მთავარი პიროვნება პიროვნება ნიკო ბერიძე: „როკი მხოლოდ გიტარაზე დაკვრა და ჩხავილი არაა“

ნიკო ბერიძე: „როკი მხოლოდ გიტარაზე დაკვრა და ჩხავილი არაა“

საოცარი ბავშვობა მქონდა. ისე ვერთობოდი, როგორც ბავშვების უმეტესობა, მაგრამ ასევე, ჩემს ცხოვრებაში მუსიკაც იყო, სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსში წარმატებით ვმონაწილეობდი. ბავშვობაში კლასიკურ ჟანრში ვმღეროდი.  მეგონა,  საოპერო მუსიკას „გავყვებოდი“, რადგან მუსიკალური გემოვნება ამ მიმართულებით ჩამომიყალიბდა. ზოგჯერ თითქმის 2 კვირა მშიერიც ვყოფილვარ – ფული დამიზოგავს, რომ საყვარელი საოპერო შემსრულებლის სიმღერების კრებული შემეძინა.

დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ჩემთვის მუსიკა უბრალო გატაცება არ არის. მიმაჩნია, რომ თუ მუსიკის სფეროში მოღვაწეობ, ბოლომდე უნდა დაიხარჯო. ეს საქმე სულიერი მოთხოვნილება უნდა იყოს და არა ჰობი, რომელსაც როცა მოგესურვება, მაშინ მიუბრუნდები. როცა ადამიანი გრძნობ, რომ მზად ხარ, მუსიკას სიცოცხლე მიუძღვნა, ამაზე მაგარი განცდა არაფერია! სცენაზე ერთი სიმღერის შესრულებასაც კი დიდ ენერგია, სულიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნა სჭირდება.

როკი ჩემს ცხოვრებაში დიდი ხნის წინ და დიდი დოზით შემოვიდა. თუ მუსიკოსი ხარ, მნიშვნელობა არ აქვს, სათქმელს რომელ ჟანრში „ჩადებ“. შეიძლება რაღაც „შენეული“ ნებისმიერ ჟანრში იპოვნო და ბოლომდე მიჰყვე. მუსიკიდან წამოსულ ენერგიას დიდი ძალა აქვს, თუმცა ეს განსაკუთრებით მძაფრად როკსა და კლასიკაში გამოიხატება. მიმაჩნია, რომ ამ ორს ჟანრს განსაკუთრებულად მაგიური ძალა აქვს. როკი მხოლოდ გიტარაზე დაკვრა და ჩხავილი არაა, უფრო მეტიც – ეს ის სიმართლეა, რომლის მოსმენაც ყველას არ შეუძლია, ხოლო ვისთანაც „ახლოს მიდის“, მასში ბოლომდე რჩება.

ვისაც ჩემ შესახებ მეტის გაგება უნდა, ვურჩევ – ჩემს ახალ ალბომს აუცილებლად მოუსმინოს, რომელიც უახლოეს მომავალში გამოვა. ძირითადად, მასში  ჩემ მიერ დაწერილი სიმღერები შევა. ასევე, რამდენიმე ისეთი სიმღერაც იქნება, რომელთა ავტორებიც ჩემი მეგობრები არიან. 28 წლის ვარ. 7 წლიდან სცენაზე ვდგავარ. ამ ხნის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა ალბომი ჩემს სათქმელს სრულად იტყვის. ჟანრობრივად მრავალფეროვანი ალბომი იქნება, მაგრამ სიმღერებს ერთი „სული“ და „სუნთქვა“ ექნება. რა თქმა უნდა, მათ როკი გააერთიანებს.

გზა, რომელსაც მუსიკოსი გადის, ძალიან რთულია.  არ მინდა, დეტალებს ჩავუღრმავდე, მაგრამ მახსოვს, ბავშვობიდან მოყოლებული,  რამდენი ტრავმა მომაყენეს.  მართლა მინდა საკუთარი თავი შევაქო, რომ ამ ყველაფერს გავუძელი და მათზე ძლიერი გამოვდექი, ვისაც ჩემი წარმატება არ სურდათ და არ უხაროდათ.  თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამას ბევრი ვერ გადაიტანდა. შესაძლოა, მუსიკისთვის თავიც დაენებებინათ. პირადად მე, შინაგანმა სიძლიერემ და მუსიკისადმი უსაზღვრო სიყვარულმა ხელი შემიწყო, რომ ის ვყოფილიყავი, ვინც დღეს ვარ. ხელოვანის გზა  ურთულესია. თუ მუსიკის სფეროში ხარ, იმ წინააღმდეგობებს ბოლომდე უნდა გაუძლო, რაც გზად გხვდება ან გახვედრებენ.

პირველი შოუ, რომელშიც ვმონაწილეობდი, „იმედის ტალღა“ იყო, სადაც ერთ-ერთი ფინალისტი და პრიზიორი გახლდით. მინდა, ყველამ გაიგოს! შოუში გამარჯვებული ადამიანი როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყოს, „ესემესები“ მაინც მისი „ჯიბიდან“ მიდის. ვერავინ დამაჯერებს, რომ კონკურსანტს მოსახლეობის 80% უმესიჯებს. მაგალითად,  „ჯეოსტარში“ მონაწილეობისას, ოჯახის წევრებს ჩემთვის „ესემესის“ გამოგზავნა მკაცრად ავუკრძალე. ასეც იქცეოდნენ, რადგან საკუთარი „ჯიბიდან“ წარმატება არასოდეს  მსურდა. „ჯეოსტარში“ დიდი გამოცდილება შევიძინე.  უმაგრესი ხალხი გავიცანი, როგორც მონაწილეების, ასევე პედაგოგების სახით…

საქართველოში ოდესმე ჩატარებულ შოუებს შორის, ყველაზე ბანძი „ორი ვარსკვლავი“ იყო. არ ვიცი, მასში მონაწილეობას რატომ დავთანხმდი, თუმცა არაჩვეულებრივი პარტნიორი – ნინო გაჩეჩილაძე მყავდა. ასევე, შოუში სხვა კარგი ადამიანებიც მონაწიელობდნენ, თუმცა რაიმე სახის პროფესიულ ზრდაზე საუბარი ზედმეტი იყო. ამ შოუში მონაწილეობისთვის მინდა, რომ ჩემს მსმენელებს ბოდიში მოვუხადო.

მაყურებლებმა რომ შეგიყვარონ და მიგიღონ, მათ წინაშე  ყოველთვის გულწრფელი უნდა იყო. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ბრაზიანი გულწრფელობა იქნება, მშვიდი თუ სიყვარულით სავსე. მიხარია,  რომ სატელევიზიო შოუში  როკს ვასრულებდი. შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდიდან მოყოლებული, სატელევიზიო პროექტებში როკის შესრულება უფრო აქტიურად დაიწყეს. ვერ ვიტყვი, რომ „რევოლუციონერი“ ვარ, მაგრამ საქართველოში ამ ჟანრის პოპულარობაში მცირე წვლილი მეც მიმიძღვის. შოუში სწორედ ჩემი მონაწილეობის შემდეგ, კონკურსში რამდენიმე ბათუმელმა როკ შემსრულებელმა გაიმარჯვა.

ჩემს ცხოვრებაში მუსიკა რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, სპორტსმენი გავმხდარიყავი, რადგან სპორტი მცირე ასაკიდან მიყვარდა, ჩოგბურთის და კალათბურთის თამაში კარგად გამომდიოდა, ფეხბურთსაც ვთამაშობდი, მაგრამ საბოლოო ჯამში, მუსიკამ ყველა სხვა გატაცებას სძლია.

არ მაქვს ჩამოყალიბებული სტერეოტიპი, თუ როგორი გოგონები მომწონს.  სხვადასხვა დროს, სხვადასხვანაირი გოგონები მომწონდა.   ამჟამად, მყავს გოგო, მასთან თავს კარგად ვგრძნობ, რისთვისაც მადლობას ვუხდი. ადრე, როცა შეყვარებული ვიყავი, სხვანაირი შეგრძნება მქონდა – სულ ეიფორიაში ვიყავი.  მახსოვს, მამაჩემი მეუბნებოდა, ცოტათი გაიზრდები და სიყვარულის მიმართ დამოკიდებულება შეგეცვლებაო. მართალი აღმოჩნდა, ადრე თუ „დავფრინავდი“, ახლა ბევრად უფრო მშვიდი ვარ. თურმე, ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანის შეხედულებები იცვლება. ჩემთვის ურთიერთობაში მთავარი სიმშვიდეა.

რა მაღიზიანებს საზოგადოებაში? ბევრი  რამის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო. რამდენიმე მათგანის შესახებ მაინც გეტყვით. მაგალითად – ყალბი სახეები,  უნიჭო ადამიანები, სუსტის ჩაგვრა, რასაც სამწუხაროდ,  ბოლო დროს ხშირად ვაწყდები… არავის არაფერს ვუშავებ, პირიქით – ვცდილობ, ყველას სიკეთე გავუკეთო, მაგრამ ისეთი სახით შემომხედავენ ხოლმე, რომ სურვილი მიჩნდება,  მეც ანალოგიური გამომეტყველებით  „ვუპასუხო“ (და არა მხოლოდ გამომეტყველებით).

ბოლო დროს ადამიანები არაპროფესიონალიზმით და მუსიკის შეურაცხყოფით ხშირად მაოცებენ. როდესაც როკერი, მეტალისტი ან ჯაზმენი ხარ, სხვა ჟანრს, სხვა შემსრულებელს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. ამას „მუსიკალური პროსტიტუცია“ ჰქვია. ჩვენი საქმე ყველამ პროფესიონალურად უნდა ვაკეთოთ, დანარჩენს – დრო და საზოგადოება შეაფასებს.

ავტორი: ნანა აბულაძე
ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე