მთავარი აქტიური ცხოვრება პიროვნება მასტერი: „გოგონების გაცნობა მანქანაში უფრო მიმარტივდება“

მასტერი: „გოგონების გაცნობა მანქანაში უფრო მიმარტივდება“

ქართველი, თბილისელი, რეპერი ბიჭი – გიორგი პავლიაშვილი ვარ. ჩემი საქმე სიგიჟემდე მიყვარს.

ბოროტი არ ვარ – ბოღმის გულში ჩადება არ მიყვარს.

15 წლის ვიყავი, როცა ფსევდონიმად „მასტერი“ ავირჩიე. ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“ (Мастер и Маргарита) ძალიან მომწონდა. ამას ის ფაქტიც დავუკავშირე, რომ ჩემი ძმაკაცი, რომლისთვისაც მუსიკას ვწერდი, მეუბნებოდა: კლავიშის „მასტერი“ ხარ, რა მაგრად უკრავო. შემდეგ, რეპერობა რომ დავიწყე, ძმაკაცმა მითხრა: „მასტერი“ დაირქვი, მე ხომ ასე გეძახიო?

ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, როცა 4-5 წლის ვიყავი. დედასთან ვიზრდებოდი, მაგრამ მამის ყურადღება არ მომკლებია.

საშუალო შეძლების ოჯახში გავიზარდე: ვერ ვიტყვი, ძალიან მდიდრები ვიყავით ან პირიქით – მატერიალურ სიდუხჭირეში ვცხოვრობდით-მეთქი. კრიზისული პერიოდები გვქონია, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა.

„შეგინებული ხარ!“ – ასე ვამბობდი, როცა ბავშვობაში ვინმეს შეგინებას მთხოვდნენ. ვერ ვიტან, როცა ბავშვს გინებას ასწავლიან. ჯიუტი და უზრდელი ბავშვი არ ვყოფილვარ.

ამერიკაში 2 წელი გავატარე – სკოლა იქ დავამთავრე. რეპის სიყვარულს იქ ვეზიარე. გავიგე, რა არის დამოუკიდებელი ცხოვრება, რადგან ამერიკელების ოჯახში ვცხოვრობდი. ვფიქრობ, ამერიკამ ჩემზე ძლიერი  ზეგავლენა მოახდინა. ერთ-ერთ სიმღერაში ვამბობ: „მეც ვნახე ევროპა, მეც ვნახე ამერიკა, მაგრამ ჩემს შეყვარებულს არ ჰქვია ნიკა…“ ხომ ხვდები? რა თქმა უნდა, ამერიკამ თავისებურად, კარგი გაგებით, შემცვალა.

„არასდროს“ – ამ სიმღერაში ჩემი აზრი დავაფიქსირე: შოუბიზნესში, ისეთ წრეში მოხვედრა ხშირად მიწევს, სადაც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებიც არიან; ბარში მეგობართან ერთად მჯდომსაც დამინახავს ადამიანი, რომელიც ვიცი, რომ გეია. მათ მიმართ აგრესიის გრძნობა არასოდეს გამჩენია. უბრალოდ, ასეთი ტიპები ქუჩაში რომ გამოდიან და საჯაროდ ამბობენ, თითქოს ჩვეულებრივი ამბავია, როცა კაცი კაცს კოცნის, არ მსიამოვნებს. ჰომოსექსუალების წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყო? ეს მათი არჩევანი თუ პრობლემაა და არ მაინტერესებს, ვინ ვისთან წევს.

ბევრი კლუბი და ბარი ვიცი, სადაც არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანები იკრიბებიან. არასოდეს გამიგია, რომ მათი სექსუალური ორიენტაციის გამო, კლუბში ვიღაცები შევარდნილიყვნენ და იქაურობა დაერბიათ. თუ ჩხუბი მომხდარა, მიზეზი სულ სხვა რამ ყოფილა. ზუსტად ვიცი, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია, რამდენი ტრანსგენდერის მკვლელობა მოხდება, რომ მერე მანიპულაციისთვის გამოიყენონ და უფრო მეტი გრანტი მიიღონ.

იურისტი რეპერი ვარ. სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლა მინდოდა, მაგრამ ალბათ, მამის გავლენით, იურიდიულზე ჩავაბარე. თან, მაშინ მცირე ასაკის ვიყავი. მაგისტრატურაში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ვისწავლე. არც ერთი პროფესიით არ მიმუშავია, თუმცა ვფიქრობ, ბიზნესის მენეჯმენტში მიღებულ განათლებას უფრო გამოვიყენებ.

პირველი ჰიტი? პირველივე კლიპს – „მომე“, რომელშიც ვმონაწილეობდი, წარმატება ხვდა წილად. ჩემთვის წარმატებული ჯერ მხოლოდ იმიტომ იყო, რომ ცნობილ რეპერებთან – კაბუსთან და ძვალთან ერთად დამწყებმა ვიმღერე. შემდეგ ეს სიმღერა მართლა ჰიტად იქცა – ხალხს უყვარდა, მღეროდა… ისე დაემთხვა, რომ ჩემი მეორე კლიპიც – „არ მიყვარხარ“ გაჰიტდა. გამიმართლა. ნამდვილად არ ველოდი. მაშინ 16 წლის ვიყავი.

„დამსინა“ ჩემი ყველაზე დიდი ჰიტია. ეს კლიპი უკვე იმდენმა ადამიანმა ნახა, რომ ამაყად შემიძლია ვთქვა – ინტერნეტში ყველანაირი რეკორდი მოვხსენით: კლიპს ყველაზე მცირე დროში (6 თვეში) ყველაზე ბევრი (6 მილიონი) „ნახვა“ აქვს. ამ სიმღერის წარმატება სიტყვებმა – „მაინც „დამსინა“ ამ ბოსის შვილმა“ გამოიწვია. ასევე, ჩემმა მანერულმა სიმღერამ. სულ მინდოდა, რეგის სტილში ძალა მომესინჯა. მგონი, ძალიან მაგარი გამოვიდა. კლიპის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ნუკი კოშკელიშვილი გახლავთ, რომელმაც როლი შესანიშნავად მოირგო. ნუკი ძალიან კარგი, უშუალო გოგოა.

„ბოსის შვილს“ „დავუსინივარ“ თუ არა? სხვათა შორის, მწერენ ხოლმე – არ გვჯერა, შენ ვინ „დაგსინავდაო“?! რა თქმა უნდა, ეს ასე არაა. ყოფილა შემთხვევები, როცა გოგოსთვის მიმიწერია და არ უპასუხია – „დავუსინივარ“. მეორედაც მიმიწერია, მესამედაც… გადაკიდება არ მჩვევია, მაგრამ 1-2-ჯერ მაინც მივწერ ხოლმე. სიმღერის – „დამსინა“ გამოსვლის შემდეგ, მგონი, გოგონებს ეშინიათ, „ბოსის შვილების“ კატეგორიაში არ „გავიდნენ“ და ნაკლებად „მსინავენ“.

დედის მხარდაჭერის გარეშე ამდენს ვერ მივაღწევდი ჩემთვის დედა ყველაზე დიდი მოტივატორია: რეპის სფეროში მუშაობის დაწყების დღიდან, ის ყოველთვის გვერდით მედგა. მამას რაც შეეხება, თავდაპირველად, ჩემს რეპერობას ცოტა „ისე“ უყურებდა. შემდეგ, როცა ძმაკაცებმა უთხრეს – რა მაგარი ბიჭი გყავს, მის სიმღერებს რადიოში ვუსმენთ ხოლმეო,  სხვანაირ მუღამში შევიდა. დღეს უკვე მწერს: აუ, ის რა მაგარი სიმღერაა, გადმომიგზავნეო და ა. შ. ასე რომ, მამა ყოველთვის გვერდით მედგა, როგორც მორალურად, ასევე – მატერიალურად.

პაემანზე წასასვლელად განსაკუთრებულად არ ვემზადები. ვცდილობ, მანქანა გავრეცხო. „ხაზგასმით“ მომზადება არც ტელეგადაცემებისთვის მიყვარს.

ცოტა ინტიმურად არ გამიგოთ, მაგრამ გოგონების გაცნობა მანქანაში უფრო მიმარტივდება. მანქანაში საუბარი ძალიან მომწონს.

ბიჭებს ვურჩევ, რომ პირველ პაემანზე გოგო კინოში არ წაიყვანონ: იქ ფილმს უნდა უყუროთ – ვერ ილაპარაკებთ და დრო უაზროდ გავა. ერთმანეთს კარგად რომ გაიცნობთ, კინოში მერე წადით.

ყველაზე მეტად მომწონს, როცა გოგოს ან კოლჰოტი აცვია, ან – გეტრები.

ვერ ვიტყვი, რომ მატერიალურად ბოლომდე დამოუკიდებელი ვარ – მამა გვერდით მიდგას, მაგრამ გარკვეული შემოსავალი მაქვს: კონცერტებიდან, კორპორატიული საღამოებიდან, ქორწილებიდან…

ქორწილში სამღერად ხშირად მიწვევენ და მივდივარ კიდეც. ამის თქმა არ მეთაკილება ახალგაზრდებს უნდათ, რომ მათი საყვარელი შემსრულებელი ქორწილში მივიდეს, რა პრობლემაა? ჯეიზი და სნუპ დოგიც დადიან ქორწილებში და მღერიან. მთავარია, ჩემს რეპერტუარს არ ვცვლი.

სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობა ბევრჯერ მქონია, მაგრამ ვგრძნობდი – ქორწილით, სერიოზული გადაწყვეტილებით არ დაგვირგვინდებოდა. ერთ ადამიანთან 2 წელიც ვყოფილვარ, წელიწად-ნახევარიც… დარწმუნებული ვარ, ჩემს ადგილას სხვები იტყოდნენ, რომ ბევრჯერ უყვარდათ, მე კი ჩემს გრძნობებს ზუსტად ვაკონტროლებ.

შეყვარებული მხოლოდ ერთხელ ვიყავი და მეგონა, „ის“ ერთადერთი იყო…

გემრიელ კერძებს ვამზადებ. გოგონები ამბობენ ხოლმე, – უი, საჭმლის მომზადება არ შემიძლია, რადგან სახლში ამის გაკეთება არ მიწევსო. შინ საჭმლის მომზადება მეც არ მიწევდა – დედაჩემი კერძებს შესანიშნავად ამზადებს, მაგრამ ადამიანს მუღამი უნდა გქონდეს, რომ მეგობრებთან ერთად, რაღაც გააკეთო.

ფეხბურთს 8 წელი ვთამაშობდი. შესაბამისად, „ბურთის გაგორება“ შემიძლია.

სულ ამას ვამბობ – ჩემი „ფეისბუკი“ არის ჩემი ტელევიზია-მეთქი, რადგან სატელევიზიო შოუებში ჩემი სიმღერის პრემიერაზე უარი იმდენჯერ მითხრეს, რომ ბოლოს „დავიკიდე“. ახლა კლიპი პრემიერისთვის ტელევიზიაში მეც აღარ მიმაქვს –  ამაში აზრს ვერ ვხედავ, რადგან „ფეისბუკზე“ 127 ათასზე მეტი გამომწერი მყავს, „იუთუბზე“ კი – 30 ათასი.

დღეში 400-მდე წერილს ვიღებ და რასაც ვხსნი (დაახლოებით, 20-30 შეტყობინებას), ყველას ვპასუხობ. ინტერნეტი მსმენელთან ახლო კონტაქტის ყველაზე მარტივი გზაა.

დიდი ფინანსური შემოსავალი მექნებოდა, რუსეთშიც ისეთი პოპულარული რომ ვიყო, როგორიც საქართველოში ვარ. იქ რუსულენოვან ალბომზე ვმუშაობ. ასევე, კლიპმეიკერიც გახლავართ – მომღერლებს კლიპებს ვუღებ. ქართველი მსმენელებისთვის ყურადღება არ მომიკლია, პირიქით – რაც რუსეთში წავედი, უფრო მეტი ქართულენოვანი კლიპი გადავიღე.

მაისის დასაწყისში გამოდის ჩემი მუსიკალური ალბომი, სახელწოდებით „მონოლოგი“. ალბომში არის 20 სიმღერა, მათ შორის 5 – სრულიად ახალია რომელიც ჯერ არავის მოუსმენია და ინტერნეტშიც კარგა ხანს არ განთავსდება. დანარჩენი 15 სიმღერა ცნობილი ჰიტია. მე ჩემს მსმენელებს ყოველთვის კომფორტს ვუქმნი და არც ახლა იქნება გამონაკლისი: მათ შეეძლებათ, ტელეფონზე დარეკვით სახლში გამოიწერონ ალბომი, რომელსაც კურიერი მიუტანს. სიურპრიზად რამდენიმე მათგანს პირადად მივუტან და სამახსოვრო „სელფსაც“ გადავიღებთ.

ავტორი: ეთო ყორღანაშვილი
ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე

pepper.ge