მთავარი აქტუალური თემა სპორტი ექსტრემალური, აზარტული და სათავგადასავლო სპორტი

ექსტრემალური, აზარტული და სათავგადასავლო სპორტი

სამთო მოტოციკლით მიუვალ გზებზე მგზავრობა საკმაოდ აზარტული და შთამბეჭდავია. სპორტის ეს სახეობა – ენდურო ჩვენს ქვეყანაში ნელ-ნელა ვითარდება და მასშტაბურ სახეს იღებს. ჩემპიონატები გუდაურში და თბილისში უკვე ტარდება, სადაც ქართველებთან ერთად, უცხოელებიც მონაწილეობენ.

პროფესიონალებთან ერთად, ჩემპიონატებში მონაწილეობა მოყვარულებსაც შეუძლიათ. საქართველოს გარდა, შეჯიბრებები საზღვარგარეთაც ტარდება, სადაც ათასობით ადამიანი მხოლოდ დროის გასატარებლად მონაწილეობს, პროფესიონალები კი გამარჯვებისთვის იბრძვიან.

სამთო მოტოციკლის მართვა რთული არ არის, თუმცა გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხშირია. მაქსიმალური სიჩქარე საშუალოდ, 20-30 კმ/სთ -ია. ამიტომ სპორტსმენისთვის დაშავება ძირითადად, ნაკლებად ფატალურია, დამცავი აღჭურვილობა კი მაქსიმალურად უსაფრთხო მგზავრობის შესაძლებლობას იძლევა.

დაცემის და მოტოციკლის დაზიანების რისკი მაღალია. მოტოციკლების ფასი საშუალოდ, 5 ათასიდან 10 ათას ევრომდე მერყეობს. მათ მფლობელებთან თანამშრომლობაზე სადაზღვევო კომპანიები, რა თქმა უნდა, უარს ამბობენ. ამიტომ სპორტსმენები სოლიდურ ფასად შეძენილ ტრანსპორტზე ზრუნვას დიდ ყურადღებას უთმობენ.

სპორტსმენის ფიზიკური მონაცემები თუ სწრაფი, განვითარებული რეაქცია დაცემის თავიდან არიდებას ხელს უწყობს. მოტოციკლის მართვა კუნთებს და ყურადღებასაც ავარჯიშებს. დამწყებთათვის სათანადო ფორმაში ჩადგომას 1-2 წელიწადი სჭირდება. მიუვალ გზებზე და ასფალტზე მოტოციკლის მართვა სხვადასხვა გამოცდილებაა.

ტურნირებზე, ქართველი მოტომოყვარულები უცხოელ მეგობრებს ავსტრიიდან, თურქეთიდან და ბრაზილიიდანაც ელოდებიან, ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრები კი იმ ჩემპიონატების მოსაწვევებს ტოვებენ, რომლებიც მათ ქვეყნებში იმართება. სამთო მოტოციკლით მგზავრობა თავგადასავლებით სავსეა, თუმცა დიდ რისკებთან და ფინანსებთან არის დაკავშირებული.

Pepper.ge