთი ვიყო, როგორიც ვარ. ცხადია, ჩემი ხასიათის ამ თვისებას თავისი მინუსები აქვს. მაგალითად, ჩემს კურსელებს არ ვიცნობ, მათთან ახლო ურთიერთობა არ მაქვს… მეტად „გახსნილი“ რომ ვყოფილიყავი, ამით დიდად არც არაფერი დაშავდებოდა.

საქართველოში რომ რთული პოლიტიკური ვითარება გვაქვს, ამას ჩემი „ხაზგასმა“ არ სჭირდება. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლა გადავწყვიტე, სწორედ ეს იყო: კარგი პოლიტიკოსი უიშვიათესია (არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში). პოლიტიკოსად უნდა დაიბადო, ამას ვერ ისწავლი. დიპლომატია ჩემთვის ძალიან რთული ხელოვნებაა. არ მინდა, მხოლოდ დიპლომში ჩამიწერონ, რომ პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. მსურს, ამ სფეროში ვიმუშაო. ამისათვის მხოლოდ საქართველოში მიღებული განათლება საკმარისი არ არის. ძალიან მინდა, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სწავლა საზღვარგარეთ განვაგრძო, შემდეგ კი აუცილებლად საქართველოში დავბრუნდე და ჩემი ცოდნით ჩემს ქვეყანას გამოვადგე.

გვერდით ისეთი მამაკაცი მჭირდება, რომელიც პირველ რიგში, ასაკით ჩემზე უფროსი იქნება. „თბილი“ ადამიანი არ ვარ. ამიტომ ბიჭისგან ზედმეტი სითბო შესაძლოა, მალე მომბეზრდეს. ზოდიაქოს ნიშნით „სასწორი“ ვარ და ყველაფერი ძალიან მალე მბეზრდება. მერყევი და არასტაბილური ხასიათი მაქვს. ბიჭმა უნდა მოახერხოს, რომ ჩემთვის საინტერესო იყოს. მხოლოდ გარეგნობით, ჩემთან ურთიერთობაში ბიჭი „შორს ვერ წავა“ – საინტერესო ადამიანი უნდა იყოს, რომ არ მომბეზრდეს.

თანატოლ ბიჭებთან ურთიერთობა ვერ წარმომიდგენია. საერთოდ, ჩემთვის ციფრები ძალიან სიმბოლურია, მაგრამ რეალურად, უკვე ჩამოყალიბებულ, შემდგარ ადამიანთან ურთიერთბა მირჩევნია, ვიდრე ჩემი ასაკის სტუდენტ ბიჭებთან. ჩემთვის სასურველი მამაკაცი ჩემზე მაქსიმუმ, 15 წლით უფროსი უნდა იყოს. მოგეხსენებათ, მამაკაცები ისედაც ქალებზე გვიან ყალიბდებიან, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში 30-40 წლის ასაკშიც „დედიკოს ბიჭები“ არიან, ოჯახის ძლიერ ზეგავლენას განიცდიან. ჩემთვის ეს ძალიან გამაღიზიანებელია.

პაემანზე წასასვლელად როგორ ვემზადები? განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ზედმეტი გადაპრანჭვა და პაემანზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით მისვლა სასაცილოც მგონია. რა თქმა უნდა, გააჩნია, სად მივდივარ, მაგრამ განსაკუთრებულად მაინც არ ვემზადები. შეიძლება, იმიტომ, რომ ზედმეტად თავდაჯერებული ვარ. ეჭვები არ მაქვს – ვაი, რომ არ მოვეწონო-მეთქი?.. არ მოვეწონები და გზა დიდია. ძალით დაბმული კაცი კი არა, შინაური ცხოველიც არ მინდა სახლში. თუ მამაკაცს არ მოვეწონები, ეს ჩემთვის კატასროფას არ წარმოადგენს.

საყვარელი, „მარტივი“ გოგო არ ვარ, რომელსაც შეიძლება, ისე მოექცე, როგორც – ყველას. ამის გამო, მამაკაცები ცოტა ფრთხებიან. განსხვავებული მოპყრობა მჭირდება. ძალიან რთული ხასიათი მაქვს. ამ რთულ ხასიათს რომ ვინმემ გაუძლოს, დიდი ნებისყოფა უნდა ჰქონდეს.

შემოსავლის წყარო ამ ეტაპზე, არ მაქვს. ძირითადად, სწავლით ვარ დაკავებული. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში სამოდელო სფერო შემოსავლიანი არ არის. „ფეშენ ვიკებზე“, ფოტოსესიებზე ჰონორარს ვიღებ ხოლმე, მაგრამ ისეთი მიზერული თანხებია, მხოლოდ სამოდელო სფეროში მუშაობით თავს ვერ გაიტან.

შეიძლება, ჩემი ცხოვრება სერიალს – „სექსი დიდ ქალაქში“ მივამსგავსო, თუნდაც – პატარ-პატარა რომანებით, რომლებიც არც ისე სერიოზულია, ასევე მეგობრებთან დამოკიდებულებით.. ცხადია, ისეთი ბობოქარი სექსუალური ცხოვრება არ გვაქვს, როგორიც ამ სერიალის გმირებს აქვთ.

ბიჭი რომ ვიყო, ჩემი ხასიათის მქონე გოგოს მოვერიდებოდი, როგორი მაგარი გარენობისაც არ უნდა იყოს. ყოფილა შემთხვევები, როცა მამაკაცებს ჩემთვის უთქვამთ, რომ ჩემი „გამოხტომების“ გაძლების ნერვები არ აქვთ. მათი მესმის.

ავტორი: ეთო ყორღანაშვილი
ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე