მთავარი სოციალური ცხოვრება სოციალური თანამედროვე კერძო სკოლის უპირატესობები

თანამედროვე კერძო სკოლის უპირატესობები

საქართველოში კერძო, თანამედროვე სკოლების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. საჯაროსგან განსხვავებით (სადაც უმეტესწილად, მოძველებული მეთოდებით ასწავლიან), კერძო სკოლებში სწავლების მაღალი დონე შესამჩნევია. ჩვენ ერთ-ერთ თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულებას – ქართულ სკოლა-პანსიონ „Ib მთიებს“ ვესტუმრეთ, რომელმაც ახალი სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

„მთიები“ 1995 წელს სკოლის მასწავლებელმა – ნინო ჩიკვაიძემ დააფუძნა. მაშინ რთული ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გამო, საჯარო სკოლებში არსებული სიცივე, უშუქობა და პედაგოგების დაბალი ხელფასები ბავშვების აღზრდას წარმოუდგენელს ხდიდა. იმ დროს „მთიები“ ერთადერთი კერძო სკოლა გახლდათ.

2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში, უსახლკაროდ დარჩენილმა დევნილებმა შენობა საგრძნობლად დააზიანეს. 400 მოსწავლე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მათი გადანაწილება სხვადასხვა შენობაში ხდებოდა, რამაც სკოლის საარენდო თანხა 21000$ გახადა. გადახდა წარმოუდგენელი იყო. სწორედ მაშინ გამოჩდა გერმანიის ახალგაზრდობისა და სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო კავშირი (Ib), რომელმაც სკოლის 40% შეისყიდა, ფული დააბანდა და ტერიტორია თანამედროვე სტანდარტებს გაუთანაბრა, რომლიდან მიღებულ სრულ შემოსავალს „აიბი“ ჯგუფი სკოლის განვითარებას ახმარს.

სკოლაში დაფუძნებისას, იქ მხოლოდ 7-8 ბავშვი სწავლობდა. წლების განმავლობაში, მოსწავლეების რაოდენობა იზრდებოდა. დღეს აქ უკვე 1200 ბავშვს 300 მასწავლებელი სხვადასხვა კლასში (60 კლასი) ასწავლის. მასწავლებლებს შორის უცხოელი სპეციალისტებიც არიან, რომლებიც ბავშვებს ინგლისურში, გერმანულსა და სხვადასხვა საბუნებისმეტყველო საგნებში ამეცადინებენ.

საქართველოში ლონდონიდან ჩამოსული ემანუელ ემენგი ბავშვებს ძალიან უყვართ, თუმცა ხშირად მისთვის მოსწავლეების ყურადღების მობილიზაცია რთულია. „ – საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა ბავშვების დისციპლინაა. ძალიან ხმაურიანები არიან. მათი გაჩერება და დამშვიდება ხშირად მიწევს. ინგლისში ასეთი გამოთქმა გვაქვს: Chatiry begins at home, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვებმა მოქცევა ჯერ სახლში უნდა ისწავლონ,“ – ამბობს ემანუელი. ის ბავშვებს (მე-5 კლასიდან) სალაპარაკო ინგლისურს ასწავლის. ხშირად მოსწავლეები კლასში საბავშვო ფილმებს ინგლისურ ენაზე უყურებენ, განიხილავენ და საშინაო დავალებებსაც იღებენ (მაგალითად – საზეპირო სიტყვებს). თავდაპირველად, ზოგიერთი ბავშვი უცხო ენაზე ერთ სიტყვასაც ვერ ამბობს, მაგრამ დროთა განმავლობაში, სწავლის შედეგი გაოცებას იწვევს.

მასწავლებლები ტრენინგებსაც გადიან (წელიწადში 3-4-ჯერ). მათი კვალიფიკაცია და მოტივაცია საკმაოდ მაღალია. სკოლაში, პერიოდულად, გაკვეთილების მონიტორინგი ტარდება. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება საათში 10 ლარს შეადგენს, რაც დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სავსებით ნორმალურია.

სავალდებულო საგნების გარდა, მაღალ კლასებში ბავშვებს დამატებით საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ-ჰუმანიტარული საგნების არჩევის შესაძლებლობა აქვთ, რომლებსაც გაძლიერებული ინტენსივობით სწავლობენ. გარდა ამისა, სკოლაში ჭადრაკის, ცეკვის, კალათბურთის და სხვა კლუბები ფუნქციუნირებს. ბავშვებს ლაშქრობასაც ასწავლიან, რაც ბუნებაში თვითგადარჩენის პრინციპებს ითვალისწინებს.

