მთავარი ღონისძიება კონცერტი ჰოლანდიის ჩასაბერ საკრავთა ანსამბლის კონცერტი

ჰოლანდიის ჩასაბერ საკრავთა ანსამბლის კონცერტი

ჰოლანდიის ჩასაბერ საკრავთა ანსამბლმა – Nederlands Blazers Ensemble, საკუთარი პროექტის – made in… ფარგლებში, კონცერტი თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში ქართველ მომღერლებთან ერთად გამართა.

რამდენიმე თვის წინ, ჰოლანდიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის ბერტ ნეიმანის და მუსიკოს ლევან ცხადაძის ინიციატივით, კონცერტის ჩატარება გადაწყდა. მას შემდეგ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, გორის ქალთა და ანჩისხატის ანსამბლები, ასევე – ნიაზ დიასამიძე მოიწვიეს.

ჰოლანდიური ანსამბლი 50 წლის წინ დაარსდა. ასაკოვან მუსიკოსებთან ერთად, გუნდში ახალგაზრდებიც არიან. კლასიკური მუსიკის გარდა, ისინი პოპს და ჯაზსაც ასრულებენ. მსოფლიოში მოგზაურობისას, საუკეთესო მუსიკოსებთან ერთად დაკვრა ძალიან უყვართ. საკუთარი პროექტი – made in… ჩამოაყალიბეს, რომელიც ქვეყანების მიხედვით, სახელწოდების დაბოლოებას იცვლის (ჩვენს შემთხვევაში – made in… Georgia). თბილისში ჩამოსვლამდე, ხელმძღვანელმა თავის გუნდთან ერთად, ნიაზ დიასამიძის რეპერტუარიდან 3 სიმღერა შეარჩია, რომელსაც შემდეგ საკუთარი მუსიკა მოარგეს და რეპეტიციებიც გაიარეს.

ძალიან საინტერესო კონცერტის დასასრულ, მონაწილეებმა ერთობლივად გურული „საბოდიშოც“ შეასრულეს. კონცერტმა მოლიდინი გაამართლა. გაგრძელება ვაკის პარკში (26 მაისი), ხოლო შემდეგ – თელავში (28 მაისი) იქნება.

Pepper.ge