მთავარი პიროვნება პიროვნება ნანუკა გულუა: „დოჩი ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი ქალია“

ნანუკა გულუა: „დოჩი ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი ქალია“

მუდმივად ბედნიერი ვარ.

ცხოვრებას მილამაზებს დოჩისთან (ჩემი პერსონაჟი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“) დაკავშირებული ემოციები, ხალხის უზომო სიყვარული, გულშემატკივრებთან, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობა, ჩემი საქმე…

დოჩი ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი ქალია. ის ძალიან მიყვარს.

„არამკითხე მოამბე“ ქალებს  წინათ თუ შეიძლებოდა, რომ გავეღიზიანებინე, ახლა დოჩის შეფასებისას ძალიან სუბიექტური ვარ, რადგან მგონია – ის კეთილი ქალია, პირადი ცხოვრება უახლოესი ადამიანებისთვის აქვს მიძღვნილი. ეს ქალი არანორმალურად მიყვარს! მან ჩემს ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა: ნებისმიერი პოზიტიური განწყობილება, სიყვარული, რომელსაც დოჩის მიმართ გამოხატავენ, ჩემს ცხოვრებას მთლიანად მოიცავს.

ზუგდიდში დავიბადე, გავიზარდე, სკოლა იქ დავამთავრე.

90-იანი წლების სირთულეები არ მიგრძნია. მართლა ძალიან „ვარდისფერი“, უზრუნველი ბავშვობა მქონდა.

ხმაურიანი ოჯახი მყავს. ჩემი მშობლები თბილი ბუნების ადამიანები არიან. სტუმართმოყვარე, მეგობრული ხალხი ვართ.  2 და მყავს. ჩემს ოჯახში სულ ხალხმრავლობა, სტუმრიანობა, ხორხოცი და ხალისია. ასეთ გარემოში გავიზარდე.

სკოლა რომ დავამთავრე (2000 წ.), საქართველოში რუხი ფერები იყო. თეატრალური მიმართულებით, ფერადი მომავლის პერსპექტივა არ ჩანდა. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, რადგან ბავშვობიდან კარგად ვსაუბრობდი, კარგად ვწერდი… მალევე მივხვდი, რომ ცოტა არ იყოს, ეკლიანი გზისთვის უნდა გამეძლო, რომ კარგი ჟურნალისტი ვყოფილიყავი. პრინციპში, ამ პროფესიაში მუშაობა არც დამცალდა, რადგან უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ეიჩარის პოსტი შემომთავაზეს. ვარჩიე, ეს საქმე ჩემს პროფესიად მექცია და პერსონალის მართვის მენეჯერი გავხდი – განათლების მიღებას ამ კუთხით მივყავი ხელი.

მსახიობის პროფესია ჩემთვის ყოველთვის საოცნებო იყო: რაც თავი მახსოვს, სულ იმის შეგრძნება მქონდა, რომ სამსახიობო კარიერა ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს შეასრულებდა და გამაბედნიერებდა. როცა სხვა პროფესია ავირჩიე, რასაკვირველია, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს რაღაც მნიშნელოვანი დავკარგე…

ოცნება ასმაგად ამიხდა: შეიძლება, თეატრალურ ფაკულტეტზე მესწავლა, წარმატებული მსახიობი ვყოფილიყავი, მაგრამ ხალხს ჩემ მიმართ ზღვა სიყვარული და ეიფორია არ ჰქონოდა. ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც არის.

გაგიმხელთ, რომ ხშირად ვტირი. მე უფრო სენტიმენტალური და სუსტი ვარ, ვიდრე დოჩი.

სიხარულისგან ტირილი დიდად არ მჩვევია – დადებით ემოციას „მოღებული“ პირით და კისკისით უფრო გამოვხატავ.

სტუდენტობიდან მარტო ვცხოვრობ ანუ მას შემდეგ, რაც ზუგდიდიდან თბილისში საცხოვრებლად გადმოვედი. კერძების მომზადებაც მაშინ დავიწყე. დედაჩემი ძალიან მაგარი მზარეულია. ყველა კერძის რეცეპტი მისგან ვიცი. რა თქმა უნდა, რაღაცებს თავადაც ვიგონებ.

მეგრულ სამზარეულოსთან „ვმეგობრობ“. როგორც ამბობენ, მეგრული კერძები უფრო გემრიელი გამომდის…

მე და დიეტა განუყრელი მეგობრები ვართ. ფაქტობრივად, მის გარეშე აღარ ვცხოვრობ. უკვე ყველას გავუმხილე, რომ ჭარბი წონის პრობლემა მქონდა და 50 კგ. დავიკელი – ყველანაირი დიეტა ვცადე. ახლა წონის შენარჩუნებას ვცდილობ. ზოგი კერძი საერთოდ დავივიწყე – აღარ ვჭამ, მაგრამ თუკი ჩვეულებრივმა კვების რეჟიმმა 1-2 კილოს მატება გამოიწვია, ისევ 3-4-დღიან დიეტას ვიცავ, რითაც მომატებულ წონას ვარეგულირებ.

როცა რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება მაქვს (გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით), ვცდილობ, კორექტული ვიყო და ჩემი მოსაზრება „ჩარჩოში მოვაქციო“, რომ ვინმეს გული არ ვატკინო, ჩემსა და მაყურებლებს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულება არ შევცვალო…

ხალხის აზრს ვუფრთხილდები.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ძალზე იშვიათად მაცვია, მაგალითად – პირდაპირ ეთერში, ქორწილში, რაიმე დიდ წვეულებაზე… ყოველდღიურად სპორტული სტილის სამოსს ვიცვამ.

კაბები მომწონს, ოღონდ – დაბალძირიან ფეხსაცმელთან ერთად „აღსაქმელი“. კაბაში გამოწყობილმა კომფორტულად უნდა ვიგრძნო თავი.

მგონი, თავდავიწყებით არავინ მყვარებია, რადგან ჩემი ურთიერთობების მთავარ გმირებს ვერც კი ვიხსენებ. ეს ადამიანები ჩემი ცხოვრებიდან უკვალოდ ქრებიან. ამიტომ დავასკვენი: თავად ვიგონებ, რომ თითქოს არანორმალურად შეყვარებული ვარ. საერთოდ, პატარა მოვლენისგან დიდის შექმნა მიყვარს – სიმპათიისგან ბუმბერაზ გრძნობას ვქმნი, მერე კი ირკვევა, რომ სინამდვილეში ასე არ არის…

საყვარელ ადამიანს  დისკომფორტს არ ვუქმნი ხოლმე. ვინმეს ზედმეტად გაკონტროლება არ მიყვარს. ეჭვიანი და მომთხოვნი  არ ვარ.

ურთიერთობაში მთავარი კომფორტია. პირადად მე, ძალიან თბილი ბუნების ადამიანი ვარ. თავს კომფორტულად მაშინ ვგრძნობ, როცა ჩემ გვერდით მყოფი ადამიანი ლაღი და გულთბილია.

რაც „დიდი გოგო“ გავხდი და  მივხვდი, რა მაბედნიერებს, დავასკვენი: ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩემს პარტნიორს კარგი ხასიათი, იუმორის გრძნობა ჰქონდეს და საკუთარ თავში დარწმუნებული იყოს. ურთიერთობა ნდობაზე უნდა იყოს დამყარებული. ადამიანი, რომელიც მზღუდავს, აკრძალვებს მიწესებს, ჩემ გვერდით ვერ იქნება.

როგორც კი მეგრული საუბარი მესმის, სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, გული მაშინვე სიყვარულით მიფრიალდება, დადებითი შეგრძნება მეუფლება.

მიყვარს ჩემი მეგრული წარმოშობა, ენა… ყველაფერი, რაც სამეგრელოს უკავშირდება, მაბედნიერებს.

სულით ხორცამდე ქართველი ვარ და საქართველოს ყველა კუთხე ძალიან მიყვარს. უბრალოდ, ჟურნალისტები სულ მეგრელების შესახებ მეკითხებით…

შემიძლია ვთქვა, რომ პროფესიული თვალსაზრისით, საკუთარი თავი ნამდვილად ვიპოვე, რადგან მაქვს საყვარელი საქმე – ჩემს ატელიეში მუშაობისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ. მეორე საქმე ჩემი ახდენილი ოცნებაა: სერიალის გადაღებებზე თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში.

ავტორი: ეთო ყორღანაშვილი
ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე