მთავარი სოციალური ცხოვრება სოციალური მშრალი ხიდი – წარსულთან ერთად გაყიდული მოგონებები

მშრალი ხიდი – წარსულთან ერთად გაყიდული მოგონებები

ყოველდღე შლიან ფერად-ფერად ნივთებს, ნახატებს, ძველმანებს. ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ზოგიერთ მათგანს მშრალ ხიდთან 20 წელზე მეტი აკავშირებს.

 ძველებური საათებისა და ფაიფურის ჭურჭლის გამყიდველს, ბატონ ლევანს, ერთ დროს ევროპა შემოუვლია. უცხოეთში მცხოვრები შვილების წყალობით, გაჭირვება არც ახლა აწუხებს, თუმცა შრომაზე უარის თქმა არ შეუძლია. „ – ახალგაზრდობაში მუზეუმებში სიარული მიყვარდა, სადაც ფაიფურის ნივთებს ვაკვირდებოდი. ძველი საათებით ვიყავი გატაცებული. ჩემი უმცროსი შვილი ნანოტექნოლოგიის დოქტორია და ნორვეგიაში ცხოვრობს. ორჯერ ვესტუმრე. ევროპა ერთად მოვიარეთ. სტოკჰოლმი ძალიან მომეწონა – ლანდშაფტმა და ცხოვრების დონემ გამაოცა,“- გვიყვებოდა ბატონი ლევანი და თან, ნივთებით დაინტერესებულ გამვლელ-გამომვლელებს შეკითხვებზე პასუხობდა.

მშრალ ხიდზე მხატვრებსაც მრავლად ნახავთ. საკუთარი ნამუშევრების გაყიდვა იქვე, ბაღში უწევთ. ადგილით სარგებლობისთვის თბილისის მერიას ფულს არ უხდიან. სამუშაო დღის დასასრულს ნახატებს იქვე, რკინის ყუთებში ინახავენ. „ – ნამუშევრებს ტურისტებისთვის უფრო ძვირად ვყიდით, ვიდრე ქართველებისთვის,” – გვითხრა მხატვარმა თემურ არჯევანიძემ. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, რეჟისორ რეზო ესაძესთან ერთად, მას კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რამდენიმე ფილმზე უმუშავი, მათ შორის „ნეილონის ნაძვის ხეც“ ყოფილა, რომელიც ფედერიკო ფელინის გენიალურ ფილმად შეუფასებია. „ – სოციალიზმის ნგრევის პერიოდში, როდესაც არეულობა დაიწყო, მხატვრებს ჩვენი ნამუშევრების აბანოთუბანში გაყიდვის ნება დაგვრთეს. ჩვენს ნახატებს ინტელიგენცია ყიდულობდა. 1983 წელს, რამდენიმე მხატვარი აბანოთუბნიდან მშრალ ხიდზე წამოვედით. მას შემდეგ აქ ვართ…“ – იხსენებს მხატვარი. მშრალი ხიდის სახელწოდებასთან დაკავშირებით, თემურ არჯევანიძეს  საკუთარი ვერსიაც აქვს: „ – ამ ბაღს მშრალი ხიდი იმიტომ დაერქვა, რომ იცოდნენ, მხატვრები „მშრალად“ იქნებოდნენ – ფული ჩვენ არ გვაქვს და აბა, როგორ?..“ ტერიტორია, სადაც ყოველდღე სავაჭროდ მოსვლა უწევს, მისთვის თავისუფალი საგამოფენო სივრცეა. ამბობს, რომ თავისუფლება ყველაზე ძვირფასია. გამოფენა რომ მოაწყოს, ამისთვის ვინმეს შეწუხება არ სურს – მშრალ ხიდზე ვაჭრობით ნაშოვნი ფული ურჩევნია, თუმცა ეს საკითხი მაინც აღელვებს: „ – აქ დგომა ხელოვანისთვის რთულია. ცხოვრებამ ჭაობივით ჩაგვითრია. პურის ფულისთვის ქუჩაში დგომას მივეჩვიეთ. მხატვრული ექპერიმენტები მომენატრა, მაგრამ ამისთვის დროის დათმობა მიჭირს…“

ბატონი აკაკი მოქანდაკეა. ერთ დროს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ლექციებსაც კითხულობდა. სასწავლებლის დაშლის შემდეგ, ლუკმაპურისთვის საკუთარი ნამუშევრების მშრალ ხიდზე გამოტანა მოუხდა. ცოტა ხნის წინ ინსულტი გადაიტანა, თუმცა ჩვეულ გარემოს ახალი ძალით მაინც დაუბრუნდა.

 წარსულზე საუბარი უჭირთ – მშრალ ხიდამდე განვლილი გზა უმრავლესობისთვის მძიმე გასახსენებელია. ქალბატონი იზოლდა საბჭოთა კავშირის პერიოდში, მარტვილის რაიონში, ჩაის ფაბრიკაში მუშაობდა. შვილის გარდაცვალების შემდეგ, თბილისში წამოსულს ბინის ქირის გადახდა უჭირდა და დანებით ვაჭრობა დაიწყო. მას მერე 22 წელი გავიდა…

ანტიკვარული ან უბრალოდ, თავიანთი საყვარელი ნივთები გასაყიდად ყოველდღიურად გამოაქვთ. ცხოვრება გრძელდება. მხოლოდ წარსულთან ერთად გაყიდული მოგონებები რჩება…

pepper.ge

ავტორი: სოფო ვასაძე
ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე