მთავარი აქტუალური თემა ბიზნესი სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი მატრასების საწარმო

სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი მატრასების საწარმო

ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცა, თბილისთან ახლოს მატრასებს ამზადებს (მოგეხსენებათ, სიმბოლურ ფასად ტერიტორიის შეძენისას, მიწის მფლობელს ინვესტიციის ვალდებულება ეკისრება).

1 ლარად შეძენილ მიწის ნაკვეთზე არსებული საწარმოს 65%-ს თურქი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენები ფლობენ, დანარჩენი 35%-ის მფლობელი კი ქართველი გახლავთ. ამჟამად, კომპანია ყოველთვიურად 1500 მატრასს ამზადებს. პროდუქციას საქართველოში და საზღვარგარეთ (აზერბაიჯანი, აშშ…) ყიდიან. მატრასების საზღვარგარეთ გატანა კომპანიის შემოსავალზეც და პრესტიჟზეც დადებითად მოქმედებს.

წარმოებისთვის საჭირო უმაღლესი ხარისხის მასალა (მეტალი, ქეჩა, ტყავი და ა.შ.) თურქეთიდან და ჩინეთიდან ჩამოაქვთ. ჯერ რკინისგან კარკასს ამზადებენ, რომელზეც ზამბარებს და ქეჩას ამაგრებენ. შემდეგ კერავენ და სპეციალური დანადგარის საშუალებით, პარკებში ფუთავენ.

ეს სამუშაო დარგი საქართველოში ისეთი არაპოპულარულია, რომ ქართველ სპეციალისტებს იშვიათად შეხვდებით. საწარმოს თანამშრომლები ძირითადად, აზერბაიჯანლები არიან. მფლობელები მიიჩნევენ, რომ ამ სფეროში მუშაობა ქართველებს ნაკლებად გამოსდით, თან – ზარმაცობენ და დაკისრებულ მოვალეობებს უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან (სამუშაოს დათქმულ დროში ვერ ასრულებენ).

თანამშრომლების საშუალო ხელფასი 600 ლარია. მათთვის დანადგარების გამართულ მუშაობაზე ზრუნვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვალეობა გახლავთ. საწარმოში დანადგარები ჩინეთიდან გარანტიითაა ჩამოტანილი, თუმცა ევროპულ სტანდარტებს სრულებით აკმაყოფილებს.

მატრასის ფასი 50 ლარიდან იწყება. ზოგი საკმაოდ სოლიდური თანხაც ღირს. კომპანიაში შეკვეთებს ხშირად სასტუმროებისგან იღებენ, თუმცა ფეშენებელური სასტუმროები ISO სერტიფიკატს ითხოვენ, რომელიც საწარმოს ჯერ არ გააჩნია. მფლობელების თქმით, საწარმო 2016 წელს გაიხსნა და საჭირო სერტიფიკატის მოპოვებას დიდი ძალისხმევა სჭირდება.

საქართველოში აშენებული საწარმო მალე, მასშტაბის გაზრდასთან ერთად, თანამშრომლების მატებას გეგმავს. სავარაუდოდ, პერსონალის რაოდენობა 35-დან 100-მდე გაიზრდება. მატრასები რუსეთში, რუმინეთსა და გერმანიაშიც გაიყიდება.

Pepper