მთავარი აქტიური ცხოვრება პიროვნება მერაბ დუკაშვილი: „არავის დახმარება არ მჭირდება!“

მერაბ დუკაშვილი: „არავის დახმარება არ მჭირდება!“

„ნიჭიერში“ თანაწამყვანის ამპლუაში გამოჩენა მერაბ დუკაშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჟურნალისტიკის სფეროში გამოცდილება არ ჰქონია. პროდიუსერებს სხვადასხვა პროექტსა თუ გადაცემაში მუშაობას ყოველთვის სთხოვდა, რადგან ეს მისი ფსიქოლოგიური წინსვლისთვის მნიშვნელოვანი იყო. პოპულარობის ამბიცია არ აქვს…

– შენს ცხოვრებაში პოპულარობას არაფერი შეუცვლია?
– რაც პოპულარული გავხდი, „ნიჭიერში“ თანაწამყვანის პოზიციის გარდა, სხვა მასშტაბური შემოთავაზება არ მიმიღია, თუმცა ხალხთან ურთიერთობა ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ერთი დიდი ლურსმნის მიჭედებას ნიშნავს. ახლა უკვე ოჯახი მყავს და ყველაფერი სხვაგვარადაა.

– მომავალ მეუღლეს – ნატალიას სად შეხვდი?
– ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით. მისი აზროვნება, ცხოვრებისეული საკითხების მიმართ დამოკიდებულება ძალიან მომეწონა. ორი წელი ინტერნეტში ვურთიერთობდით. ერთმანეთს პირველად უნგრეთში შევხვდით, სადაც წოლჭიმში შეჯიბრები მქონდა, ნატალიამ კი ჩამომაკითხა. იმ პერიოდში ერთმანეთთან მოწონებაზე მეტი გრძნობა გვაკავშირებდა, მაგრამ ბოლომდე ჩამოყალიბებულიც არ ვიყავი, რადგან არაფერი გამაჩნდა. მხოლოდ პარაოლიმპიური სახეობის სპორტით ვიყავი დაკავებული. ნატალია არც იმ ფაქტს შეუფერხებია, რომ შემოსავალი არ გამაჩნდა, მაგრამ მე ჩემი საფიქრალი მქონდა: სხვის კისერზე ცხოვრება არ მიყვარს. საერთოდ, ბიჭს ცოლობაზე უარს გოგო ეუბნება ხოლმე, ჩვენს შემთხვევაში კი პირიქით მოხდა. როცა ნატალიამ უნგრეთში ჩამომაკითხა, უკვე ვუყვარდი. მეც მიყვარდა, მაგრამ ვმალავდი – არ მინდოდა, მისთვის იმედი ტყუილად მიმეცა. ამიტომ ერთად ცხოვრებაზე უარი ვუთხარი. მას შემდეგ კიდევ შევხვდი საქართველოში ჩამოვიდა. ბოლოს, როცა დაბადების დღეზე სიუპრიზი მომიწყო და ღამის 12 საათზე დამადგა თავზე. არსად აღარ გამიშვია.

-ნატალიას ცხოვრება რომ დაუკავშირე, ამაში ყველაზე დიდი როლი რამ ითამაშა?
-ნატალიამდე ჩემს ცხოვრებაში ვინც კი გამოჩნდა, არასტაბილურობითა და არასერიოზულობით გამოირჩეოდა. ქართველი ქალი ცოტა მშიშარაა და ნაბიჯების გადადგმა უჭირს. თავიდან ყველა მეფერებოდა, ძალიან საყვარელი ხარო, თუმცა მერე ეჭვის თვალით დამიწყეს ყურება და დაბრკოლებებზე დაფიქრდნენ. რა თქმა უნდა, ამას ყველაზე არ ვამბობ. ისეთებიც იყვნენ, ვინც შეიძლებოდა ცხოვრების ბოლომდე ჩემ გვერდით ყოფილიყვნენ. სიტყვა ,,მოვლა“ ძალიან ცუდად მხვდება ყურში, რადგან მოსავლელი არაფერი მჭირს. საკუთარ თავსაც ვუვლი და ოჯახსაც ვინახავ. ნატალია ბოხონსკა ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას არ დაუბრკოლებია. კითხვაც კი არ დაუსვამს, რატომ ვზივარ ეტლში. ამ საკითხზე არც ახლა ვსაუბრობთ. უკვე მეორე წელია თავის შვილთან ერთად ჩემთან ცხოვრობს. ნატალიას შვილს, ილიას მამის სიყვარული ყოველთვის აკლდა და მამას მეძახის. მეც შვილად მივიღე. ჩემი ცოლი პროფესიით ბუღალტერია, თუმცა გამუდმებით ახლის ძიებაშია. ამჟამად უმუშევარია. რთულია უცხო ქვეყანაში გაგიმართლს, მით უმეტეს, როცა ენა არ იცი.

-ოჯახის შექმნამ როგორ შეცვალა შენი ცხოვრება?
– ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში, სპორტულ კომიტეტში დავიწყე მუშაობა. მაშინ დირექტორი რატი ბრეგაძე იყო და მადლობა მინდა მას გადავუხადო.
სხვადასხვა სახის ღონისძიებებს არა მხოლოდ შშმ პირებისთვის, ყველასთვის ვმართავდით. დღესდღეობით სემინარებსაც ვატარებთ. სპორტით აქტიურად ვარ დაკავებული.
ნატალიამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ორი ადამიანის რჩენა, მით უმეტეს საქართველოში და ეტლით მოსარგებლესთვის, ადვილი არ არის. ცოლ-შვილთან და ჩემს მშობლებთან ერთად 27 კვ.მ ფართის ბინაში ვცხოვრობ, თუმცა ამ კედლების არასდროს მცხვენოდა. ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიიდან, 10 წლიანი იპოთეკით ბინა შევიძინე, რაც ჩემი დიდი ოცნება იყო. ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო თავდაჯერებული გამხადა. უკვე ვიცი, მაღაზიაში რომ შევალ, სახლისთვის ჩაიდანი, ჭიქები და სხვა სჭირო ნივთები უნდა შევიძინო. ეგოისტობაში თუ არ ჩამითვლით, მეგობრების, ოჯახის, ცოლის და შვილის გარდა, ყველაზე დიდი სტიმული საკუთარი თავია, რადგან ბევრი რამ შევძელი!

21-ე წელიწადი დაიწყო უკვე, რაც ეტლში ვზივარ. ხერხემალზე სიმსივნე მქონდა, რის გამოც ხერხემლის ტვინი დაიბეჟა და ნერვი დაზიანდა. 1997 წელს ოპერაცია ჩამიტარდა, რაზეც საუბარი არ მინდა. მანამდე სპორტით აქტიურად ვიყავი დაკავებული. კალათბურთს ვთამაშობდი და წარმატების პერსპექტივებიც მქონდა. ეტლში ჩაჯდომა ჩემთვის დიდი სტრესით დაიწყო. მეგობრები თავს არ მანებებდნენ და ყოველთვის მათი მადლიერი ვიყავი. საკუთარ თავში ჩაკეტვის უფლებას არ მაძლებდნენ. სტრესიდან გამოსასვლელად 2-3 წელი მაინც დამჭირდა.

-აქტიური ცხოვრების დაწყება ოპერაციიდან რამდენ ხანში შეძელი?
-აქტიური ცხოვრება ოპერაციიდან 5 წლის შემდეგ დავიწყე. მანამდე არც ფიზიკურად ვიყავი ამისთვის მზად და გარეთ გასვლისაც მერიდებოდა. ახლაც ასეა… მეტროთი თუ ვმგზავრობ, ზოგი მცნობს, ზოგი მიღიმის, ზოგი მეუბნება, როგორ მგულშემატკივრობს, თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა მოსულან ჩემთან და ხურდა ჩაუყრიათ. ფიქრობენ, რომ მოწყალებას ვითხოვ… ვცდლობ ხალხში ნაკლებად გავერიო, რაც ჩემთვის უფრო უსაფრთხოა. უაზრო კითხვებსაც აქვს ხოლმე ადგილი. რატომ ზიხარ ეტლში? – შეუძლიათ პირდაპირ გკითხონ. ერთხელ ერთმა ისიც მკითხა, მანდ რა პონტში ზიხარო. გამეცინა და ვუპასუხე, ვისვენებ მეთქი. უაზრო კითხვებს ცინიზმით ვპასუხობ.

-როგორ ფიქრობ, შშმ პირებთან საზოგადოების ნაწილს ასეთი დამოკიდებულება რატომ აქვთ?
– ეს მთავრობის და ტელევიზიების ბრალიც არის, რადგან საზოგადოებას შშმ პირებზე ნაკლები ინფორმაცია აქვს. ახალ ავტობუსებში შშმ პირებისთვის განკუთვნილი შუა კარის გახსნის დროს, ხალხმა არ იცის, რომ ჩემზე წინ არ უნდა შევარდნენ. მაინც ჩამოსვლა მოგიწევთ მეთქი რომ ვეუბნები, გაოცებულები მიყურებენ ხოლმე. ვერც ხვდებიან, რომ პანდუსზე დგანან. ლურჯი ავტობუსი ჩემთვის დიდი შვებაა, კომფორტულად ვმგზავრობ, მაგრამ მძღოლმა ელემენტალურად ის არ იცის, ბორდიულთან ახლოს უნდა მოვიდეს, რომ ასვლა შევძლო. დაგეხმარებიო, რომ მეუბნება, სულ ამაზე მაქვს ბრძოლა! არ მჭირდება არავის დახმარება! მათგან სიტყვა ,,ინვალიდი“ ხშირად მესმის. ტერმინოლოგიაც არ იციან. სატრანსპორტო კომპანიის ცხელ ხაზზე დავრეკე და ვიჩივლე, შშმ პირებს ავტობუსის მძღოლები ინვალიდებად რატომ მოგვიხსენიებენ მეთქი და გადაირივნენ, რას ბრძანებთ, სპეციალური მოსამზადებელი ტრენინგები ჩავუტარეთო.

ავტობუსი ოდნავ ხომ წვება, ეტლით მოსარგებლე რომ ავიდეს, ამ დროს ხალხი პანიკაშია, ვაიმე ვყირავდებითო. ფანჯარაზეც არის იმის ნიშანი, რომ შუა კარი ეტლით მოსარგებლისა და ბავშვიანებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ არავინ აქცევს ყურადღებას. ქართველს სანამ თავზე არ წამოარტყამ, არ ესმის! რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა ამას ყველაზე არ ვამბობ.

პაატა ბურჭულაძის დაბადების დღეზე, შშმ პირებიც მივედით და აღმოჩნდა, რომ პანდუსი არ არსებობდა და სპორტის სასახლეში ვერ შევიდოდით. ზოგიერთები ისე გვექცეოდნენ, როგორც კეთროვნებს. ჩვენი ხმაური კი საზოგადოებამ ცუდად მიიღო. 8 000 კაციან ღონისძიებას რომ მართავ, იმაზეც უნდა იფიქრო, რომ შეიძლება ეტლით მოსარგებლეებიც მოვიდნენ. იმის პროტესტიც მაქვს, რომ არ მინდა ვინმემ ხელით მათრიოს!

თბილისის მერიამ შშმ პირებს საჩუქარი გაგვიკეთა. რუსთაველის მეტროს წინ არსებული პანდუსის ნიშანი მოხსნა და მანქანის პარკირების ადგილად აქცია. პატრული გავაჩერე და ვუსაყვედურე. რა ვქნა, ამ ადგილით მოსარგებლეებს ვერც დავაჯარიმებ და ვერც დავუშლი, რადგან პარკირების ნიშანიაო, მიპასუხა. ამის მერე გამოდიან და ადაპტირებაზე გვესაუბრებიან, თუმცა წინსვლა ნამდვილად იგრძნობა, რადგან შშმ პირებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებიც გააქტიურდნენ.

-დღეს როგორ ცხოვრობ?
-ეტლში რომ ჩავჯექი 15 წლის ვიყავი. ახლა, 34 წლის ასაკში ბედნიერი ვარ! ოთხი სამსახური მაქვს. ბავშვთა და ახალგაზრობის ეროვნულ ცენტრში სანამ დავიწყებდი მუშაობას, სამკერვალო ფაბრიკაში ვიყავი დასაქმებული, სადაც ფხრიწებს ვჭრიდი. შემდეგ საქარგავში გადამიყვანეს. 7 გოგო ერთ ბიჭს თავს დამტრიალებდა. მათთან დღესაც ვმეგობრობ.

ბავშთა და ახალგაზრდობის ერვნული ცენტრის გარდა, ტელეკომპანია  ,,რუსთავი 2“ – სა და ორ ფიტნეს დარბაზში ვმუშაობ მწვრთნელად. სამი დღე ,,სნეპში“  ვარ დაკავებული, რომელიც ყაზბეგის 24 ნომერში მდებარეობს და ორი დღე საავიაციო ქარხანასთან მდებარე ,,ფიტნეს 31“ – ში ვმუშაობ. ერთი ბიჭი, რომელსაც ვავარჯიშებდი, 162 კილო მოვიდა დარბაზში. დღეს კი 83 კილოგრამს იწონის. ამბობს, რომ მისი ცხოვრება შევცვალე და მიხარია, თუ ეს შევძელი. მხოლოდ ფულის აღებაზე არ ვარ ორიენტირებული, ამიტომ ვერ გეტყვით, რომ ლმობიერი მწვრთნელი ვარ. მირჩევნია ვარჯიშის მსურველმა დარბაზში იტიროს, მუხლებზე დადგეს და თქვას, რომ მეტი აღარ შეუძლია, ვიდრე შედეგი არ ჰქონდეს.

-ბოლო პერიოდში, სპორტში რა მიღწევები გაქვს?
-ოქტომბერში მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში ვმონაწილეობდი და გავიმარჯვე – მარჯვენა ხელში მსოფლიო ჩემპიონი გავხდი.

pepper.ge