მთავარი ღონისძიება ფესტივალი ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი

ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი

თბილისში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, 2 ივლისს ჩატარდა.

რამდენიმე თვის წინ, ახალგაზრდა ქართველი მეღვინე – ვახო ფაღავა მეგობრებთან ერთად, კახეთში დაბადების დღისთვის ემზადებოდა, როცა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო გარდაიცვალა. ფესტივალი ვახო ფაღავას ხსოვნას მიეძღვნა.

მეღვინე თამუნა ბიძინაშვილის ინიციატივით, საქართველოს მეღვინეებს ფესტივალის ჩატარების შესახებ შეატყობინეს. ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა – დავით ლორთქიფანიძემ ორგანიზატორებს დახმარების ხელი გაუწოდა და ფესტივალის ჩატარება ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე გადაწყდა.

მეღვინეები, რომლებიც ნატურალურ ღვინოს აწარმოებენ, ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ.

ჯონ ვერდმანის „ხოხბის ცრემლები“ უკვე ყველასთვის ცნობილია. „ – ჩემი ღვინოებიდან ვერც ერთს გამოვარჩევ. გეყოლებათ შვილები და მიხვდებით, რასაც ვამბობ,“ – გვითხრა ბატონმა ჯონმა. ის საქართველოში 22 წელია, მოღვაწეობს. მის ვენახებს იმერეთში, ქართლში, კახეთსა და ქიზიყშიც ნახავთ.

ფესტივალზე ზურა ლუარსაბიშვილი გრემიდან (კახეთი) ჩამოვიდა. ის თემის დასახლებაში, თავშესაფარში 60-მდე ადამიანთან ერთად ცხოვრობს. სოციალური საწარმო 22 ჰექტარ მიწას ფლობს და მეურნეობაზე ძირითადად, პირადი მოხმარებისთვის ზრუნავენ. ვენახი 7 ჰექტარზე აქვთ გაშენებული. ბოთლებში 3 სახეობის ღვინოს – რქაწითელს, საფერავსა და ნახევრად ტკბილ საფერავს ასხამენ.

კორტავების ოჯახი დიდი ხანია, ღვინის ბიზნესშია ჩართული. თეიმურაზ კორტავა „სარაჯიშვილში“ ტექნოლოგად მუშაობს და ოჯახთან ერთად, 4 ჰექტარ მიწასაც უვლის. მათ მარანში მშრალ თუ ნახევრად ტკბილ საფერავს, რქაწითელსა და მწვანესაც ნახავთ. გარდა ამისა, საკოლექციოდ 35 ჯიშის ვენახი აქვთ გაშენებული. ბოლო მოსავალი ერთბაშად დაწურეს და საბოლოო პროდუქტს „მიქსი“ დაარქვეს. რაც ბოთლებში ჩამოასხეს, მთლიანად საფრანგეთში გასაყიდად გაიტანეს. კორტავების ოჯახი წელიწადში 6000-მდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს. უმეტესი ნაწილი გასაყიდად საფრანგეთში, ამერიკასა და დანიაში გააქვთ.

საქართველოში ვაზის მოშენება 8000 წლის წინ დაიწყეს. მსოფლიოში ღვინის კულტურით ახლა უკვე ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას ვიკავებთ. ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინოები და მათი ხარისხი ჩვენს წარმატებაზე მეტყველებს.

სამომავლოდ ნატურალური ღვინის ფესტივალი საქველმოქმედო სახეს მიიღებს, დაგროვებულ ფულს კი დამწყები მეღვინეების მხარდაჭერისთვის გამოიყენებენ.

pePPer.ge