მთავარი პიროვნება ნათია წიწილაშვილი: „გარეგნობაზე ზრუნვას დიდი ფინანსური სახსრები სჭირდება“

ნათია წიწილაშვილი: „გარეგნობაზე ზრუნვას დიდი ფინანსური სახსრები სჭირდება“

ობიექტურად ვაფასებ როგორც სხვის, ასევე საკუთარ შესაძლებლობებს. ჩემი აზრით, ცუდი მსახიობი ნამდვილად არ გახლავართ. შეიძლება, ითქვას, რომ კარგი ვარ.

რეჟისორისგან უხეში შენიშვნა არასოდეს მიმიღია. ამას გულწრფელად ვამბობ. ვერ ვიტყვი, სასწაულად რთული როლი შემისრულებია-მეთქი.

საშუალება არ მაქვს, რომ საკუთარი შესაძლებლობები წარმოვაჩინო. შეიძლება ქერა, „პუპსიკი“ გოგოს როლში ძირითადად გარეგნობის გამო ვარ ხოლმე. ამას ძალიან მივეჩვიე. საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა უფრო მეტად შემიძლია, მაგრამ განსხვავებული როლების შესრულებას არ მთავაზობენ.

თავდაპირველად, არქიტექტორობა მინდოდა, შემდეგ  არქეოლოგობა. მერე მსახიობობა გადავწყვიტე. არასოდეს მიფიქრია, რომელი პროფესია ამერჩია. პროფესიული არჩევანი თავისით მოვიდა.

9 კლასი რომ დავამთავრე, დავკარი ფეხი და სკოლიდან წამოვედი. მსახიობობა გადაწყვეტილი მქონდა. სწავლა კოლეჯში განვაგრძე, შემდეგ კი მაშინდელი კულტურის ინსტიტუტში ჩავაბარე.

კაპრიზული ხასიათის მქონე ბავშვი არ ვყოფილვარ. მკვეთრად გამოხატული რთული პერიოდი, არც გარდატეხის ასაკში მქონია. დამჯერი ბავშვი გახლდით. მშობლებთან პრობლემები არასოდეს გამჩენია. ჩემი ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ დროულად მემეცადინა. ამასაც ისე ვაგვარებდი, რომ ორშაბათისთვის გაკვეთილები პარასკევს მომემზადებინა, შაბათ-კვირას კი თავისუფალი დრო მქონოდა. არ მახსოვს, მშობლებს დავესაჯე.

ვერ ვიტყვი, რომ ბევრი როლი მითამაშია. ალბათ, ჩემი მსახიობური შესაძლებლობები „ქალთა სახეების“ სკეტჩებში ყველაზე უკეთ გამოჩნდა, როცა ერთმანეთისგან განსხვავებულ გოგონებს ვასახიერებდი. მაგალითად, ერთ-ერთ პატარა სკეტჩში, მოძველბიჭო გოგოს როლი შევასრულე. მოკლედ, მრავალფეროვანი პერსონაჟების განსახიერება მიწევდა.

გარეგნობაზე ზრუნვას დიდი ფინანსური სახსრები სჭირდება, განსაკუთრებით ქალისთვის. ზუსტი თანხა ნამდვილად არ დამითვლია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მთელი ჩემი ხელფასი იხარჯება კოსმეტოლოგთან ვიზიტში, თავის მოვლის საშუალებებში, სილამაზის სალონში, შოპინგსა და ა.შ.

კომუნალური გადასახადების დაფარვა თავად არ მიწევს. ამ მხრივ მშობლები უზრუნველმყოფენ. მათთან ერთად ვცხოვრობ. რაც მაქვს, ყველაფერს ჩემს შვილს და საკუთარ თავს ვახმარ.

როცა შეყვარებული ვარ, ხასიათი ძალიან არ მეცვლება. ალბათ, შეყვარებულობისას ადამიანი ფიქრებით საყვარელ ადამიანთან ხარ, ცოტათი დაბნეული ხდები… საერთოდ, ძალიან ლაღი და მხიარული ვარ. შეყვარებულობისას თვალები მიციმციმებს. ეს ყოველთვის ასე ხდება. ადამიანებს ეტყობათ, როცა შეყვარებულები არიან. მათგან არც მე განვსხვავდები.

მატერიალური სურვილების ასახდენად რა თანხა მჭირდება? მოიცადე, მოვიფიქრო… რომ გითხრა, ძალიან ბევრი მჭირდება-მეთქი, მოგატყუებ. მინდა ჩემი საყვარელი ადამიანები ჯანმრთელები იყვნენ. მათი კეთილდღეობისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია. ვერ ვიტყვი, რომ 100 ან 50 მილიონი ლარი მინდა. უბრალოდ მსურს, რომ ჩემი ელემენტარული მოთხოვნილებები (თუნდაც თავის მოვლა, ბავშვის სწავლა-განათლება) დაკმაყოფილებული იყოს. აუცილებლად მივაღწევ, რომ ეს ყველაფერი თავად უზრუნველვყო.

უზრდელი ბავშვები არ მიყვარს. ვცდილობ, რომ ჩემი შვილი, 5 წლის ნასტასია კალანდაძე ძალიან ზრდილობიანი იყოს. აქცენტს იმაზე ვაკეთებ, რომ მადლობის გადახდა და გამარჯობის თქმა არ დაავიწყდეს. მიმაჩნია, რომ ზრდილობის სწავლა ასე იწყება. ალბათ, შემდეგ ყველაფერს თავად მიხვდება. ჯერჯერობით, კარგი შედეგი მაქვს. ნასტია უზრდელი ბავშვი არ არის.

ქორწინება არასოდეს მინანია. ვნანობ-მეთქი, შეიძლება ისეთ რამეზე ვთქვა, რაზეც გული ძალიან მწყდება. საერთოდ, ვერ ვიტყვი, რომ ცხოვრებაში რაიმე მინანია. პირველ რიგში, ოჯახის შექმნას იმიტომ არ ვნანობ, რომ ქორწინებამ უსაყვარლესი ადამიანი, ჩემი შვილი შემძინა, შემდეგ კი ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება.

ცოტათი მკაცრი დედა ვარ. რა თქმა უნდა, ბავშვი ცელქი უნდა იყოს. ჩემი გოგონაც ცელქია. ბებია და ბაბუა ათამამებენ. ასეც უნდა იყოს, მაგრამ შვილისთვის მისაბაძი მაგალითი, ავტორიტეტი უნდა ვიყო. შესაბამისად, შვილის მიმართ ცოტათი სიმკაცრეს ვიჩენ, რადგან ნასტიას ნება თუ დართე და მიუშვი, შეიძლება, ყველაფერი გადადგას. არ მინდა, ასეთ საქციელს მიეჩვიოს. ზომიერების ფარგლებში, თავის ჭკუაზეც დადის და ჩემგან სიმკაცრესაც გრძნობს.

გურმანი ვარ. გემრიელი კერძები, დესერტი მიყვარს. ახალ-ახალი რაღაცების დაგემოვნება მომწონს. მაგალითად, ახლა ჩაქაფულის სეზონია. დღეს 1 ულუფა უკვე გეახელით. შესაძლოა, კიდევ მივირთვა, მერე კი საკუთარ თავს ვუსაყვედურო – ამდენის ჭამა რა საჭირო იყო-მეთქი? თუმცა საკვების მიღებაზე უარის თქმა არ მიჭირს.

ხაშს ვერასოდეს შევჭამ, მაგრამ საერთოდ, საკვებთან დაკავშირებით, პრეტენზიული ადამიანი არ ვარ. თითქმის ყველანაირ კერძს გეახლებით. ვცდილობ, ჩემი წონაც გავაკონტროლო.

ჩემი მავნე ჩვევა ის არის, რომ რუჯი ძალიან მიყვარს. თეთრი კანი მაქვს. ამიტომ მზის გულზე დიდხანს წოლა მჭირდება, რომ კარგად გავირუჯო. წლის განმავლობაში, დასასვენებლად მხოლოდ 10 დღე (ზაფხულში) მაქვს. მინდა, ამ დროში ყველაფერი მოვასწრო. გადავწყვეტ ხოლმე, რომ სანაპიროზე მხოლოდ დღის 12 საათამდე დავრჩე, შემდეგ ვფიქრობ, – მოდი, კიდევ ნახევარ საათსაც დავრჩები. კიდევ, კიდევ და ამასობაში, ვიწვი. ისეთ რთულ სიტუაციაში არ აღმოვჩენილვარ, რომ დამწვარ კანზე მაწვნის წასმა დამჭირვებოდა, მაგრამ მსუბუქი დამწვრობა მიმიღია. ამის გამო, დისკომფორტი შემქმნია. ვერ ვიტან, როცა კანი იქერცლება და ცოტათი აჭრელებულია.

მსახიობობით ბევრი ფულის შოვნა შეიძლება. ჩვენს ქვეყანაში ამას ვერ მივაღწიე. ისე, მინდა, რომ სამსახიობო სფეროში ჩემი წვლილი შევიტანო, ვიშრომო, ვიწვალო… რა თქმა უნდა, წარმატებას შრომა სჭირდება. თუკი ადამიანი მართლა შრომობ, იღლები, საქმეს გულით აკეთებ, ამას შედეგიც აუცილებლად მოჰყვება.

ქალს სრულყოფილი ბედნიერებისთვის გვერდით მეორე ნახევარი სჭირდება.

ავტორი: ეთო ყორღანაშვილი
ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე

მადლობა Café Lounge Claude Monet