სკოლა პანსიონი „Ib მთიები“ მენეჯმენტის ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატს ფლობს (ISO), ასევე, შრომისა და უსაფრთხოების დაცვის ნორმატივებს ითვალისწინებს (OHSAS 18001). მშობელთან ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ბავშვი გაკვეთილების 80%-ს უნდა ესწრებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსწავლის განათლებაზე პასუხისმგებელი სკოლა აღარ იქნება. სკოლაში საკვების მიტანაც არ შეიძლება, რადგან კაფეტერიაში შეთავაზებული საკვების ხარისხი ბავშვის მოწამვლას სრულებით გამორიცხავს.

ასევე, საინტერესოა შეფასების 7-ქულიანი სისტემა, რომელიც ბრიტანეთში აპრობირებულია, საქართველოში კი „Ib მთიების“ გარდა, ვერც ერთ სხვა სკოლაში ვერ ნახავთ: 5 ქულა ცოდნის დამადასტურებელია, 6 – ცოდნის გამოყენების უნარი. თუ კლასში 20 ბავშვიდან უმეტესობას 7 ქულა აქვს, მაშინ პროგრამა რთულდება. სწავლის მიზანი მხოლოდ აკადემიური განათლებაა და არა – მაღალი შეფასება. გაკვეთილების გაცდენასთან ერთად, ქულები კლებას იწყებს. ამიტომ ბავშვებს გაკვეთილებზე დასწრების მოტივაციაც აქვთ.

ამჟამად, საჯარო სკოლებს მსგავსი სტანდარტები არ აქვთ. მათი გათანამედროვეობის მიზნით, მასწავლებლების მოდერნიზაციას ცდილობდნენ. თუმცა ეს ვერ მოხერხდა. „ – სკოლის დირექტორები უნდა იყვნენ მეწარმეები და არა – მხოლოდ დირექტორები. აქ ფული არ იგულისხმება: ბიზნესის „კეთების“ თუ ხარისხისა და მენეჯმენტის სწორად მართვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. განათლების სისტემაში უამრავი თანხა იხარჯება და თანამედროვე სტანდარტებამდე რატომ ვერ მიდიან, ძალიან მიკვირს,“ – ამბობს „მთიების“ დამფუძნებელი და დირექტორი – ნინო ჩიკვაიძე. ქალბატონი ნინო იმასაც აღნიშნავს, რომ მის სკოლაში ბულინგის პრობლემა მინიმუმამდეა დაყვანილი.

არის შემთხვევები როცა თვითონ მშობლები ძალადობენ შვილებზე: ბავშვებს აიძულებენ ის ისწავლონ, რისი შესწავლაც მათ შესაძლებლობებს სცდება. სკოლაში მშობლებთან კონსულტაციები მიმდინარეობს, რაც ხშირად შედეგიანად სრულდება. „ – ზოგჯერ სკოლაში ისეთი ბავშვები მოჰყავთ, ვერ ვხვდებით როგორი მეთოდებით ზრდიან. 1-2 წელი გვჭირდება, რომ ისინი დისციპლინირებულები გახდნენ,“ – ამბობს ნინო ჩიკვაიძე. სკოლაში ინციდენტების მართვის ჯგუფი მუშაობს, რომელიც აკონტროლებს, რომ ბულინგის გამოვლენა არ მოხდეს. პრევენცია საუბრითა და ახსნა-განმარტებით ხდება. მასწავლებლებიც დაკვირვებულები არიან, რადგან ფიზიკურ ძალადობაზე ხშირად, ჩაგვრა ფსიქოლოგიური სახით ვლინდება.

მალე სკოლა „Ib მთიები“ ქალაქგარეთ, დამატებითი შენობის მფლობელი გახდება, სადაც მაღალი კლასების მოსწავლეები ჩვეული გარემოდან მოშორებით, პროექტებში მონაწილეობას მიიღებენ. ინსტიტუტში გაგზავნამდე, მათ სპეციალობის არჩევაშიც დაეხმარებიან. ასეთი სტანდარტების სკოლებში ბავშვები სწავლასთან ერთად, დროს საინტერესოდაც ატარებენ.

pepper.ge

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე