მთავარი სოციალური ცხოვრება გამორჩეული ადამიანები დედა ტერეზა

დედა ტერეზა

დედა ტერეზა 1910 წლის 26 აგვისტოს, მაკედონიის დედაქალქში – სკოპიეში დაიბადა. მისი მშობლები კათოლიკეები იყვნენ. ტერეზაც კათოლიკურ სკოლაში დადიოდა. მამის მოულოდნელი გარდაცვალების (1918წ.) შემდეგ, ღმერთის ღრმა რწმენის კვალდაკვალ, ეკლესიურ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო.

18 წლის იყო, როცა „ლორეტოს დედაოების“ (რომლებიც კათოლიკურ სკოლებში ახალგაზრდების განათლებითა და აღზრდით იყვნენ დაკავებულნი) სიაში ჩაეწერა. ტერეზა, როგორც მასწავლებელი, ირლანდიასა და სამხრეთ აზიურ ქვეყნებში საქმიანობდა.

საკუთარი ცხოვრების შესახებ დღიურს წერდა. დღიურში 1946 წლის 10 სექტემბრის განსაკუთრებული მოვლენაც ჩაწერილი ჰქონდა: ინდოეთისკენ მიემგზავრებოდა, როცა გაჭირვებულების დახმარების სურვილი გაუმძაფრდა. ამის გამო მას საქმიანობის (მასწავლებლობის) მიტოვება მოუხდა, თუმცა ღმერთის სამსახური არ მიუტოვებია. მან საქმიანობა კოლკატაში (ინდოეთი) გააგრძელა. 1947 წელს ინდოეთის მოქალაქეობაც მიიღო.

დედა ტერეზას მნიშვნელოვანი ქმედებანი 1950 წლიდან დაიწყო, როცა მან მისიონერთა საქველმოქმედო ორგანიზაცია ჩამოაყალიბა, სადაც 4500-ზე მეტი მორწმუნე დედაო საქმიანობდა. ორგანიზაცია დღესაც ფუნქციონირებს და მომაკვდავ, ობოლ, უსახლკარო თუ ავადმყოფ ადამიანებს ეხმარება. დედა ტერეზას ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბებისთვის სხვა ჯილდოებთან ერთად, 1979 წელს ნობელის მშვიდობის პრემიაც ერგო.

დედა ტერეზას მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა. მას აკრიტიკებდენ, რადგან განქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. როცა განქორწინების დაკანონება ხდებოდა, დედა ტერეზამ ხალხს საპროტესტო აქციისკენ მოუწოდა. ასევე, მან მომაკვდავ პაციენტებს ტკივილგამაყუჩებლის მიღება აუკრძალა და ღმერთის არადამაჯერებელი რწმენის გამო, ზოგიერთ ავადმყოფს საავადმყოფოში მიღებაზე უარს ეუბნებოდა.

ყველაფრის მიუხედავად, ტერეზას „დედად“ მოიხსენიებდნენ. მასთან უამრავი გაჭირვებული ადამიანი მიდიოდა. დედა ტერეზა 1997 წლის 5 სექტემბერს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაჭირვებულების მიმართ მისი განსაკუთრებული მზრუნველობის გამო რომის პაპისთვის (იოანე პავლე II) დედა ტერეზას წმინდანად მოხსენიება მნიშვნელოვანი იყო. რომის პაპმა – ფრანცისკემ დედა ტერეზა 2016 წელს წმინდანად შერაცხა.