მთავარი პიროვნება პიროვნება მარინა ბურდული: „მოდი თეატრში,  მე ხომ შენს სათქმელსაც ვამბობ?!“

მარინა ბურდული: „მოდი თეატრში,  მე ხომ შენს სათქმელსაც ვამბობ?!“

გულწრფელად გეტყვით, არ ვიცი, მსახიობის პროფესია ჩემთან „საიდან მოვიდა“, მაგრამ მახსოვს, რომ ბავშვობიდან  მიყვარდა თეატრი, სცენა, კინო… ბავშვობაში სულ ვთამაშობდი, თითქოს რეჟისორმა მასწავლებლის, ექიმის, მუსიკოსის როლი მომცა და დავალებებს სარკის წინ გულმოდგინედ  ვასრულებდი. საკუთარ თავს აპლოდისმენტებსაც ვუძღვნიდი ხოლმე. მეგონა, დედამიწის ზურგზე, ყველაზე კარგად ვითამაშე ის როლები, რომელიც „დამავალეს“. ალბათ, ასე ფიქრს ისიც მიმძაფრებდა, რომ შენიშვნას არავინ მაძლევდა. მსახიობობის გარდა, სხვა პროფესიაზე არც მიოცნებია. მიხარია, რომ მიზანს მივაღწიე.

ბათუმში, იმ დროს ჩემთვის უცხო ქალაქში, სრულიად მარტო ჩამოვედი. გამიმართლა, რომ  ბატონ გიზო ჟორდანიას ჯგუფში მოვხვდი, რაც ჩემთვის დიდი გამარჯვება და იმავდროულად, გამოწვევა იყო. ბათუმში ჩამოსვლამდე, ძალიან დიდ პრობლემებს გადავაწყდი: როცა ჩემი ოჯახის წევრებმა გაიგეს, რომ სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება მინდოდა, ათას არგუმენტს მისახელებდნენ, რის გამოც მსახიობი არ უნდა გავმხდარიყავი. ჩემი გადაწყვეტილება მშობლებისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა. ოღონდ მსახიობი არ გავმხდარიყავი და თუნდაც, მაღაროში მემუშავა – უარს არ მეტყოდნენ.

გამოვაცხადე, რომ ჩემს პრინციპებს არ ვუღალატებდი, მატარებლის ბილეთები სრულიად მარტომ ავიღე, ტანსაცმელი ერთ ჩემოდანში ჩავალაგე და სახლიდან წამოვედი. ოჯახში მითხრეს, რომ თუკი ბათუმში წავიდოდი, არ დამაფინანსებდნენ – მგზავრობისა და ბინის ქირის ფულს არ მომცემდნენ, ჩემზე არ იზრუნებდნენ და სრულიად მარტო დავრჩებოდი. მიუხედავად ამისა, იმ პროფესიაზე უარი არ მითქვამს, რომელიც ბავშვობიდან მიყვარდა და მინდოდა. ვიცოდი, არაერთი სირთულე შემხვდებოდა. ისიც გაცნობიერებული მქონდა, რომ შესაძლო იყო, მშიერიც კი დავრჩენილიყავი, რადგან მოგეხსენებათ, მსახიობის შემოსავალი სახარბიელო არასდროს ყოფილა. უკან ერთი ნაბიჯითაც არ დამიხევია. ვიცოდი სად და რატომ მივდიოდი; ვიცოდი, რომ ყველაზე მეტად ის საქმე მიყვარდა, რომელიც იმედგაცრუებებით, სევდით და ტკივილით არის სავსე, მაგრამ ამავდროულად, ადამიანს დიდი სიხარულით გავსებს და მოდუნების საშუალებას არ გაძლევს.

ჩემთვის ბათუმი ისეთი უცხო იყო, რომ არ დაგიმალავთ – მართლა არ ვიცოდი, ზღვა მარჯვნივ იყო თუ მარცხვნივ ან სად მდებარეობდა ინსტიტუტი, რომელშიც საგამოცდო საბუთები უნდა შემეტანა. მახსოვს, გამოცდებს როცა ვაბარებდით, ჩემს გარდა, ახლობლები ყველას ელოდებოდნენ, მე კი – გამოცდის წარმატებით ჩაბარების სიხარულიც მარტომ ვიზეიმე.

მსახიობობასთან ჩემი პირველი შეხება უსიტყვო ეტიუდებით დაიწყო. ჩემთვის ეს ისეთი რთული აღმოჩნდა, რომ ერთი პერიოდი, შემეშინდა კიდეც. საკუთარ თავს გავუბრაზდი – ეს პროფესია ასეთი რთული თუ იყო, რატომ ავირჩიე-მეთქი? თანდათან ეს შიში სადღაც გაქრა. ამ პროფესიას ერთხელ თუ გაუგებ „გემოს“, შემდეგ დაუძლეველი არაფერი აღარ გეჩვენება.

პირველი სპექტაკლი – „თოლია“ მესამე კურსზე დავდგით, რომელშიც მსახიობი ქალის როლი უნდა შემესრულებინა. მესამე კურსელისთვის ეს დიდი გამოწვევა იყო. მახსოვს, ფარდა გაიხსნა, წუთი-წუთზე სცენაზე უნდა გავსულიყავი, როცა აღმოვაჩინე, რომ ტექსტი აღარ მახსოვდა. ბატონი მერაბ ლებანიძე (ვინც სპექტაკლზე გვამუშავებდა) ბატონი გიზოს ასისტენტი გახლდათ. მივუბრუნდი და ვუთხარი: – სცენაზე ვეღარ გავალ-მეთქი. თავისკენ მიმიზიდა და მხოლოდ ეს მითხრა: – თუკი მაყურებლებს სწორედ ახლა არ დაუმტკიცებ, რომ ძლიერი ხარ და სცენაზე თამაში შეგიძლია, არც შემდეგი მცდელობისას გამოგივა რამეო. ის წამი საუკუნედ მომეჩვენა, მაგრამ სცენისკენ ფეხი გადავდგი თუ არა, მღელვარება გამიქრა. შიში სულ დამავიწყდა  და მივხვდი, რომ ეს ნამდვილად ის საქმეა, რაც ყველაზე მეტად მიყვარს.

ასე თუ ისე, ყველა როლი საინტერესოა. მათში მსახიობი რაიმე ახალს აუცილებლად აღმოაჩენ, ხანდახან საკუთარ თავსაც დაინახავ. მიხვდები, თუ როგორი უნდა იყო ან პირიქით… ახალ როლებზე მუშაობა ძალიან საინტერესოა. ვგიჟდები, ეს პროცესი ისე მიყვარს!.. ვცდილობ, თითეული პერსონაჟის როლში ბოლომდე შევიდე, საკუთარი თავი მის ადგილას წარმოვიდგინო, მისი ტკივილი თუ სიხარული ბოლომდე გავითავისო, რადგან მაყურებლების წინაშე აბსოლუტურად გულწრფელი წარვსდგე. მაყურებლები ტყუილს არასდროს გპატიობენ. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები „ვიტყუებით“, ისინი თვალებში გვიყურებენ და მზერით გვეუბნებიან, რომ ამ ტყუილით მათ ყველაზე დიდი სიმართლე მოვუყევით.

უკვე 13 წელია, რაც ილია ჭავჭავაძის სახელობის, ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ვარ. 20-ზე მეტ სპექტაკლში ვმონაწილეობდი. დღესაც მენატრება სპექტაკლი – „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“, ასევე – „ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით“. ამ უკანასკნელში ნათამაშებმა როლმა ჩემს ცხოვრებაში და პროფესიაში დიდი და გარდამტეხი როლი ითამაშა, ძალიან „გამზარდა“. კიდევ, ძალიან მიყვარს სპექტაკლები: „ქორწინება“, „უფრო ახლოს“, „სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისაო“.

ჩემთვის არ არსებობს ერთნაირად ნათამაშები ერთი და იგივე როლი. სცენაზე ყოველი მომდევნო თამაშისას ვცდილობ, რომ ჩემი პერსონაჟის ფიქრებს უფრო სხვანაირად ჩავწვდე, დავინახო, გავითავისო და მაყურებლამდე „მივიტანო“. თეატრი საინტერესო ზუსტად იმიტომ არის, რომ ის  „ცოცხალი ორგანიზმია“. მსახიობი მაყურებლების წინაშე გადიხარ და რამდენიმე წუთში, მათ თვალწინ სულ სხვა ადამიანად გარდაიქმნები.

მსახიობები დღე და ღამე ვმუშაობთ. ხან გვშია, ხან – გვწყურია, ხან – კარგ ხასიათზე ვართ, ხან – ცუდზე… ჩვენი პირადი განცდები არავის აინტერესებს. ვცდილობთ, მაყურებლებს ის შევთავაზოთ, რასაც ჩვენგან ელოდებიან. მათი ემოცია დიდი ენერგიით გვავსებს. ამას მსახიობები ძალიან მძაფრად აღვიქვამთ და ვგრძნობთ. დარბაზში 10 ადამიანიც რომ იჯდეს და ემოციურად ზუსტად მოგვყვებოდეს, მსახიობები ამას ვგრძნობთ და ვცდილობთ, ჩვენი როლი ისე ვითამაშოთ, როგორც არასდროს.

გული მწყდება, რომ დღეს თეატრს მაყურებელი აკლია. როგორც უფროსი თაობის მსახიობები იხსენებენ და ბავშვობიდანაც მახსოვს,  რომ თეატრები ხალხით გადაჭედილი იყო – თავისუფალ ადგილს ვერ ნახავდით. ეგ კი არა, ისეთი ადამიანებიც იყვნენ, ვინც თეატრისთვის კაბებს სპეციალურად იკერავდნენ. სამწუხაროდ, დღეს ახალგაზრდების უმრავლესობა თეატრში არც დადის და არც მისი  მნიშვნელობა და დატვირთვა იცის.

მოდი თეატრში და მომისმინე, რას ვამბობ. სპექტაკლი მხოლოდ ჩემს სათქმელს როდი ამბობს? პირველ რიგში, ის შენს სათქმელს ამბობს, მაყურებელო! უბრალოდ, მე მაქვს ის პრიორიტეტი, რომ სცენაზე ვდგავარ და ამ ყველაფერს ხმამაღლა ვამბობ. რაც მაყურებელს უჭირს, სტკივა და განიცდის, მეც იმავეს ვგრნობ. ამიტომ საჭიროა, ერთად დავსხდეთ და სათქმელი ერთმანეთს გავუზიაროთ. თეატრში სიარული მოდური კი არ უნდა იყოს, ეს ისევ ადამიანის სულიერი მოთხოვნილება უნდა გახდეს. მერწმუნეთ, თეატრში ყოფნა ერთ-ერთი სასიამოვნო  თერაპიაა.

არ გაქვთ ბილეთის ფული? მერწმუნეთ, არც ეგ არის პრობლემა: თუ ახალგაზრდა გვეტყვის, რომ სპექტაკლზე დასწრება უნდა, კარს პირველი მე გავუღებ და შემოვუშვებ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება, მეტმა მაყურებელმა ნახოს და შეაფასოს ის, რის გამოც ღამეებს ვათენებთ და რაშიც უდიდეს ძალასა და ენერგიას „ვდებთ“.

ასაკის მატებასთან ერთად, უფრო ვუფიქრდები და მაწუხებს, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. აგრესიის შემცველი ის ინფორმაცია „მტკივა“, რასაც ბოლო დროს ვუსმენთ ან თუნდაც, სოციალურ ქსელში ვკითხულობთ. გული მიკვდება… მართლა ვერ ვხვდები, ადამიანებს ამდენი ბოღმა, შური, აგრესია საიდან აქვთ? ეს რატომ დაგვემართა? სამწუხაროდ, პასუხი არ მაქვს…

მე დედა ვარ. სწორედ ამიტომ  ჩემი  პირველი როლი  და  ცხოვრების მთავარი მიზანი ის არის, რომ კარგი შვილის გამზრდელი, სამაგალითო დედა და შვილისთვის კარგი მეგობარი ვიყო. ბედნიერი ვარ, რომ საბა ძალიან კარგი ბიჭია. ჩემი პირველი შემფასებელი სწორედ ის გახლავთ თითოეული სპექატაკლის შემდეგ,  ზედმიწევნით ჩამომითვლის, სად რა შემეშალა, არასწორი ნაბიჯი როდის გადავდგი და ა. შ. უყურადღებოდ არც ერთი შეცდომა არ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ თეატრს ვერ იტანს, ყველაზე უკეთ მაინც მას ესმის ჩემი…

წინათ მეგონა, რომ 36 წლის ადამიანი უკვე ასაკოვანი იყო, მაგრამ ახლა, როცა ამ ასაკის თავად ვარ, მეღიმება და ვხვდები – ასაკთან დაკავშირებით, როგორი მცდარი წარმოდგენა მქონია. ადამიანი იმდენი წლის ხარ, რამდენადაც შინაგანად გრძნობ თავს.

მინდა, ადამიანებს ერთმანეთი გვიყვარდეს და მხარში ამოვუდგეთ, რადგან განსაცდელისგან ჩვენი ხსნა მხოლოდ სიყვარულს და თანადგომას შეუძლია. ერთმანეთთან მართლები უნდა ვიყოთ, სიმათლე კი ყოველთვის გვიჩვენებს, დასახული მიზნების განსახორციელებლად, რომელი მიმართულებით უნდა ვიაროთ…

ავტორი: ნანა აბულაძე
ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე